ღია ბანკინგის გამოყენებით ახალი, ინოვაციური სერვისების რაოდენობა იზრდება
თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც მომხმარებლებს უფრო მარტივ, სწრაფ და მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ პროცესში ღია ბანკინგის ეკოსისტემის შექმნა და განვითარებაა, რომელიც ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას, ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას.
ღია ბანკინგი საქართველოში არა მხოლოდ სერვისების გაციფრულების ახალი სტანდარტია, არამედ ინოვაციების განვითარების ერთგვარ პლატფორმასაც წარმოადგენს. კერძო სექტორისთვის ის ახალი შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის - იქნება ეს მომხმარებელზე მორგებული კრედიტის შეთავაზება, გამარტივებული დისტანციური იდენტიფიკაცია თუ ფინანსური ინფორმაციის ანალიზზე დაფუძნებული პერსონალიზებული სერვისები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ღია ბანკინგის გამოყენებით ახალი, ინოვაციური სერვისების რაოდენობა გაიზარდა, ამის მაგალითებია:
ღია ბანკინგის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში - საქართველოს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ღია ბანკინგის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა გადახდების ინიცირება უშუალოდ ინტერნეტ ბანკიდან ან ფინანსური აპიდან. ეს ამარტივებს გადასახადების გადახდას, ზრდის პროცესის გამჭვირვალობას და ზოგავს მომხმარებლის დროს
„სილქ ბანკისა“ და „სილქნეტის“ ერთობლივი ინოვაციური პროდუქტი - მათ აპლიკაცია MySilknet-ში დანერგეს ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად, გამარტივებული პროცესით, რამდენიმე წუთში, მიიღოს სესხი. საკრედიტო განაცხადის შევსებისას გამოყენებულია ღია ბანკინგი და ალტერნატიული მონაცემების საფუძველზე მომუშავე შეფასების ალგორითმები.
მსგავსი მიდგომა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, რომელიც კარგად მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად - დიდ ბრიტანეთში, სადაც ღია ბანკინგი ფართოდ გამოიყენება როგორც კომერციულ, ისე საჯარო სერვისებში - გადასახადების გადახდა ხდება რამდენიმე წამში და ფინანსური ინოვაციებიც უფრო სწრაფად ინერგება.
საქართველოც აქტიურადაა ჩართული გლობალური განვითარების ტენდენციებში. ეროვნული ბანკი მუდმივად უჭერს მხარს ინოვაციური სერვისების დანერგვას. ღია ბანკინგის განვითარება და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების ხელშეწყობა სებ-ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც საბოლოოდ, ქვეყნის ფინანსურ სექტორს ახალ, ციფრულ ეტაპზე გადაიყვანს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
17.04.2026.15:31
ყაზახეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ შეხვედრა გამართა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს AI მიმართულებით ყაზახეთის გამოცდილება და საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონულ ფორმატში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ ეროვნული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია NITEC-ისა და ტექნოლოგიური კომპანიების გაერთიანება Qaztech-ის წარმომადგენლებს. ამასთან, სამუშაო შეხვედრა შედგა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროშიც.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ ასტანა ჰაბს, გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე პროექტებს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რომელიც კონკრეტული პროექტების ირგვლივ თანამშრომლობასა და საერთო ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) წარმომადგენლებთან და მასთან არსებული ტექ-ჰაბის ხელმძღვანელთან.