2022 წლიდან ICT სექტორი ქვეყანაში ყველაზე სწრაფად მზარდია - ვახტანგ თურნავა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, 2022 წლიდან ICT სექტორი ქვეყანაში ყველაზე სწრაფად მზარდია.
„მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8,2% შეადგინა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით, 4,5 მლრდ ბოლო 9 თვის განმავლობაში იყო ქვეყნიდან ექსპორტზე გასული და ეს დოვლათი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ერთი წლის წინ ეს რიცხვი იყო 39%-ით ნაკლები. ანუ, ეს არის მზარდი, არ ჩერდება და ამისთვის საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული და ჩვენი ქვეყნიდან უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა ვახტანგ თურნავამ.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს - ავთანდილ კასრაძე
12.02.2026.20:34
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ. ამ ეტაპზე Radio City- ში სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროგრამის პირველი ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც Startupbootcamp და Plug and Play ახორციელებს. მიმდინარე წლის ივლისიდან კი მათ 500 Global და Founder Institute შეურთდება.
როგორც ავთანდილ კასრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მსოფლიო დონის საერთაშორისო აქსელერატორებმა ქართული სტარტაპებისთვის გადამზადების პროგრამა უკვე დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი დაეხმარება ქართულ სტარტაპებს, ძალიან სწრაფად უზრუნველყონ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
„საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას თითოეული სტარტაპისთვის აქვს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რითაც თითოეული ქართული სტარტაპი მინიმუმ სამი წელი ნულპროცენტიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, დამატებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ტექნოლოგიური სიკეთეების საქართველოს მოქალაქეებამდე მაქსიმალურად მიტანას, იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვუზრუნველყოთ.“ - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. “ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს.