GITA - ს ორგანიზებით, ზუგდიდის ტექნოპარკში ჰაკათონი AgriHacks 2025 გაიმართა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, AgriHacks 2025 ჰაკათონის დემო დღე გაიმართა. ღონისძიებამ გააერთიანა ქვეყნის მასშტაბით ინოვატორები, დეველოპერები, აგრონომები, სტუდენტები, ინჟინრები, სოფლის მეურნეობით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები.
ჰაკათონის 70-მდე მონაწილე მთელი საქართველოდან, 36 საათის განმავლობაში, ზუგდიდის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებზე. დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 20 პროექტი კომისიის და პარტნიორი კომპანიების წინაშე წარადგინეს.
ჰაკათონის მთავარი გამარჯვებული და 10 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა გუნდი SmartField. პროექტი ჭკვიანი საყელო პირუტყვისთვის აერთიანებს მონიტორინგისა და კონტროლის ინოვაციურ სისტემას და აღჭურვილია GPS მოდულითა და სენსორებით, რომლებიც ზომავენ ტემპერატურას, პულსს და კვების ჩვევებს (კისერზე არსებული კუნთის დაჭიმულობის სენსორით). პროექტის AI ალგორითმი აანალიზებს პირუტყვის მოძრაობის, პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის მონაცემებს, რაც ფერმერებს თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ მართვაში ეხმარება.
ჰაკათონი მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის სფეროში წინასწარი კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; მთლიანობაში კი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.
ღონისძიების მთავარმა პარტნიორმა აგრიჯორჯიამ (ფერეროს თხილის კომპანია) მის რჩეულ ორ გუნდს გადასცა ფულადი პრიზები, 5-5 ათასი ლარის ოდენობით.
ჰაკათონის პარტნიორები იყვნენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო, ბაზისბანკი, კარტლისი, აგროსფერო, რომელთა დახმარებითაც რჩეულ სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცემათ რეალურად გატესტონ და დანერგონ საკუთარი პროდუქტები ბიზნეს პროცესებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია
14.04.2026.17:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.