ეროვნულმა ბანკმა Point Zero Forum-ზე ფინანსებისა და ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო განხილვაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Point Zero Forum 2025-ში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა.
ფორუმი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სივრცეს საერთაშორისო განხილვებისთვის, პოლიტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.
ღონისძიებას უმასპინძლა შვეიცარიის საერთაშორისო ფინანსების სახელმწიფო სამდივნომ (SIF) და ორგანიზაცია GFTN-მა (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის მონეტარული ორგანოს ინიციატივით). ფორუმი აერთიანებს ფინანსური, ტექნოლოგიური და რეგულირების სფეროს გლობალურ ლიდერებს, რათა ჩამოაყალიბონ შეთანხმებული ხედვა ფინანსური და ციფრული ეკოსისტემების განვითარებაზე.
ეროვნული ბანკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.
ფორუმის ფარგლებში, „The FinTech Ecosystem Playbook“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ განხილვაში - „კანონმდებლობა და გლობალური ურთიერთაღიარების სტანდარტის ჩამოყალიბება“ მონაწილეობა მიიღო ღია ფინანსების ეკოსისტემისა და ფინანსური ინოვაციების განვითარების განყოფილების უფროსმა, ვასილ შენგელიამ.
ფორუმში ეროვნული ბანკის მონაწილეობა ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს ფინტექ ინოვაციების, ღია ფინანსებისა და რეგულირების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.
ამ ტიპის საერთაშორისო ფორუმებში აქტიური ჩართულობა თანხვედრაშია ეროვნული ბანკის სტრატეგიულ მიზანთან - ხელი შეუწყოს საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას და მიუახლოვდეს გლობალურ საუკეთესო პრაქტიკებს რეგულაციურ ტექნოლოგიებში, მონაცემთა საზღვრებს შორის მართვასა და მდგრად ფინანსებში.
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები გააძლიერებენ შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად - ავთანდილ კასრაძე
06.03.2026.15:26
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართველმა სტარტაპერებმა უშუალოდ Glovo-ს თანადამფუძნებლისგან მოისმინეს კომპანიის განვითარების ისტორია და პრაქტიკული რჩევები. საშა მიშუმ აუდიტორიას გაუზიარა, როგორ ჩამოყალიბდა Glovo-ს იდეა, ისაუბრა სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებზე, თავდაპირველ შეცდომებსა და სტრატეგიულ ცვლილებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნას ახლავს. შეხვედრაზე განხილული იყო, როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში — საჭირო უნარები, სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები და განსხვავება დამფუძნებლებსა და შემქმნელებს შორის.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ GITA - თვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ სტარტაპებს ჰქონდეთ შესაძლებლობა უშუალოდ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისა და ლიდერების გამოცდილებიდან მიიღონ პრაქტიკული რჩევები, რაც მათ საქმიანობაში გამოადგებათ.
“ასეთი შეხვედრები ეხმარება სტარტაპებს უკეთ გაიგონ, როგორ ვითარდება იდეა საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტად და რა ნაბიჯებია საჭირო გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები მიიღებენ ცოდნას, გაიღრმავებენ კონტაქტებსა და შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით. Glovo-ს მსგავსი გლობალური გამოცდილების გაზიარება პირდაპირ პასუხობს ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებს — როგორ მასშტაბირდეს იდეა და როგორ გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.