GITA - სა და StrategEast-თან პარტნიორობით, NVIDIA AI სტარტაპებისთვის საინფომრაციო შეხვედრას გამართავს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და StrategEast (სთრათეჯისთი) NVIDIA-თან თანამშრომლობით, AI სტარტაპებს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე ეპატიჟება. StrategEast-ის (სთრათეჯისთის) მორიგი მნიშვნელოვანი ინიციატივა სტარტაპებს დაეხმარება ბიზნესისა და პროდუქტის განვითარებაში.
NVIDIA-თან შეხვედრა 30 ივლისს, 5 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, სადაც საუბარი იქნება NVIDIA-ს პროგრამებსა და მასში გაწევრიანების შესაძლებლობებზე. შეხვედრის მოწვეული სტუმარი NVIDIA-ს წარმომადგენელი ანდრეი გოლფეტო სტარტაპებს NVIDIA Inception-ის გლობალურ პროგრამას გააცნობს, რომელიც განკუთვნილია AI პროდუქტებზე მომუშავე სტარტაპებისთვის, მასში გაწევრიანება უფასოა.
NVIDIA Inception-ის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს:
StrategEast წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას ცენტრალური ევრაზიის ქვეყნებში. ორგანიზაცია თანამშრომლობს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, სამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორთან, რეგიონში ინოვაციური პოტენციალის განვითარებისა და რეგიონის გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან ინტეგრაციის მიზნით.
ღონისძიებაზე დასწრების სარეგისტრაციო ბმული
https://t1z9b.share.hsforms.com/2Rd2JrZl6RDiMYEISnwd1zg
სხვა სიახლეები
2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი ₾4.5 მილიარამდე გაიზარდა, შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული | Galt & Taggart
31.12.2025.04:01
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს ,,IT სექტორი საქართველოში", რომლის თანახმადაც ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) სწრაფი ტემპით გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი გახდა. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ექსპორტზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომსახურების ექსპორტში. 2024 წელს ICT ექსპორტმა 842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 10.9% იყო. 2025 წლის 9 თვეში ICT ექსპორტი წლიურად 52.3%-ით გაიზარდა და 898 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 14.0%-ს შეადგენდა.
ICT სექტორის ზრდაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი IT ქვე-სექტორია. 2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.1-ჯერ აღემატებოდა. შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს IT სერვისების ექსპორტი წლიურად 9.2%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო IT კომპანიის შედარებით სუსტ შედეგებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, მცირე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ზრდის ფონზე, სექტორის საერთო ბრუნვა 2024 წელს 48.8%-ით გაიზარდა.
IT სექტორის ზრდისა და ექსპორტის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო კომპანიებია, რასაც დიდწილად ხელი შეუწყო 2020 წელს საგადასახადო შეღავათების შემოღებამ. შედეგად, საქართველოს IT სექტორი მცირე, ლოკალური დარგიდან საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბდა. სექტორის ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წელს, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საერთაშორისო IT კომპანიებისა და სპეციალისტების რელოკაციის შედეგად.
საერთაშორისო კომპანიებისა და კვალიფიციური კადრების შემოსვლამ IT სექტორში ხელფასების დონე გააორმაგა 2020-24 წლებში, რის შედეგადაც ეს სფერო კარიერულად განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. მაღალი ანაზღაურებისა და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების ფონზე, IT განათლებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა – საქართველოში ამჟამად 21 უნივერსიტეტში 12,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
IT კურსდამთავრებულების მზარდი მიწოდების პარალელურად, ადგილობრივ დასაქმების პლატფორმებზე IT სპეციალისტებზე მოთხოვნა შესუსტდა, რაც რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI-ის) ფართო დანერგვამ განაპირობა. მეორეს მხრივ, ქართველი IT სპეციალისტების საერთაშორისო ჩართულობა გაიზარდა – GitHub-ზე საქართველოდან რეგისტრირებული დეველოპერების რაოდენობა 2024 წელს წლიურად 22%-ით გაიზარდა და 138.3 ათასს მიაღწია.
IT სექტორის გლობალიზაციისა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციის ფონზე, გლობალურ ტენდენციებთან ადაპტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამუშაო ძალის სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. AI-ის მიერ საბაზისო ამოცანების ავტომატიზაციის შედეგად, მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება მაღალი სპეციალიზაციის მქონე კადრებსა და AI-სთან დაკავშირებულ პოზიციებზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაოს შესრულება თანაბრად გადანაწილდება ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის, რაც კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უწყვეტი გადამზადების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.
საგადასახადო შეღავათების გარდა, საქართველოს კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს ინტერნეტის შედარებით დაბალი ღირებულება და ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირებული ინტერნეტ ინფრასტრუქტურა კვლავ ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებს, მობილური ინტერნეტის სიჩქარე 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალს უსვამს ხაზს.
საერთო ჯამში, IT სექტორის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია, კვალიფიკაციის ამაღლება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალოვადიან პერიოდში.