ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო დელეგატებს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ ტრანფორმაციაზე ტრადიციული ეკონომიკური მოდელიდან ცოდნაზე დაფუძნებულ, მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაზე.
“ბოლო წლებში შევქმენით ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემა, განვავითარეთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და შევქმენით კონკურენტული გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
გამოსვლაში სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა “DO IT”-ის პროგრამის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ გადამზადებული პროფესიონალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის ზრდაში.
ავთანდილ კასრაძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სააგენტოს მხარდამჭერ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებისა და საკუთარი სერვისების/პროდუქტების დახვეწის შესაძლებლობას აძლევს.
“გვაქვს უნიკალური მხარდამჭერი მექანიზმი სტარტაპებისთვის და, ამ პროგრამის ფარგლებში ისინი საქმიანობის პირველი სამი წელიწადი სარგებლობენ ნულოვანი საგადასახადო განაკვეთით, რაც დამწყებ კომპანიებს საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ ზრდასა და პროდუქტის განვითარებაზე”- განაცხადა GITA - ს თავმჯდომარემ.
ავთანდილ კასრაძემ ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისში რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობას ინოვაციისა და ციფრული მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.
ავთანდილ კასრაძემ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ინოვაციური ეკოსისტემები ვერ განვითარდება იზოლაციაში და საერთაშორისო პარტნიორობა და გლობალურ ბაზრებზე წვდომა აუცილებელია. მისივე თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში საქართველოში იმუშავებს ოთხი წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორის პროგრამა, რომლებიც თითქმის 160 სტარტაპს დაუჭერს მხარს მსოფლიო დონის მენტორობით, ინვესტიციებზე წვდომითა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობით.
“ტექნოლოგიური განვითარება დღეს მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საკითხი აღარ არის — ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. საქართველოსთვის ინოვაცია წარმოადგენს ეკონომიკური ტრანსფორმაციის მთავარ მამოძრავებელ ძალას, ჩვენი საზოგადოებების მდგრადობის, კონკურენტუნარიანობისა და მომავლის უსაფრთხოების ფორმირებას.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტი რუმინეთის მთავრობისა და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟით პარლამენტის სასახლეში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ინოვაციების სფეროს ლიდერებს აერთიანებს. სამიტში მონაწილებას ასევე იღებდა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.
სხვა სიახლეები
რუმინეთში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და რუმინეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით - ავთანდილ კასრაძე
11.03.2026.16:39
რუმინეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე რუმინეთის ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, მეწარმეობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეებს - იულიან კოსმინ მარგელოიუსა და ვიორელ ბალტარეცუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს მთავრობათაშორის ორმხრივ თანამშრომლობას და განსაზღვრეს კონკრეტული მიმართულებები პარტნიორობის გასაღრმავებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ქართული და რუმინული სტარტაპების ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემების დაახლოებას. მხარეებმა განიხილეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროექტების კომერციალიზაციას და მათთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, რუმინეთში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და რუმინეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
“ვიზიტის ფარგლებში შევხვდით, როგორც რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ისე ქვეყნის წამყვან კვლევით და ინოვაციურ ინსტიტუტებს, სადაც განვიხილეთ სტარტაპ ეკოსისტემების განვითარება, ტექნოლოგიური მეწარმეობის მხარდაჭერა და ახალი ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები.” - აცხადებს GITA - ს თავმჯდომარე.
სააგენტოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ინფორმატიკის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (ICI Bucharest) გენერალურ დირექტორთან, ადრიან ვიქტორ ვევერასთან. საუბრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის განვითარება იყო; რუმინულმა მხარემ ქართულ დელეგაციას AI ტექნოლოგიების სახელმწიფო სექტორში ინტეგრირების წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, რუმინეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების სააგენტოს (UEFISCDI) ხელმძღვანელს, ადრიან კურაჟს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს R&D მიმართულებით დაფინანსების სქემები და საერთაშორისო კონსორციუმებში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ინოვაციების მართვის ევროპულ მოდელებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს.
GITA -ს თავმჯდომარის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბად, შესაბამისად, მსგავსი საერთაშორისო პარტნიორობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში.
“დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინოვაციური კომპანიებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემებისთვის.”
სამუშაო ვიზიტის დასასრულს, სააგენტოს დელეგაცია Măgurele Science Park-ს ეწვია და პარკის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და კვლევით პოტენციალს გაეცნო.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ესწრებოდა.