GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები, აჭარის რეგიონში, ახალ ინტერაქციულ სივრცეში „სტარტაპ ბათუმი“ გამოვლინდნენ
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში გამოვლინდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ახლადგახსნილ ინტერაქციულ სივრცეში "სტარტაპ ბათუმი", რომელიც შექმნილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის - „მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი – ბათუმი: ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის-M4EG" ფარგლებში.
სივრცის ოფიციალური გახსნა საგრანტო პროგრამის დაჯილდოების ღონისძიებამდე შედგა. პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის, როგორც სტარტაპ დედაქალაქის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ეკოსისტემის გაძლიერებითა და ინოვაციური გარემოს განვითარებით. ახალი ჰაბის ერთობლივ მართვას უზრუნველყოფენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკი.
აჭარის რეგიონში საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებული პროექტებია:
• სულიკო AI - AI ხელსაწყო ეხმარება კომპანიებსა და სათარჯიმნო ბიუროებს დოკუმენტების თარგმნასა და თარგმნის ხარისხის შემოწმებაში.
• ქარსფეარი - პროექტის ფარგლებში იგეგმება ავტომობილების (ავტო პარკის) მენეჯმენტის სისტემის შექმნა, რომელიც დაეხმარება მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს საკუთარი ავტომობილების მონაცემების კონტროლში
• Courtmaster-ის მიზანია უზრუნველყოს ბავშვთა კალათბურთის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი
• კლიქს - სტარტაპი ეხმარება საშუალო და დიდი ზომის E-commerce და Retail კომპანიებს, კონვერსიის 30%-ით გაზრდაში, მარკეტინგული თამაშებისა და პროგნოზირებადი ავტომიზაციის სისტემით.
• ბაიტფოლიო - სტარტაპის მიზანია, რევოლუცია მოახდინოს კულინარიულ სფეროში, დინამიური პლატფორმის უზრუნველყოფით, რომელიც აკავშირებს ყველა დონის კულინარიის მოყვარულს.
• საზრისი/Sazrisi - პროექტის მიზანია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის და მათ აკადემიურ მოსწრებაზე მორგებული გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 11 რეგიონში და გამოვლინდა 42 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 10 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი ₾4.5 მილიარამდე გაიზარდა, შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული | Galt & Taggart
31.12.2025.04:01
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს ,,IT სექტორი საქართველოში", რომლის თანახმადაც ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) სწრაფი ტემპით გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი გახდა. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ექსპორტზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომსახურების ექსპორტში. 2024 წელს ICT ექსპორტმა 842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 10.9% იყო. 2025 წლის 9 თვეში ICT ექსპორტი წლიურად 52.3%-ით გაიზარდა და 898 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 14.0%-ს შეადგენდა.
ICT სექტორის ზრდაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი IT ქვე-სექტორია. 2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.1-ჯერ აღემატებოდა. შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს IT სერვისების ექსპორტი წლიურად 9.2%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო IT კომპანიის შედარებით სუსტ შედეგებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, მცირე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ზრდის ფონზე, სექტორის საერთო ბრუნვა 2024 წელს 48.8%-ით გაიზარდა.
IT სექტორის ზრდისა და ექსპორტის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო კომპანიებია, რასაც დიდწილად ხელი შეუწყო 2020 წელს საგადასახადო შეღავათების შემოღებამ. შედეგად, საქართველოს IT სექტორი მცირე, ლოკალური დარგიდან საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბდა. სექტორის ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წელს, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საერთაშორისო IT კომპანიებისა და სპეციალისტების რელოკაციის შედეგად.
საერთაშორისო კომპანიებისა და კვალიფიციური კადრების შემოსვლამ IT სექტორში ხელფასების დონე გააორმაგა 2020-24 წლებში, რის შედეგადაც ეს სფერო კარიერულად განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. მაღალი ანაზღაურებისა და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების ფონზე, IT განათლებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა – საქართველოში ამჟამად 21 უნივერსიტეტში 12,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
IT კურსდამთავრებულების მზარდი მიწოდების პარალელურად, ადგილობრივ დასაქმების პლატფორმებზე IT სპეციალისტებზე მოთხოვნა შესუსტდა, რაც რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI-ის) ფართო დანერგვამ განაპირობა. მეორეს მხრივ, ქართველი IT სპეციალისტების საერთაშორისო ჩართულობა გაიზარდა – GitHub-ზე საქართველოდან რეგისტრირებული დეველოპერების რაოდენობა 2024 წელს წლიურად 22%-ით გაიზარდა და 138.3 ათასს მიაღწია.
IT სექტორის გლობალიზაციისა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციის ფონზე, გლობალურ ტენდენციებთან ადაპტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამუშაო ძალის სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. AI-ის მიერ საბაზისო ამოცანების ავტომატიზაციის შედეგად, მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება მაღალი სპეციალიზაციის მქონე კადრებსა და AI-სთან დაკავშირებულ პოზიციებზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაოს შესრულება თანაბრად გადანაწილდება ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის, რაც კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უწყვეტი გადამზადების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.
საგადასახადო შეღავათების გარდა, საქართველოს კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს ინტერნეტის შედარებით დაბალი ღირებულება და ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირებული ინტერნეტ ინფრასტრუქტურა კვლავ ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებს, მობილური ინტერნეტის სიჩქარე 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალს უსვამს ხაზს.
საერთო ჯამში, IT სექტორის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია, კვალიფიკაციის ამაღლება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალოვადიან პერიოდში.