2025 წელს ქვეყნიდან IT სერვისების ექსპორტი $1.2 მილიარდის ფარგლებში იქნება - ვახტანგ თურნავას პროგნოზი
საქართველოს ეკონომიკაში ICT სექტორის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვახტანგ თურნავამ განაცხადა, IT სფეროს წილი მშპ-ში უკვე 8%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით მკვეთრი ზრდაა და მას საგადასახადო შეღავათები, საერთაშორისო კომპანიების ზრდა და ექსპორტის გაფართოება განაპირობებს.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მშპ-ს 8%-ს ზუსტად IT ტექნოლოგიებმა შეადგინა. ეს არის ზუსტად ის მიმართულება, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ.
ეს ზრდა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, არა მარტო დღევანდელმა სიტუაციამ, არამედ ზუსტად იმ პოლიტიკამ, რაც გავატარეთ. კერძოდ, ძალიან კარგად იმუშავა იმ 5%-იანმა განაკვეთმა საშემოსავლოზე, რაც ჩვენ წლების წინ დავნერგეთ. დღეს საქართველოში ოპერირებს 207-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩამოდიან უცხოელები საქართველოში, ხსნიან აქ კომპანიებს, ძირითადად ქართველებს ასაქმებენ და საქართველოდან ეწევიან IT ექსპორტს.
და ზუსტად ასეთი ექსპორტი 2025 წლის 9 თვის მონაცემებით არის დაახლოებით 800 მილიონი დოლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. 2025-ში ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, რაც ამ სფეროსთვის არის ძალიან კარგი. და ვფიქრობ, რომ კიდევ ის ინიციატივები, რა ინიციატივებიც გვაქვს, მოგვცემს კიდევ იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ. მე ვგულისხმობ შრომით ბინადრობას, რაც შარშან მე პირადად დავაინიციირე. არის პატარა ხარვეზები, უფრო სწორად ჯერ მაინც ეჭვის თვალით უყურებენ, სამწლიან ბინადრობას ვგულისხმობ“, - აღნიშნა ვახტანგ თურნავამ.
პარლამენტის წევრის განცხადებით, საქართველო ცდილობს IT სპეციალისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბდეს. მისი თქმით, ინიციატივა სამწლიანი ბინადრობის შესახებ მიზნად ისახავს უცხოელი IT პროფესიონალების მოზიდვას, რათა მათ საქართველოში იცხოვრონ, იმუშაონ და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებითი ვალუტა და ცოდნა შემოიტანონ.
„სამწლიანი ბინადრობა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კონკრეტულად IT სფეროში არის დასაქმებული - IT ვინაიდან არის მაღალანაზღაურებადი პროფესია - ჩვენ ვეძახით ექსპატებს, ანუ უცხოელებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და არა სხვა ქვეყანაში. ძირითადად ბალიზე და ასეთ ქვეყნებში მიდიან, სადაც ცხოვრობენ და იქიდან მუშაობენ და იქ შეაქვთ ეს დოლარი. მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ არა, საქართველოა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც შენ ნამდვილად გინდა, რომ აქ იცხოვრო, იმუშაო და აქ შემოიტანო ის IT ექსპორტი, ანუ ის ვალუტა, ის განათლება.
აღსანიშნავია ე.წ. „სპილოვერის“ (spillover) ეფექტიც, როდესაც საქართველოში უცხოელი სპეციალისტი ჩამოდის და აქედან მუშაობს, ის ცოდნას გარშემომყოფებსაც უზიარებს და მათ დასაქმებაშიც ეხმარება. გარდა ამისა, როდესაც საერთაშორისო დამსაქმებელი ხედავს, რომ მისი თანამშრომელი საქართველოდან წარმატებით მუშაობს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარი რეკლამაა. შედეგად, როდესაც სხვა ქართველი სპეციალისტი იმავე ან მსგავს კომპანიაში ცდილობს დასაქმებას, დამსაქმებელს უკვე აქვს დადებითი გამოცდილება და ნდობა ქართული სამუშაო ბაზრის მიმართ.
ეს გვაძლევს უპირატესობას სხვა ქვეყნებთან შედარებით. არიან კონკურენტი ქვეყნები, სომხეთიც ძალიან აქტიურად ჩაერთო ასეთი ნაკადის თავისკენ დაჭერისთვის, ასევე ესპანეთიც ჩაერთო, ასევე სერბეთი და ჩვენ სწორ დროს, სწორ მომენტში მივიღეთ გადაწყვეტილება. სამწლიანი ბინადრობა უადვილებს მათ საქართველოში დარჩენას და იმ რისკებს უზღვევს, რომ რაღაც ერთ წლის მერე რა ვქნა, ის აღარ ექნებათ. პირიქით, სამი წელი არის ზუსტად ის ვადა, რაც შეუძლიათ, რომ დარწმუნებით იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და აქედან იმუშავებენ“, - აღნიშნა ვახტანგ თურნავამ.
სხვა სიახლეები
საქართველოში IT სექტორში 52 000 ადამიანია დასაქმებული - ვახტანგ თურნავა
26.03.2026.21:00
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვახტანგ თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ICT სექტორი გლობალურ კონკურენციაშია ჩართული. მისივე განცხადებით, მხოლოდ საგადასახადო შეღავათები საკმარისი არ არის და ქვეყანას დამატებითი უპირატესობებით უწევს უცხოელი სპეციალისტებისა და კომპანიების მოზიდვა, მათ შორის ცხოვრების ხარისხით, უსაფრთხო გარემოთი და განათლების პროგრამებით, მაშინ როცა სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 52 000-ს აღწევს და საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
„ადამიანს ბევრი რამ სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს. თუნდაც კომპანიამ თვითონ გადაწყვიტოს, რომ აქ შემოვიდეს. რა თქმა უნდა უყურებს იმ ბენეფიტებს, სად წავიდეს, რომელ ქვეყანაში წავიდეს. ბევრი ქვეყანა სთავაზობს, მათ შორის დუბაი - ახლა ცოტა რთული იქნება მათთან წასვლა. ძალიან დიდ კონკურენციაა.
რა აინტერესებს ხომ უცხოელს საქართველოში როცა ჩამოდის? რომ იყოს სიმშვიდე, სიწყნარე, კრიმინალი არ იყოს, დაბალი დონე იყოს კრიმინალის, კარგი საჭმელი იყოს, კარგი ქვეყანა იყოს, ბინა იქირავოს და კომფორტულად მოკლედ კომფორტულად იგრძნოს თავი.
ვფიქრობ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ ექსპატი ჩამოვიდეს, იცხოვროს და აქედან იმუშაოს.
დღეს საქართველოში მთლიანად IT სექტორში სადღაც 52 000 კაცი უკვე დასაქმებული, ქართველიან-უცხოელიანად და ჩვენ გვინდა, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გავზარდოთ. ამისთვის ბევრი ნაბიჯი არის გადადგმული, განსაკუთრებით სწავლების ნაწილში არის ბევრი ნაბიჯი გადადგმული. უკვე პროფესიული განათლება უკვე წინ წამოვიდა და უკვე ახალი რეფორმით მაგალითად უკვე სტუდენტებს შეეძლებათ, რომ მაგალითად პროფსასწავლებელში ჩააბარონ და არა მხოლოდ უნივერსიტეტში და ისწავლონ IT მიმართულება.
ასევე, მერია "ისწავლე და დასაქმდის" პროგრამით დასაქმებას. ახლა იყო ერთ-ერთი ბოლო პრეზენტაცია, მაგრამ ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და 15 000 ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, რაც ძალიან კარგია და ძალიან მისასალმებელია, როდესაც ქვეყანა და მუნიციპალიტეტი ასე უდგას მოქალაქეებს გვერდში. ამიტომ ვისაც უნდა სწავლა, ასევე არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ისწავლოს, შევიდეს მერიის საიტზე, იქ იპოვოს კონკრეტული კურსი, აირჩიოს და დარეგისტრირდეს და აირჩიოს ის სასწავლებელი სადაც უნდა ისწავლოს. და სულ რაღაც 7-დან 12 თვემდე პერიოდის სწავლის შემდეგ უკვე შეუძლია, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონდეს.
მინდა შეგახსენოთ, რომ ზოგადად ICT სფეროში საშუალო ხელფასი არის 4 500 ლარამდე, რაც BPO-ებსაც მოიცავს, აუთსორსინგულ კომპანიებს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულად ტექნოლოგიების კომპანიაზე, სადაც კოდს წერენ ან AI-სთან მუშაობენ და ასე შემდეგ, მანდ უკვე სადღაც 7 500 ლარზე არის საშუალო ხელფასი, რაც ნიშნავს, რომ ზოგს აქვს 15 000, ზოგს 5 000, მაგრამ საშუალო ხელფასი უკვე 7 000 ლარია, რაც ქვეყანაში 3.5-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო ხელფასი“, - აცხადებს ვახტანგ თურნავა.