მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი ₾4.5 მილიარამდე გაიზარდა, შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული | Galt & Taggart

news image

Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს ,,IT სექტორი საქართველოში", რომლის თანახმადაც ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) სწრაფი ტემპით გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი გახდა. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ექსპორტზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომსახურების ექსპორტში. 2024 წელს ICT ექსპორტმა 842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 10.9% იყო. 2025 წლის 9 თვეში ICT ექსპორტი წლიურად 52.3%-ით გაიზარდა და 898 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 14.0%-ს შეადგენდა.

ICT სექტორის ზრდაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი IT ქვე-სექტორია. 2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.1-ჯერ აღემატებოდა. შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს IT სერვისების ექსპორტი წლიურად 9.2%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო IT კომპანიის შედარებით სუსტ შედეგებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, მცირე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ზრდის ფონზე, სექტორის საერთო ბრუნვა 2024 წელს 48.8%-ით გაიზარდა.

IT სექტორის ზრდისა და ექსპორტის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო კომპანიებია, რასაც დიდწილად ხელი შეუწყო 2020 წელს საგადასახადო შეღავათების შემოღებამ. შედეგად, საქართველოს IT სექტორი მცირე, ლოკალური დარგიდან საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბდა. სექტორის ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წელს, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საერთაშორისო IT კომპანიებისა და სპეციალისტების რელოკაციის შედეგად.

საერთაშორისო კომპანიებისა და კვალიფიციური კადრების შემოსვლამ IT სექტორში ხელფასების დონე გააორმაგა 2020-24 წლებში, რის შედეგადაც ეს სფერო კარიერულად განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. მაღალი ანაზღაურებისა და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების ფონზე, IT განათლებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა – საქართველოში ამჟამად 21 უნივერსიტეტში 12,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

IT კურსდამთავრებულების მზარდი მიწოდების პარალელურად, ადგილობრივ დასაქმების პლატფორმებზე IT სპეციალისტებზე მოთხოვნა შესუსტდა, რაც   რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI-ის)  ფართო დანერგვამ განაპირობა. მეორეს მხრივ, ქართველი IT სპეციალისტების საერთაშორისო ჩართულობა გაიზარდა – GitHub-ზე საქართველოდან რეგისტრირებული დეველოპერების რაოდენობა 2024 წელს წლიურად 22%-ით გაიზარდა და 138.3 ათასს მიაღწია.

IT სექტორის გლობალიზაციისა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციის ფონზე, გლობალურ ტენდენციებთან ადაპტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამუშაო ძალის სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. AI-ის მიერ საბაზისო ამოცანების ავტომატიზაციის შედეგად, მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება მაღალი სპეციალიზაციის მქონე კადრებსა და AI-სთან დაკავშირებულ პოზიციებზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაოს შესრულება თანაბრად გადანაწილდება ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის, რაც კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უწყვეტი გადამზადების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.  ამ ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.

საგადასახადო შეღავათების გარდა, საქართველოს კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს ინტერნეტის შედარებით დაბალი ღირებულება და ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირებული ინტერნეტ ინფრასტრუქტურა კვლავ ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებს, მობილური ინტერნეტის სიჩქარე 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალს უსვამს ხაზს.

საერთო ჯამში, IT სექტორის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია, კვალიფიკაციის ამაღლება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალოვადიან პერიოდში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი - განათლებიდან ინვესტიციამდე, რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია l ავთანდილ კასრაძე

06.04.2026.13:18

სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, 500 Global- მა საქართველოში, 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები. მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი იდეების დახვეწის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მათთვის საჭირო სხვა საკითხების შესახებ. ამასთანავე, მათ ექნებათ წვდომა ახალ სანაცნობო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპების სწრაფ განვითარებასა და ზრდას.

როგორც GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრსაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულია, რომ 500 Global in Eurasia-თან პარტნიორობით საქართველოში უკვე მეათედ იმართება რეგიონული აქსელერაციის პროგრამა.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი, რომელმაც ეკოსისტემას მხოლოდ ცოდნა და მენტორობა კი არა, რეალური საინვესტიციო კაპიტალიც მოუტანა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი — განათლებიდან ინვესტიციამდე — რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 15 ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  500 Global in Eurasia.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა