ComCom-ის წევრმა მომხმარებლის დაცვის რიგით მესამე საერთაშორისო კვირეული გახსნა
ComCom-ის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მომხმარებლის დაცვის რიგით მესამე საერთაშორისო კვირეული გახსნა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის ის მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა, რომლებიც სატელეკომუნიკაციო სექტორში მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ქვეყანაში ხორციელდება.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა პროექტების მიმოხილვა ComCom-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, საქართველოს ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის პროექტით დაიწყო და ხაზი გაუსვა, რომ კვლევა ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად კი კონკურენციის გაუმჯობესებასა და ქართველი მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ისახავდა: „კვლევის ფარგლებში შეფასდა როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზრებზე არსებული გარემო, მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. კვლევამ აჩვენა, რომ ტელეკომ ბაზარი განიცდის გარკვეულ სტაგნაციას და საჭიროებს წინასწარ რეგულაციას. აღნიშნულ ბაზრებზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, რომელსაც კომისიამ სპეციფიკური ვალდებულებები განუსაზღვრა და დამატებითი მექანიზმები შექმნა კონკურენციის გაზრდის მიზნით.“ - აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.
ამასთან ერთად, ComCom-ის წევრმა კომისიის მიერ 5G ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონებსა და მის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება: „გასულ წელს ComCom-მა 5G-ის დასანერგად აუქციონი მეორედ ჩაატარა. გამოცხადებული აუქციონებიდან 7-ში გამარჯვებულად „მაგთიკომი“ დასახელდა. როგორც იცით, კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ პირველ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია „სელფი მობაილმა“ მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვანია, ComCom-მა გაითვალისწინა ოპერატორების მიმართვა და კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა აუქციონში, დაენერგათ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება შეეთავაზებინათ.“
ვახტანგ აბაშიძემ თავის სიტყვაში ComCom-ის მიერ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ქვეყნის ინტერნეტიზაციის ფარგლებში, 2020 წლიდან, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი Log-In Georgia: „პროექტის დაწყებიდან კომპანია „ოუფენ ნეტმა“, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, უკვე ააშენა 1300 კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი, რაც 150,000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს დამატებით 500 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აეგო, რომელიც 30 000-ზე მეტი მოსახლის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას გულისხმობს, ხოლო პროექტის მთლიანი მოცულობა 5000 კილომეტრის მშენებლობას და 500,000 მოსახლეს ითვალისწინებს. რაც შეეხება „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც უშუალოდ კომუნიკაციების კომისია ახორციელებს - პროგრამის მიზანს შერჩეული მუნიციპალიტეტებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლება, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლება და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში დაიფარა 5 მუნიციპალიტეტის, მათ შორის ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდის, აბაშისა და ხობის 65 სამიზნე სოფელი და დასახლება. ჩატარდა 200-ზე მეტი სემინარი და სრულიად უფასოდ გადამზადდა 2700 ბენეფიციარი.“ - აღნიშნა მან.
ღონისძიების ფარგლებში ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა პროექტ „sheamotsme.ge”-ზე, რომელიც ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, ასევე შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. მისივე განცხადებით, Sheamotsme.ge საშუალებას გვაძლევს 24 საათიან რეჟიმში დავაკვირდეთ, თუ რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დარღვევის შემთხვევაში კი, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.
მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ComCom-ის საქმიანობა ვახტანგ აბაშიძემ შშმ პირთათვის აუდიოვიზუალური პროექტის ხელმისაწვდომობის დამტკიცების საკითხით შეაჯამა, რომელიც ComCom-ს ევროპული აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად დაევალა: „ახალი წესები მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვომი გახადონ თავიანთი პროდუქცია შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ.“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა და მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რეგიონების მასშტაბით, მათ შორის ახალქალაქში, ზუგდიდში და ბათუმში, კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე მიიღებს მონაწილეობას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის; მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკის და რეაგირების შედეგების; სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროების; მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობის; საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დანერგილი კვლევითი და სამონიტორინგო საქმიანობის, ასევე მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.11:30
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.
• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G
• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl
• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO
ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.