3 წლიანი IT ბინადრობა არამხოლოდ ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას ემსახურება, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გამოცოცხლებასაც ისახავს მიზნად - ვაკო თურნავა
საქართველოში IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისათვის 3 წლიანი ბინადრობის მიღება ხდება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ცვლილება “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიზანიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაა. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტემპი საჭიროებს დარგის მცოდნე სპეციალისტების ინტეგრირებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახალი კადრების მომზადებას. აღნიშნული მოითხოვს ბინადრობის ნებართვის პროცედურის ახლებურად დარეგულირებას.
რას ნიშნავს 3 წლიანი IT ბინადრობის უფლება, რა შესაძლებლობები ჩნდება სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის და რას აძლევს ეს ქვეყანას, დეტალებზე Business Insider Georgia ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს ვაკო თურნავას ესაუბრა.
რას ითვალისწინებს “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტი და ზოგადად რას გულისხმობს 3 წლიანი IT ბინადრობის ნებართვა?
- IT ბინადრობა ნიშნავს, რომ ახალი კანონი შემოვა, სადაც სამ წლიან ცხოვრების უფლებას მივცემთ ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც საქართველოში ჩამოვა, ან უკვე ცხოვრობს და ამ საქმით დაკავებული არის მინიმუმ ორი წელი და წელიწადში 25 000 დოლარის ექვივალენტი შემოსავალი აქვს. და ცხადია ამას ოფიციალურად დაადასტურებს. ამ ყველაფრის შემდეგ მას 3 წლიანი IT ბინადრობის უფლება მიეცემა.
რატომ გაჩნდა აღნიშნული კანონპროექტის ინიციირების საჭიროება?
- ამის საჭიროება იმიტომ გაჩნდა, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ დაახლოებით სამი წელია საქართველოში აქტიურად გადმოდიან. სულ თავიდან კოვიდმა მოიტანა ეს პრაქტიკა. ის ხალხი რომელიც დასაქმებულია ამერიკაში, ინგლისში თუ ისრაელში და მაღალი ცხოვრების ხარჯები აქვთ, IT სექტორი ისეთი სფეროა, რომ გვაძლევს უფლებას remote იმუშაონ და შესაბამისად ეძებენ სხვა ქვეყნებს, სადაც შეუძლიათ გადავიდნენ, იცხოვრონ და იმუშაონ. ანუ ეძებენ ქვეყნებს, სადაც შედარებით ნაკლებად სიძვირეა, კარგი ამინდია, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კრიმინალი არ არის. სადაც უსაფრთხოდაც გრძნობენ თავს და კარგი პირობები არის სამუშაოდ. სადაც მთაც აქვთ, ზღვაც და ა.შ. ასეთი ქვეყანა კი არის საქართველო. ბევრი გადავიდა ბალიზე. აშშ-ს შემთხვევაში მიდიან უფრო პუერტო-რიკოში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ხალხი ჩვენს ქვეყანაში დავაკავოთ და აქ ჩამოვიყვანოთ. ჩვენი ინიციატივის მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციის განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას. ასევე ტექნოლოგიური სექტორის უფრო განვითარდება. რა ბენეფიტები ექნება ამას? უფრო განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.
აღნიშნული ინიციატივის ძალაში შესვლის შემდეგ, რა მოლოდინები არსებობს, რა გავლენა ექნება მას სექტორზე, ეკონომიკურ ზრდაზე?
- ამ ინიციატივას ექნება ბევრი გავლენა, თუმცა მე ყურადღებას რამდენიმეზე გავამახვილებ:
1) ბიუჯეტში შემოსავლის ზრდა - ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პირდაპირ ეკონომიკაში, ბიუჯეტში შემოსვლების ზრდა იქნება. იმიტომ, რომ ეს უცხოელი სპეციალისტები, რომელიც ძვირადღირებული ხალხია შემოვლენ, გადაიხდიან გადასახადებს და მხარს დაუჭერენ შიდა მოხმარებას, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება, ანუ იქირავებენ ბინას და ასე შემდეგ.
2) ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება - ანუ უცხოელ IT სპეციალისტს, რომ მოვიზიდავთ ის დაეხმარება ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიური სექტორის ზრდას. ანუ ცოდნის გაზიარება იქნება, კოოპერაცია ანუ თანამშრომლობა იქნება და ინოვაციები უფრო წავა წინ.
3) კადრების ნაწილში დივერსიფიკაცია იქნება. მაგალითად, კონკრეტული მიმართულენით არ გვყავს სპეციალისტები - ასეთი დარგის სპეციალისტები შემოვლენ და უკვე რომ კითხავენ სად ცხოვრობ, მაგალითად მაიკროსოფტიდან დამქირავებელი, პასუხი იქნება საქართველოდან გემუშავები და უკვე მერე ქართველიც რომ გავა, ეს გარკვეული პრაქტიკაა.
4) უცხოური ინვესტიციის მოზიდვა - ადამიანი გეგმავს, რომ გახსნას ოფისი და სად წავიდეს ფიქრობს. საქართველოში 150-მდე IT კომპანია შემოვიდა. ის პირდაპირ იძახის, რომ საქართველოში გავხსნი კომპანიას, იმიტომ რომ სამ წლიან ცხოვრების უფლებას მაძლევენ და არ მექნება შეზღუდვები.
5) არაპირდაპირი ეფექტები - სტიმულს აძლევს სხვა სექტორებს. მაგალითად, უძრავი ქონება გაიზრდება, ტრანსპორტი, ტურიზმი, განათლება და ა.შ. ამ ყველაფერს რაც მოჰყვება ეს არის.
6) საერთაშორისო იმიჯის გაძლიერება - იციან, რომ უკვე ამ ქვეყანაში ბევრი პროფესიონალი ცხოვრობს
7) ადგილობრივი ტალანტების შენარჩუნება - გადინება შედარებით ნაკლებად მოხდება.
ეს არის 7 მთავარი უპირატესობა, რაც შემიძლია გითხრათ, თუ რა გავლენა ექნება.
კონკურენციის თვალსაზრისით, როგორი შეიძლება იყოს ეფექტი და რა შესაძლებლობები გაჩნდება?
- კონკურენციით დღეს, ჩვენს რეგიონში და ცოტა იქეთ მეტწილად გვეკონკურენტება სერბეთი. სერბეთში ბევრს უნდოდა, ცოტა სომხეთმაც გაიყვანა და ევროკავშირში, ყველაზე მეტად ესპანეთი აქტიურობს. იქ ვისაც 3500 ევროზე მეტი შემოსავალი აქვს პირდაპირ აძლევენ ცხოვრების უფლებას. ჩვენს შემთხვევაში ისიც მინდა დავამატო, რომ ჩვენ ცხოვრების უფლებას, რომ მივცემთ პირს, სულ რომ პასპორტის ვადა ეწურებოდეს, სადამდეც აქვს ცხოვრების უფლება, იქამდე იქნება ლეგალი. უკრაინის შემთხვევაში პასპორტის ვადა, რომ იწურება შენს ქვეყანაში უნდა წახვიდე, რომ გააკეთო პასპორტი. იქ წასვლა ომში წასვლას ნიშნავს. ამიტომ აღარ მოუწევთ წასვლა და IT ბინადრობას პირდაპირ მიიღებენ აქ.
IT ბინადრობა არამხოლოდ ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას ემსახურება, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გამოცოცხლებას. ეს ინიციატივა არის პასუხი თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე და უკეთესი მომავლის გზამკვლევი, როგორც ადგილობრივებისთვის ისე უცხოელებისთვის.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ ბაზარს მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს - ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
20.02.2026.15:36
„ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, IT ბინადრობის შემოღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განმარტა, ადგილობრივი ტექნოლოგიური სექტორი ნელ-ნელა ფართოვდება, და რელოკირებული, მაღალი კვალიფიკაციის კადრებთან ერთად მუშაობა ადგილობრივ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, კვალიფიკაცია აიმაღლონ და ექსპერტიზა შეიძინონ.
„საქართველოს პოტენციალი გააჩნია, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს ბაზარს, თუმცა დღეს არ ვართ მაგ ეტაპზე. ამ მიზნისკენ მივდივართ, ანუ ის შრე ფართოვდება, უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება ტექნოლოგიურ სექტორში, თუმცა იმისათვის, რომ ამ ადამიანების კვალიფიკაცია ამაღლდეს, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, გარდა განათლებისა, არის, რომ მათ გამოცდილ კადრებთან თანამშრომლობა. ის, რომ რელოკაციით გადმოვიდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები და დღეს მუშაობენ ქართველებთან ერთად, ეს შესაძლებლობა არის ადგილობრივი მუშახელისთვის, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და ის, ეგრეთ წოდებული ექსპერტიზა და ცოდნა გადაეცეთ მათ და რაღაც ეტაპზე უკვე ადგილობრივი კადრები ჩამოყალიბდნენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის კადრებად“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეფექტური სტრატეგიის შექმნა სჭირდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ინდუსტრიაც.
„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზე, სტრატეგიული ხედვის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ ინდუსტრია, საგანმანათლებლო სექტორი და სხვა მხარეები. მათ შორის, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერები და ელექტროენერგიის მიმწოდებლებიც უნდა იყვნენ ჩართულები სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან ეს წარმოადგენს ერთობლიობას და ხედვას, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ თავისი როლი მომდევნო წლებში“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე,