GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში ცნობილია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტები:
• lelogen-ის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვთა რაგბის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და, როგორც Live რეჟიმში ასევე თამაშის შემდგომ, მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი.
• Job Stalker - პროექტის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დაეხმარება სამსახურის მაძიებლებს, გააუმჯობესონ სამუშაოს მოძიების პროცესი, ავტომატიზაციისა და AI ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს მათ, მარტივად იპოვნონ შესაფერისი სამუშაო ადგილი ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა LinkedIn, Indeed, Job.ge და სხვა.
• ნაბიჯი - პროექტის მიზანია, შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რეგიონებში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრული მარკეტინგის უნარების მქონე ახალგაზრდებთან, რითაც ხელს შეუწყობს ბიზნესების ონლაინ წარმომადგენლობის გაძლიერებას, გაყიდვების ზრდასა და ახალგაზრდების დასაქმებას რეგიონებში.
• Inko - პროექტის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს ინოვაციური AR პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, ვირტუალურად მოირგონ ტატუ სხეულზე, აღმოფხვრან შეცდომებისა და არასასურველი ტატუს გაკეთების რისკი. პლატფორმა ასევე აკავშირებს მომხმარებლებს ტატუ არტისტებთან და ტატუს სალონებთან.
• Sapioo - ინფორმაციის, განაცხადებისა და შეკვეთების მიღებისა და მათი დამუშავების ავტომატიზაციის B2B SaaS პლატფორმა. Sapioo-ზე მუშაობა გუნდმა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და დღეს უკვე MVP ვერსია ბაზარზეა.
• ქართულენოვანი დამხმარე ტექნოლოგიები უსინათლო პირებისთვის - პროექტის მიზანია საქართველოს ბაზარზე გაჩნდეს ქართულენოვანი, ხმოვანი მაჯის საათი უსინათლო პირებისთვის.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 11 რეგიონში და გამოვლინდა 42 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 10 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ყირგიზეთის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრები გამართა
27.04.2026.16:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ყირგიზეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, ინოვაციური ცენტრებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებთან.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ყირგიზეთის IT ჰაბის, მაღალი ტექნოლოგიების პარკისა და კრეატიული ინდუსტრიების პარკის (Ololo group) ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო ტექნოლოგიური პარკების ეფექტურ მართვას, IT ექსპორტის სტიმულირებასა და იმ ერთობლივი პროექტების ინიცირებას, რომლებმაც ორივე ქვეყნის ეკოსისტემა უნდა გააძლიეროს.
თანამშრომლობის აკადემიური მიმართულების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტის აკადემიურ საბჭოსთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე შედგა ყირგიზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.
დელეგაციის წევრები სახელმწიფო დაწესებულება „კიზმატისა“ (KYZMAT) და ღია სააქციო საზოგადოება „თუნდუკის“ (TUNDUK) ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვის მნიშვნელობას საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის პროცესში.
ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა.