ComCom-მა 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად აუქციონი უკვე მეორედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო. ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ. კომუნიკაციების კომისიამ 5G აუქციონი 17 ლოტზე გამოაცხადა და 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები გამოიტანა. ასევე, გამოცხადდა 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოსაპოვებლად. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა ორი აუქციონი ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტებზე, რომლებსაც ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი აქვთ. ორივე კომბინირებული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი, დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს აქვს არჩევის შესაძლებლობა შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გასული წლის აუქციონისგან განსხვავებით, ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა მოეხსნათ, რადგან ერთი მხრივ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ გასული წლის აუქციონის ფარგლებში უკვე გააჩნია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებში MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად აღარ მიიჩნია. თუმცა, 5G ტექნოლოგიის დასანერგად განკუთვნილ ორივე კომბინირებულ ლოტზე კომპანიები MVNO-ს დაშვების ვალდებულების არჩევის შემთხვევაში, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, თითოეული კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 37 182 672 ლარია. კომბინირებული ლოტების გარდა, აუქციონი დამატებით ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდა. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და მოცულობის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონიდან გამარჯვებულად ერთ-ერთში მაინც გამოცხადდება, ან უკვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომბინირებულ ლოტებში შემავალ სიხშირეებზე. ცალკე მდგომი თითოეული ლოტის საწყისი საფასური ასე განისაზღვრა: 700 მჰც სიხშირულ ზოლში - 22 414 632 ლარი, 3410 – 3710 მჰც სიხშირულ ზოლში - 14 768 040 ლარი, 800 მჰც სიხშირულ ზოლში - 26 974 740 ლარი, 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში - 5 866 112 ლარი, 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში - 2 933 056 ლარი, 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში კონკრეტულ ლოტებზე - 1 466 528 ლარი და 2100 მჰც სიხშირულ ზოლში - 15 063 020 ლარი. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს დოკუმენტაციის წარდგენა კომუნიკაციების კომისიაში 2024 წლის 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს: კომბინირებულ ლოტებზე N1 და N2 აუქციონებს კომუნიკაციების კომისია 2024 წლის 18 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩაატარებს. ცალკე მდგომ ლოტებზე N3-დან N8 აუქციონების ჩათვლით 21 ოქტომბერს 12:00 საათზე, ასევე ცალკე მდგომ ლოტებზე N9-დან N17 აუქციონების ჩათვლით 22 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხოლო ცალკე მდგომ ლოტებზე N18-დან N21 აუქციონები 23 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. 5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად განსაზღვრა. რაც შეეხება ახალ აუქციონს, აუქციონის საფასურის გაანგარიშებაზე კომუნიკაციების კომისიამ კვლავ, კომპანია „EY“-სთან ითანამშრომლა. შეგახსენებთ, რომ 5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი ₾4.5 მილიარამდე გაიზარდა, შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული | Galt & Taggart
31.12.2025.04:01
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს ,,IT სექტორი საქართველოში", რომლის თანახმადაც ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) სწრაფი ტემპით გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი გახდა. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ექსპორტზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომსახურების ექსპორტში. 2024 წელს ICT ექსპორტმა 842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 10.9% იყო. 2025 წლის 9 თვეში ICT ექსპორტი წლიურად 52.3%-ით გაიზარდა და 898 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 14.0%-ს შეადგენდა.
ICT სექტორის ზრდაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი IT ქვე-სექტორია. 2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.1-ჯერ აღემატებოდა. შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს IT სერვისების ექსპორტი წლიურად 9.2%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო IT კომპანიის შედარებით სუსტ შედეგებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, მცირე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ზრდის ფონზე, სექტორის საერთო ბრუნვა 2024 წელს 48.8%-ით გაიზარდა.
IT სექტორის ზრდისა და ექსპორტის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო კომპანიებია, რასაც დიდწილად ხელი შეუწყო 2020 წელს საგადასახადო შეღავათების შემოღებამ. შედეგად, საქართველოს IT სექტორი მცირე, ლოკალური დარგიდან საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბდა. სექტორის ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წელს, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საერთაშორისო IT კომპანიებისა და სპეციალისტების რელოკაციის შედეგად.
საერთაშორისო კომპანიებისა და კვალიფიციური კადრების შემოსვლამ IT სექტორში ხელფასების დონე გააორმაგა 2020-24 წლებში, რის შედეგადაც ეს სფერო კარიერულად განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. მაღალი ანაზღაურებისა და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების ფონზე, IT განათლებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა – საქართველოში ამჟამად 21 უნივერსიტეტში 12,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
IT კურსდამთავრებულების მზარდი მიწოდების პარალელურად, ადგილობრივ დასაქმების პლატფორმებზე IT სპეციალისტებზე მოთხოვნა შესუსტდა, რაც რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI-ის) ფართო დანერგვამ განაპირობა. მეორეს მხრივ, ქართველი IT სპეციალისტების საერთაშორისო ჩართულობა გაიზარდა – GitHub-ზე საქართველოდან რეგისტრირებული დეველოპერების რაოდენობა 2024 წელს წლიურად 22%-ით გაიზარდა და 138.3 ათასს მიაღწია.
IT სექტორის გლობალიზაციისა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციის ფონზე, გლობალურ ტენდენციებთან ადაპტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამუშაო ძალის სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. AI-ის მიერ საბაზისო ამოცანების ავტომატიზაციის შედეგად, მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება მაღალი სპეციალიზაციის მქონე კადრებსა და AI-სთან დაკავშირებულ პოზიციებზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაოს შესრულება თანაბრად გადანაწილდება ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის, რაც კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უწყვეტი გადამზადების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.
საგადასახადო შეღავათების გარდა, საქართველოს კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს ინტერნეტის შედარებით დაბალი ღირებულება და ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირებული ინტერნეტ ინფრასტრუქტურა კვლავ ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებს, მობილური ინტერნეტის სიჩქარე 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალს უსვამს ხაზს.
საერთო ჯამში, IT სექტორის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია, კვალიფიკაციის ამაღლება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალოვადიან პერიოდში.