ჩვენთვის პრიორიტეტია, ინვესტიცია ჩავდოთ განათლების სექტორში და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტექ-ეკოსისტემის განვითარებას - ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
საქართველოში ამერიკის საელჩოს დახმარებით და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დღეისათვის ქვეყანაში 9 ამერიკული კუთხე ფუნქციონირებს და ასევე არის ერთი მოძრავი კუთხე - ბუქმობილი, რომელიც წეროვანშია და რამდენიმე დასახლებას ფარავს.
ასევე ფუნქციონირებს 9 ამერიკული თარო, რომლებიც ამ კუთხეების სატელიტებია და კუთხეებთან ერთად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებენ. აღნიშნული ამერიკული კუთხეების წარმომადგენლები დღეს თბილისში შეიკრიბნენ და გამოცდილების გაზიარების პარალელურად მიიღეს ინფორმაცია ინფორმაციულ თუ ტექნოლოგიებში არსებულ მიღწევებზე.
თორნიკე სულაბერიძე ამერიკულ კუთხეებს მომავალი წლიდან კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობასა და ადგილზე კომპანიის წარმომადგენლების მეტი ვიზიტზეც ისაუბრა.
„ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც დაეთმო აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით არსებულ ამერიკულ კუთხეებს. ჩვენ მათ გავაცანით ლინეიტის საქმიანობა, რას ვაკეთებთ და როგორ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ამერიკულ კუთხეებთან, მათ შორის შორის ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან და ოძისის სკოლასთან, რის ფარგლებშიც ჩვენ არამხოლოდ მატერიალური დახმარება გავუწიეთ მათ, არამედ მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ამერიკელი თანამშრომელი სტუმრობდა მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ასევე ჩვენ BTU-სთან ერთად ვპარტნიორობთ, რომ ოძისის სკოლის ბავშვები გადაამზადონ ციფრულ უნარ-ჩვევებში. ვაპირებთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ამერიკის საელჩოსთან, ამერიკულ კუთხეებთან. Lineate -ი უფრო მეტ და ახალ აქტივობას გეგმავს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ შეხვედრის შემდეგ Business Insider Georgia-სთან კომენტარში.
Lineate-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერის განმარტებით, კომპანია მომავალი წლიდან ამერიკულ კუთხეებთან თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ უფრო გააქტიურდება, რადგანაც Lineate-სთვის განათლებაში ინვესტირება პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ჩვენ მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ მხოლოდ ოძისის სკოლით და ქუთაისის ამერიკული კუთხით არ შემოვიფარგლოთ, არამედ ვითანამშრომლოთ საქართველოს ყველა ამერიკულ კუთხესთან. ეს არის კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ კერძო კომპანია მივიდეს და თავისი ხმა მიაწვდინოს სკოლის მოსწავლეებს და იმ ბავშვებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ისწავლონ და თავიანთი განათლება მიიღონ კომპიუტერულ მეცნიერებასა და მათემატიკაში. ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტია, რომ ინვესტიცია ჩავდოთ ადგილობრივ განათლებაში და ჩვენი სექტორი წავახალისოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.
საგულისხმოა, რომ ამერიკული სივრცეების წამყვანი მიმდინარეობაა არაფორმალური განათლება. პროგრამის მონაწილეები იძენენ კლასგარეშე ცოდნას ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაზე, კულტურაზე, განათლებაზე, დემოკრატიულ სისტემებზე. ასევე სწავლობენ მედია წიგნიერებას, გარემოს დაცვის გამოწვევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს-კოდირებას, რობოტების აწყობას და ა.შ. ყველა სივრცეს აქვს ინგლისური ენის კლუბები. პროგრამები ორიენტირებულია სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევების და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.
ამერიკულ სივრცეების მონაწილეები ხშირად ხვდებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ელჩის ჩათვლით და ესაუბრებიან მათთვის საინტერესო თემებზე, რასაც მოჰყვება ხოლმე დისკუსია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.10:21
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.