25 ადგილზე 500 აპლიკაცია - რამ განაპირობა Lineate Dev School-ის კურსზე მზარდი მოთხვნა
Lineate Dev School-ის სტუდენტების პირველმა ნაკადმა სწავლა უკვე დაასრულა და სკოლა შემოდგომიდან ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. Lineate Dev School-ი ეს არის Lineate Georgia-ს მიერ დაარსებული სასწავლო კურსი, რითაც კომპანია დამწყები დეველოპერების გადამზადებაზე და მათ დასაქმებაზე ზრუნავს. Lineate Dev School-ში სწავლა უფასოა, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა 3 თვეა.
რას სთავაზობს Lineate Dev School-ი სტუდენტებს და რატომ უნდა იყოს დამწყები დეველოპერი Lineate Dev School-ში სწავლით დაინტერესებული, Business Insider Georgia-ს Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე ესაუბრა.
Lineate Dev School-ი კომპანიის შიდა გადამზადების პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც შიდა კადრებმა, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებმა. აქვე უნდა გამოვყო, რომ ამ ნაკადში გვყავდა სკოლის მოსწავლეებიც, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ტესტირებებში და გასაუბრებებში საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასაკობრივი ზღვარი არ გვქონოდა. პირველმა ნაკადმა სწავლა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.
ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან და როდესაც Lineate Dev School-ის კურსი შევქმენით, ერთ-ერთი ნაწილი იყო ამ უნივერსიტეტებში შეხვედრების გამართვა. სასწავლო კურსის ნაკადში ჩვენი თანამშრომლების ჩათვლით, ჯგუფში 25 ადგილი გვქონდა გამოყოფილი. შერჩევის პროცესში შემოვიდა 500-მდე აპლიკაცია. შემდეგი ეტაპები იყო აპლიკაციის გადარჩევა, ტესტირება.
ჩვენ გავუგზავნეთ აპლიკანტებს ტესტები, რაც გადარჩევის ერთგვარი ფილტრი იყო. შემდეგ გაიარეს გასაუბრება და 500 მსურველიდან 25 შეირჩა. საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. Lineate Dev School-ი არის უფასო და ეს არ არის მხოლოდ განათლების კომპონენტი, ასევე არის სტაჟირება.
სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს, კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ და შემდგომ უკვე დამწყებ დეველოპერად დასაქმებას.
Lineate Dev School-ის კურსდამთავრებულებს ვაძლევთ 2 სახის სერტიფიკატს, ჩვენი პროგრამა 2 ეტაპისგან შედგება. შუალედში სტუდენტები წერენ ტესტირებას და შემდგომ გადადიან მენტორშიპის ეტაპზე. იმ სტუდენტებს, რომლებმაც პირველი ეტაპი დაასრულეს წარმატებით, გადაეცემათ დასწრების სერტიფიკატი, ხოლო მათ ვინც მთლიან კურსს გაივლის, კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი გადაეცემათ. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ვართ ამერიკული კომპანია და გამომდინარე აქედან ჩვენს მიერ გაცემული სერტიფიკატი საერთაშორისოა, რადგანაც ის ამერიკული კომპანიის სახელითაა გაცემული.
ეს ჰიბრიდული მოდელია, რაც გულისხმობს იმას, რომ კვირაში ერთხელ დაახლოებით 4 საათი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, ჩვენს ოფისში, ხოლო შემდგომ უკვე ონლაინ სწავლება. სპეციალური გაკვეთილები ჩაწერილია ჩვენი ლექტორების მიერ, რომელსაც სტუდენტები სახლში გადიან.
სტუდენტებისთვის კვირაში ერთხელ არის ე.წ სამუშაო საათები, სადაც ადგილზე და ონლაინ მასალებს ლექტორებთან ერთად გადიან. რაც შეეხება პირველ ნაკადს, ჩვენი პროგრამა იყო java პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ჩვენ ვგეგმავთ სამომავლოდ, რომ გავაკეთოთ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები. შემდეგი კურსი დაგეგმილი გაქვს ე.წ. Front end, რომელსაც ვარაუდობთ, რომ შემოდგომაზე გავუშვებთ.
სავარაუდოდ ისევ 25 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი გვექნება, რადგანაც 25 მეტი სტუდენტის აყვანის შემთქვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. აქედან გამომდინარე კვლავ 25 სტუდენტს მივიღებთ. რადგან Lineate არის ე.წ. Full Stack კომპანია.
ვაპირებთ, რომ პროგრამები ყველა მიმართულებით ჩავუშვათ - იქნება ეს frontend, back-end, QA, თუ IT მენეჯმენტის მიმართულება.
რადგან შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ მაღალი იყო, ოცდახუთივე სტუდნტი შუალედურამდე წარმატებულად გამოგვყვა. შემდეგ იყო გაცხრილვის ეტაპი, რომელიც ყველამ ბოლომდე გაიარა. საკმაოდ მოტივირებული ადამიანები გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
რამდენი კურსდამთავრებულის აყვანას გეგმავს სტაჟირებაზე Lineate Georgia?
ჩვენ რაოდენობაში შეზღუდულები არ ვართ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარადგენენ პროექტებს. თუ ყველა იქნება საუკეთესო, ცხადია, ყველას ავიყვანთ. გეტყვით, რომ სტაჟირებისას ისინი იმუშავებენ რეალურ პროექტებზე და ჩვენს ამერიკელ მომხმარებლებთან. უკვე გაქვს თანხმობა, რომ მათ პროექტზე მივამაგროთ სტაჟიორი და ისინი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით რეალური პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ. სტაჟირება 3-თვიანია. თუ დავალებებს კარგად გაართმევენ თავს, კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ 1 თვის შემდეგ მათ ხელშეკრულება გაუფორმოს და Lineate Georgia-ს სრულფასოვანი თანამშრომლები გახდნენ.
გადამზადების პროგრამა არ არის ჩვენი ძირითადი ბიზნესი, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია ვახორციალებთ Lineate Dev School-ს არიან ბაზარზე ტრენინგ პროვაიდერები, უნივერსიტეტები და ასე შემდეგ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის უნივერსიტეტის ალტერნატივა.
ჩვენ არ ვასწავლით ნულიდან, ჩვენი პროგრამა არის გათვლილი იმაზე, რომ ზემოდან ის პრაქტიკული ცოდნა დავამატოთ და შევავსოთ ის თეორიული ცოდნა, რომელსაც სტუდენტები იღებენ უნივერსიტეტებში. არ შევდივართ კონკურენციაში არც ტრენინგ-პროვაიდერებთან და არც უნივერსიტეტებთან. ჩვენი პროგრამა უფასოა, თუ დავინახავთ რომ ბაზარზე მიწოდების კუთხით კვალიფიციური კადრები, ჩვენი ტრენინგის გარეშეც არსებობენ, რა თქმა უნდა კურსს აღარ განვაგრძობთ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე ამის საჭიროება არსებობს და Lineate Dev School-ის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ. მივცეთ შესაძლებლობა იმ სტუდენტებს, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტებს, რომ შრომით ბაზარზე უკვე მაღალი კვალიფიკაციით შევიდნენ.
ყოველთვის მომყავს მაგალითი, თუ რატომ გვყავს ამდენი იურისტი, ფინანსისტი და ეკონომისტი. 2000-იან წლებში მაღალი შემოსავალის მიღების მიზნით იურიდიული ან ეკონომიკური განათლება უნდა მიგეღოთ. დღეს Lineate-ს მსგავსად ბევრი საერთაშორისო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც პროექტები აქვთ მთელს მსოფლიოში და ჩვენს სექტორში ანაზღაურება 3 ჯერ მეტია ვიდრე საშუალო ხელფასი საქართველოში. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო მეტი სტუდენტი გადაწყვეტს ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.14:00
Self.HR ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2021 წლიდან ქმნის ინოვაციურ, ციფრულ პლატფორმას HR პროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ნინო ფეიქრიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
“Self.HR ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2021 წლიდან ქმნის ინოვაციურ, ციფრულ პლატფორმას HR პროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივებისთვის.
Self.HR სისტემა პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი სივრციდან მართონ სრული HR პროცესი - თანამშრომლის შერჩევიდან და აყვანიდან მის offboarding-მდე და გაიმარტივონ ადამიანური რესურსების მართვა.
ჩვენი კვლევები პარტნიორებთან აჩვენებს, რომ Self.HR სისტემის გამოყენება რუტინულ ადმინისტრაციულ დავალებებზე დახარჯულ დროს 60%-ით, ხოლო ხარჯებს 30%-ით ამცირებს.
გვახარებს ის ფაქტი, რომ დაფუძნებიდან 4 წელიწადში Self.HR საქართველოში ყველაზე მსხვილ SaaS მოდელის ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა და ინოვაციური მიდგომებით სრულად შეცვალა ორგანიზაციების ხედვა პროცესების გაციფრულების მიმართ.
ვამაყობთ იმითაც, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიები უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმებიდან გადმოვიდნენ სრულიად ქართულ HR სისტემაზე, რაც ნიშნავს იმას, საქართველოშიც შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების, კონკურენტუნარიანი პროდუქტი.
დღეს ჩვენი პლატფორმით 1200-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო კომპანია მართავს HR პროცესებს, ვებ და მობილური აპლიკაციებით კი 120,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს.”
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
“Self.HR რეალურად ქართული ბაზრის მოთხოვნაზე საპასუხოდ შევქმენით. ციფრულ HR პლატფორმაზე მოთხოვნა ნამდვილად მაღალი იყო, თუმცა იმ დროისთვის არსებული უცხოური და ადგილობრივი სისტემების გამოყენება საკმაოდ მსხვილ წინასწარ ინვესტიციას მოითხოვდა, რაც განსაკუთრებით რთული იყო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
სწორედ ამიტომ ავირჩიეთ SaaS ბიზნეს მოდელი და HR ციფრული ტრანსფორმაცია ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველასთვის: როგორც მცირე, ასევე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის. თუმცა დასაწყისში საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ორგანიზაციებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად შესაძლებელია დიდი წინასწარი ინვესტიციის გარეშე ისარგებლონ სრულყოფილი HR სისტემით და ერთი სივრციდან მართონ სრული HR პროცესი — თანამშრომლის აყვანიდან მის offboarding-მდე.
ძალიან გვახარებს ის ფაქტი რომ დღეს, გარდა მსხვილი ორგანიზაციებისა, ხშირად მოგვმართავენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას და სურთ თავიდანვე მარტივად, სწრაფად და ციფრულად მართონ ადამიანური რესურსი და შექმნან თანამედროვე, თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
“ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ირჩევენ კომპანიები Self.HR-ს, სისტემის All-in-One პრინციპია. რაც გულისხმობს იმას, რომ პლატფორმა მოიცავს HR პროცესების მართვის საჭირო ყველა მოდულს.
შესაბამისად, Self.HR სისტემის ადმინისტრატორს ერთ სივრცეში აქვს თავმოყრილი ყველა ხელსაწყო, რაც ეხმარება, დაზოგოს დრო და უფრო ორგანიზებული და მარტივი გახადოს მუშაობის პროცესი.
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად იქცა პროდუქტის ხელმისაწვდომობაც, ანუ SaaS ბიზნესი მოდელი. გარდა იმისა, რომ SaaS მოდელმა მომსახურება ფინანსურად ხელმისაწვდომი გახადა, ასევე უზრუნველყო სისტემის სწრაფად დანერგვის და მუდმივად განახლებული სერვისის მიღების შესაძლებლობა, რაც ბევრად უმარტივებს ორგანიზაციებს HR ციფრულ ტრანსფორმაციას.
Self.HR-ის კიდევ ერთი მთავარი ღირებულება და მათ შორის უპირატესობაც, ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით დაცვაა.
2023 წელს Self.HR-ში ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დავნერგეთ და ISO/IEC 27001 სერტიფიკატი მივიღეთ.
წელს კომპანიაში დავნერგეთ ISO27017, ISO27018 სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს Cloud სერვისებთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროცესების კიდევ უფრო მაღალ დონეზე მართვას. აგვისტოს ბოლოსთვის კი ვემზადებით TÜV Rheinland-ის აუდიტის პროცესისთვის.
დღეს Self.HR სისტემა ერთადერთი ქართული HR პლატფორმაა ბაზარზე, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იქმნება და ფლობს ISO/IEC 27001, 27017, 27018 სერტიფიკატებს.
და ბოლოს, ჩვენი კომპანიის წარმატება განაპირობა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებამ, რომელსაც Self.HR-ის გუნდი ქმნის. დღეს ეს ადამიანები დგანან ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და განვითარების უკან და ზრუნავენ იმაზე, რომ ყოველი წამი, რომელსაც მომხმარებლები Self.HR-თან ინტერაქციას უთმობენ მათთვის საუკეთესო გამოცდილება იყოს.”
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
“2024 ჩვენთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. პირველად გავცდით ქვეყნის ფარგლებს და უზბეკეთის ბაზარზე შევედით. აქვე განვათავსეთ სერვერული ინფრასტრუქტურა და უკვე ვემსახურებით რამდენიმე უზბეკურ კომპანიას.
2025 წლისთვის სწორედ ცენტრალურ აზიაზე გავაკეთებთ ძირითად ფოკუსს. გეგმაში გვაქვს, კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი უზბეკურ და ყაზახურ ორგანიზაციებს და უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი შევიძინოთ.
პარალელურად, ვაგრძელებთ Self.HR სისტემის განვითარებას. წლის მთავარი პროექტი არის AI-ის ინტეგრაცია სისტემის ყველა მოდულში.
გარდა ამისა, ვმუშაობთ 2 ახალ პროდუქტზე, რომლებზეც ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებს სულ მალე გავუზიარებთ.”
ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : http://www.self.hr/