ჩვენთვის რეგიონალური გაფართოება და ერთიან ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრირება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს - GITA-ს თავმჯდომარე
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძე განცხადებით, რეგიონების ინტეგრაცია ინოვაციურ ეკოსისტემაში სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რის ფარგლებში უკვე 10 ტექნოლოგიური პარკი ფუნქციონირებს და აქტიური შეხვედრები იმართება ქვეყნის 65 მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, დამატებით ხორციელდება საგრანტო პროგრამები სპეციალურად რეგიონებისთვის, რაც ადგილობრივ ინოვატორებს საშუალებას აძლევს საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად და ტექნოლოგიურ ბიზნესებად გარდაქმნან.
„ჩვენთვის რეგიონული მიმართულება, რეგიონალური გაფართოება და რეგიონების ინტეგრირება ერთიან ინოვაციურ ეკოსისტემაში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ უკვე 10 ლოკაციაზე გვაქვს უშუალოდ ჩვენი ტექნოლოგიური პარკი განთავსებული, თუმცა გარდა ამისა მუდმივად ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. ახლა მიდის პროცესი მაგალითად, როდესაც ინოვაციებს ტექნოლოგიების სააგენტო 65 მუნიციპალიტეტში ჩადის და შეხვედრები აქვს თითოეულ მუნიციპალიტეტში საქართველოს მოსახლეობასთან, სკოლებში, სხვადასხვა დაწესებულებაში, რომ ჩვენ მათ მივაწვდინოთ ინფორმაცია, რომ რამხელა შესაძლებლობა აქვს დღეს ადამიანს, კრეატიულ მოაზროვნეს, ინოვატორს, რომ მათი იდეები არ დარჩეს იდეებად და განახორციელონ კონკრეტული პროექტები.
გარდა ამისა გვაქვს კონკრეტული საგრანტო დაფინანსება ექსკლუზიურად რეგიონის მოსახლეობისთვის, სადაც ქალაქი თბილისი უბრალოდ ვერ მონაწილეობს, აკრძალულია. ახლა მაგალითად შემდეგ კვირას იქნება სტარტაპების შერჩევა და დაჯილდოება იმერეთში, გურიაში და აჭარაში. სამ თვეში იქნება სხვა სამ ასე ვთქვათ კუთხეში და ყველა კუთხეში ჩვენ ჩავდივართ, ვატარებთ როგორც სხვადასხვა შემეცნებით პროგრამებს, ასევე დაფინანსების მექანიზმები ჩაგვაქვს, ფულიც ჩაგვაქვს რეგიონებში, რომ მათი იდეები განხორციელდეს და მათ შეძლონ უკვე მერე ტექნოლოგიურ კომპანიებად გარდაქმნა“, - აღნიშნავს კასრაძე.
სხვა სიახლეები
ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად მთავარი აქცენტი ტალანტების გაძლიერებაზე უნდა გაკეთდეს - ავთანდილ კასრაძე
30.03.2026.21:00
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აცხადებს, რომ საქართველო ტექნოლოგიურ კომპანიებს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გარემოს სთავაზობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, მათ შორისაა დაბალი გადასახადები და მარტივი რეგულაციებით, თუმცა მთავარ გამოწვევად ტალანტის სიმცირე რჩება. კასრაძის განმარტებითვე, სტრატეგია მოიცავს როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური კადრების გაზრდას განათლების რეფორმის გზით, ისე უცხოური სპეციალისტებისა და გლობალური კომპანიების მოზიდვას, რაც ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
„მინდა გითხრათ, რომ ზოგადად გარემოს თვალსაზრისით საქართველო მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. ანუ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე - გვაქვს ძალიან კარგი ასე ვთქვათ სამართლებრივი ჩარჩო რეგულაციები დღეს ქვეყანაში, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ბიზნესზე, ინოვაციური სტარტაპი ვახსენე, ასევე ინოვაციურ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო პაკეტი. ასევე ექსკლუზიურად R&D კომპანიებისთვის - კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის- 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი. ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, IT კომპანიებისთვის 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი. ასევე მთლიანად ნებისმიერი ბიზნესისთვის მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველო ერთ-ერთი პირველია მთელ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით, რეგულაციების სიმცირით და ასევე კორუფციის სიმცირით და ასე შემდეგ, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისთვის.
იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური განსაკუთრებით კომპანიები მოვიზიდოთ, ამისთვის უკვე ამის იქით არის მნიშვნელოვანი გაძლიერება უკვე ტალანტების ნაწილში. დღეს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები პირველ რიგში ეძებეს ტალანტს, იმ ქვეყანაში დახვდება თუ არა არა მარტო ტალანტი, არამედ რაოდენობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას სისუსტე გამომდინარეობს ჩვენს ზომაში, მოსახლეობის რაოდენობაში და განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სფეროს ჩართული ადამიანების. და ჩვენი მთავარი სტრატეგია სწორედ ამას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ტექნოლოგიების ეკოსისტემაში, ისწავლოს ტექნოლოგიური მიმართულებებით. განათლების რეფორმა სწორედ აქეთკენ არის მიმართული“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
GITA-ს თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების სიმცირე რჩება, რის საპასუხოდაც აქცენტი კეთდება ტექნიკური განათლების გაძლიერებასა და IT მიმართულებებით მეტი ადამიანის ჩართვაზე. მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს უცხოური ტალანტის მოზიდვაც, რაც აუცილებელია ისეთი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესის გასაზრდელად, როგორიცაა Google, Meta და Apple, ხოლო ამ პროცესს ხელს შეუწყობს ქუთაისში დაგეგმილი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტიც.