ComCom-მა თსუ-ს და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
ComCom-მა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მედიაწიგნიერების არსი და მისი როლი თანამედროვე სამყაროში; დეზინფორმაციის შექმნისა თუ გავრცელების შესაძლო მოტივები; დეზინფორმაციისა და მანიპულაციური კომუნიკაციის ტექნიკები; პროპაგანდის და კონსპირაციული თეორიების მნიშვნელობა და მახასიათებლები; ასევე, ხელოვნური ინტელექტი ყალბი ინფორმაციის შექმნის კონტექსტში და ინფორმაციის გადამოწმების საკვანძო ეტაპები. შეხვედრა თეორიული ნაწილის გარდა, ინფორმაციის გადამოწმების შესახებ გუნდურ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.
ComCom-მა სემინარი მანამდე სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთანაც გამართა და ამ პროცესს, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანო, მომავალშიც გააგრძელებს.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:08
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს ჟენევაში გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ (WSIS+20) მაღალი დონის კვირეულსა და „AI for Good" გლობალურ სამიტში, რომელიც ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მარეგულირებლების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, სადაც ეკატერინე იმედაძე საქართველოს წარადგენდა. დისკუსიის ძირითადი თემები 5G ტექნოლოგიების განვითარება, AI-ის რეგულირება, კიბერუსაფრთხოება და ციფრული ინკლუზია იყო. ComCom-ის წევრმა სესიაში მონაწილე მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებს საქართველოში 5G-ის დანერგვისა და ბაზარზე კონკურენციის წახალისების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო.
ComCom-ის წევრმა, საბერძნეთისა და პორტუგალიის მარეგულირებლების ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა ასევე მიიღო ლიდერთა პანელში „LeadersTalk", რომლის ფარგლებშიც, სატელეკომუნიკაციო დარგის ზედამხედველი ორგანიზაციების მიერ მდგრადი ციფრული განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი პოლიტიკების დანერგვის თაობაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ეკატერინე იმედაძე მომხსენებლად წარსდგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ITU-ის ერთობლივ სესიაზე, რომელიც ციფრულ უნარებსა და შრომის ბაზარზე ტრანსფორმაციას შეეხებოდა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ WSIS+20-ის ფარგლებში, ITU-ს განვითარების ბიუროს (BDT) ინიციატივით შექმნილი ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) სპეციალურ სესიაზე, ეკატერინე იმედაძემ EaPeReg-ის (აღმოსავლეთ პარტნიორობის მარეგულირებლების ქსელი) სახელით ისაუბრა. დისკუსიის მთავარი თემა მდგრადი ციფრული განვითარების მიზნით, მარეგულირებლების მიერ თანამშრომლობის ჩარჩოების შექმნა და ციფრულ სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იყო.
კვირეულის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძე ასევე მონაწილეობდა ქალი მინისტრებისა და ICT სფეროს ლიდერ ქალთა სესიაში, სადაც გენდერული უთანასწორობის შემცირებისა და ციფრულ მმართველობაში ქალთა ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.
მოგვიანებით კი, GovStack-ის ციფრული ლიდერების ფორუმზე, რომელიც გერმანიის, ესტონეთის და ITU-ის ორგანიზებით გაიმართა, ეკატერინე იმედაძე მოხსენებით წარსდგა. სესიის მთავარ თემებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ინკლუზიური ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება და ქალთა ლიდერობის გაძლიერება წარმოადგენდა.
გარდა ამისა, WSIS+20 კვირეულის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ და ნინო გრძელიშვილმა ITU-ს განვითარების ბიუროს ხელმძღვანელთან, ასევე საბერძნეთის, პორტუგალიის, პოლონეთის, კვიპროსის, მოლდოვის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და იორდანიის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართეს, რაც ComCom-სა და კოლეგა მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების განხილვას ემსახურებოდა.
საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტი (WSIS) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიურ წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ინდუსტრიის ლიდერებს. ღონისძიება 2003 წლის ჟენევის სამოქმედო გეგმისა და გაეროს 17 ციფრული მდგრადი განვითარების (SDG) მიზნის ფარგლებში, ITU-ს წევრი სახელმწიფოების მიღწევების, ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას ემსახურება.