GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები შიდა ქართლის რეგიონში ცნობილია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები შიდა ქართლის რეგიონში გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტები:
• AI IA - პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინდივიდუალურად მორგებული სწავლების გამოცდილება. აპლიკაცია, ჩაშენებული AI-ს მხარდაჭერით, განავითარებს მოსწავლეების აკადემიურ შედეგებს, გაუმარტივებს რთული თემების ათვისებასა და უზრუნველყოფს სწავლების მოქნილ, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატს.
• Cordica - სტარტაპი მიზნად ისახავს კარდიოგრამების ანალიზის პროცესის ავტომატიზაციას AI-ის გამოყენებით, რაც 99%-ით აჩქარებს ანალიზის დროს, ამცირებს ადამიანური შეცდომის რისკებს 90%-ით, ამარტივებს ექიმების სამუშაოს და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის კლინიკურ გადაწყვეტილებებს პაციენტების სიღრმისეული შეფასებისთვის
• Hatch - სტარტაპის მთავარი ამოცანაა კომპანიებსა და ორგანიზაციებს დაეხმაროს ახალი თანამშრომლების სწრაფ და ეფექტიან ინტეგრაციაში. საქართველოში, სადაც მრავალი ბიზნესი ჯერ კიდევ ტრადიციული მიდგომებით ახორციელებს ტრენინგებს, გუნდის მიზანია შეიქმნას ინოვაციური, ხელმისაწვდომი და ქართული რეალობისთვის მორგებული AI ინსტრუმენტი.
• Kalme - სტარტაპის მიზანია ინტერაქტიული პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს ქართულ-უცხოურ წიგნებს, კომიქსებს, თამაშებსა და საგანმანათლებლო ელემენტებს, მომხმარებელთა ჩართულობის და გააზრების გასაზრდელად.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 6 რეგიონში და გამოვლინდა 23 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია
14.04.2026.17:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.