მიღებული ცვლილებები ქმნის მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოს IT სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ - ვახტანგ შურღაია
იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია ეხმაურება უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებების შეტანას.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №389 დადგენილების თანახმად, ცვლილებები ეხება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წესს და მიზნად ისახავს სექტორში კვალიფიციური და ფინანსურად მდგრადი სპეციალისტების მოზიდვას. პირველად განისაზღვრა ფინანსური მინიმალური ზღვარი - წლიური შემოსავალი 25,000 აშშ დოლარის ექვივალენტში, ასევე, დამატებით დადგინდა კონკრეტული დოკუმენტების ნუსხა ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
„მნიშვნელოვანია, რომ დადგენილება კონკრეტულად განსაზღვრავს, ვინ მიიჩნევა IT სფეროს წარმომადგენლად. ახალი რეგულაცია უცხოელებს სთავაზობს 6 თვიდან 3 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის მიღებას, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია 3-3 წლით, თუმცა არაუმეტეს 12 წლამდე.
საერთო ჯამში, მიღებული ცვლილებები ქმნის მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოს IT სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. საკანონმდებლო სიახლე შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი ბალანსი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და რეგულაციის გამკაცრებას შორის“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.
სხვა სიახლეები
GITA - ს თავმჯდომარემ ბოტსვანას დელეგაციას უმასპინძლა
14.01.2026.13:09
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს, ნდაბა ნკოსინატი გაოლატეს და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს ტექნოპარკში უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სტარტაპების მხარდაჭერის მექანიზმები, რეგიონული ტექნოპარკების ქსელის მართვა და ადამიანური კაპიტალის განვითარება IT სექტორში.
ვიზიტის დასასრულს ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას.