GITA - ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების მზადება ფინალური ეტაპისთვის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2025 წლის 14 მარტს მეთოთხმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცამეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 255 სტარტაპი დაფინანსდა.
დაინტერესებულ პირებს 14 მარტიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომი საფეხური მოიცავდა პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას. განაცხადების შეფასება განახორციელეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც ბიზნეს გეგმის შეფასებით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდა 50 ფინალისტი.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად, სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული მენტორები მოამზადებენ:
• Alfredo Coppola - აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center) ერთ-ერთი დირექტორი. მან საფუძველი დაუდო სილიკონ ველის აქსელერატორის პროგრამას „Go Global”. ფლობს ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის კონსულტანტის 20 წელზე მეტხნიან გამოცდილებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში. კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაწეული აქვს 150-ზე მეტი ადრეული ასაკის ტექნოლოგიური კომპანიისთვის.
• Gail Christine Gannon - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს - T.H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.
• Bob Upham - ინტერნეტ ბიზნესის განვითარების გამოცდილი პროფესიონალი, ექსპერტი სტრატეგიულ პარტნიორობებსა და ალიანსებში, API ლიცენზირებაში. Santander InnoVentures-ის, Sutardja Center for Entrepreneurship and Technology (UC Berkeley)-ის, Cyberport Hong Kong-ის მენტორი და მრჩეველი. 2016-2019 წლებში იკავებდა VISA-ს ციფრული პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას.
• Swapnil Amin – ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორი, პროდუქტის სტრატეგი და სტარტაპ მრჩეველი, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, საავტომობილო, ციფრული ჯანდაცვისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სფეროში. ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები Tesla-ში, Amazon Alexa-ში, Genentech-სა და SoftBank Robotics-ში, სადაც მან შექმნა და გააფართოვა ინოვაციური პლატფორმები აპარატურულ და პროგრამულ ეკოსისტემებში.
• Amy Peck - გამოცდილი კონსულტანტი, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე და განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას ორგანიზაციული განვითარების სრულყოფის პროცესში. ემი აქტიურად ეხმარება მსხვილ კომპანიებს სტარტაპ ეკოსისტემის კვლევასა და შესწავლაში. 2015 წელს დააფუძნა და დღემდე არის კომპანიის EndeavorVR, Spatial Computing Consultants მოქმედი ხელმძღვანელი. კომპანიის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი ცნობილი გლობალური მოთამაშეები, როგორებიც არიან „ამაზონი“, „ვიზა“, „ტოიოტა“, „US მაკი“ და სხვები. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური განვითარების სტრატეგიებს. ემი პეკი მუშაობს, როგორც სტარტაპებთან, ასევე - ვენჩურულ კაპიტალისტებთან და ანგელოზ ინვესტორებთან.
გამარჯვებულები 2025 წლის 17 სექტემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
სხვა სიახლეები
როდის გაიხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
12.03.2026.15:00
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უნიკალური სივრცე იქნება, როგორც ცნობილია, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობაში განთავსდება ინტერაქტიული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი, კრეატიული სწავლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის და გარე რეკრეაციული სივრცე, მათ შორის განახლებული ხელოვნური ტბა. პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო ტურისტებს მოიზიდავს, ხოლო მისი მიზანია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სიყვარული ახალგაზრდებში ჩამოყალიბდეს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყოს ხელი.
„პირველ რიგში მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი მთლიანად რეგიონალური თვალსაზრისით და რეგიონში არ ვგულისხმობ იმერეთის რეგიონს - ვგულისხმობ, საერთოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. გამომდინარე იქედან, რომ ბევრი უნიკალური სივრცე განთავსდება, პირველ რიგში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იქნება ვიზიტორი ამ სივრცის, წაიყვანს ბავშვებს, ახალგაზრდებს. ის არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიების სიყვარული სწორედ იქ ჩამოყალიბდეს, რაც მათი მომავალი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ყველა ექსპონატი უკვე ნაყიდია და საქართველოში არის ჩამოსული.
მოგეხსენებათ, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში, სადაც განთავსება ტექნოლოგიური ჰაბი. ზუსტად, რომ ავუხსნათ პროგრესი მოსახლეობას, ძალიან რთული შენობაა და ამიტომ წაიღო დრო რომ სწორად გაკეთდეს. ინფრასტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაშინ ერთმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და დაავალეს, რომ პარლამენტი გადასულიყო და რა სამუშაო პირობები ჰქონდათ მათ არავინ არ წუხდა მაგაზე და იქ სუნთქვა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ მთლიანად დავასრულეთ გაგრილების სისტემის რეაბილიტაცია, რომ ჩვენი მოქალაქეები კომფორტულად გრძნობდნენ თავს იმ შენობაში, ასევე შესასვლელები მთლიანად მოწესრიგდა, ხელოვნური ტბა ასევე რომელიც იქ არსებობდა და მხოლოდ ერთხელ გახსნისას აავსეს წყლით, ჩვენ მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია და მშვენიერი სარეკრაციო სივრცე იქნება. აღმოსავლეთის შესასვლელის რეაბილიტაცია თითქმის დამთავრებულია და მიდის გადახურვის სისტემის სრული რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან დიდი ხარვეზები იყო და სწრაფად ცდილობდნენ ამ შენობის გახსნას და ძალიან ბევრი შეცდომებია მშენებლობის პროცესში დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც ახლა ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს.
მიმდინარეობს შიდა რემონტი, სადაც მთლიანად მოხდა უკვე დემონტაჟი ყოფილი კაბინეტების, რომ ეს უკვე გადაკეთდეს ტექნოლოგიებისთვის შესაბამის სივრცეებად და დაწყებულია უკვე სარემონტო სამუშაოები. გეგმა გვაქვს, რომ მაისის ბოლოს უკვე ეს სივრცე ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აქ იქნება წარმოდგენილი არამარტო მუზეუმი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი და ყველაზე წამყვანი ლაბორატორიებით, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი განთავსდება აქ, განთავსდება ასევე მნიშვნელოვანი სასწავლო კრეატიული და ტექნოლოგიების მიმართულებით ცენტრი, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაშია დღეს და საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი ექსკლუზიურად მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის და ძალიან უნიკალური სივრცე, გარე რეკრეაცია ასევე ხელოვნური ტბა და მუზეუმი ერთობლიობაში ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უნიკალურ სივრცეს ქმნის და არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ვფიქრობთ რომ ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი თვალსაჩინო, სანახავი ადგილი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი“, - განმარტავს ავთანდილ კასრაძე.