GITA - ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკი ,,Smartstay ჰაკათონს“ უმასპინძლებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 26-27 ივლისს, თელავის ტექნოპარკში, ,,Smartstay ჰაკათონი" ჩატარდება. ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის სექტორით, აღნიშნულ სფეროში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (2-4 წევრიანი გუნდები). პროექტში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება: თბილისი-თელავი/თელავი-თბილისი.
პროექტის მონაწილეები, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნიან ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის მსვლელობისას ისარგებლონ თელავის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში. მეორე დღეს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 10.000 ლარის ოდენობის გრანტი პროტოტიპის განვითარების მიზნით.
ჰაკათონის მიზანია სტუმართმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/D6CImt
პროექტის განმახორციელებელია: ქლევერტონი
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს - ავთანდილ კასრაძე
12.02.2026.20:34
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ. ამ ეტაპზე Radio City- ში სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროგრამის პირველი ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც Startupbootcamp და Plug and Play ახორციელებს. მიმდინარე წლის ივლისიდან კი მათ 500 Global და Founder Institute შეურთდება.
როგორც ავთანდილ კასრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მსოფლიო დონის საერთაშორისო აქსელერატორებმა ქართული სტარტაპებისთვის გადამზადების პროგრამა უკვე დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი დაეხმარება ქართულ სტარტაპებს, ძალიან სწრაფად უზრუნველყონ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
„საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას თითოეული სტარტაპისთვის აქვს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რითაც თითოეული ქართული სტარტაპი მინიმუმ სამი წელი ნულპროცენტიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, დამატებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ტექნოლოგიური სიკეთეების საქართველოს მოქალაქეებამდე მაქსიმალურად მიტანას, იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვუზრუნველყოთ.“ - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. “ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს.