„თამაშობანა“ ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიაა
„თამაშობანა“ ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია სხვადასხვა თაობის ადამიანების თამაშის გზით გაერთიანება. კომპანია 7 წლის წინ შეიქმნა და ამ დრომდე 15-მდე საავტორო სამაგიდო თამაში აქვს შექმნილი.
„თამაშობანას“ პროდუქცია ადამიანებს ეხმარება სწავლაში, გართობასა და ახალი უნარების შეძენაში. თითოეული თამაშის შექმნის პროცესი კომპლექსურია — თავდაპირველად განისაზღვრება მიზანი, ამოცანა, გამოწვევა, რომელიც ამ პროცესში უნდა გადაიჭრას. ეს პროცესი გაიარა „თამაშობანას“ გამორჩეულმა თამაშმა ,,იოგა ბავშვებისთვის“, რომელიც ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.
,,ვფიქრობ, წარმატების საიდუმლო ინგრედიენტი ჩვენი, დამფუძნებლებისა და კომპანიაში მომუშავე თითოეული ადამიანის სიყვარულია, რომელიც ამ ბრენდის მიმართ გვაქვს“ - ნაუ სონღულაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი.
სწორედ კომპანიის მიმართ სიყვარულმა და პროდუქტების განვითარებაზე უწყვეტად მუშაობამ მიიყვანა ,,თამაშობანა“ Speilwarenmesse-ზე, სათამაშოების ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე ჯერ 2019, შემდეგ კი 2023 წელს. „თამაშობანას“ დამფუძნებლის აზრით, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებისთვის გამოფენებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ ღონისძიებებზე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ აუდიტორიასთან, გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს და შეიძინონ მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორები
„სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით პირველად 2019 წელს მოვხვდით ამ გამოფენაზე. მაშინ სექტორიდან მხოლოდ 4 კომპანია ვიყავით, რადგან ეს სფერო არცთუისე პოპულარული იყო. სწორედ სააგენტოს მხარდაჭერისა და დაუზოგავი შრომის შედეგია, რომ ქვეყნის განვითარების კუთხით, სათამაშოების სექტორი პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდია“ - ნაუ სონღულაშვილი, ,,თამაშობანას“ დამფუძნებელი.
2023 წელი ,,თამაშობანასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, კომპანიას უამრავი საექსპორტო პროექტი ელოდება. ასევე, წლის ბოლოს იგეგმება ,,თამაშობანას“ კონცეპტუალური სივრცის გახსნა, რომელიც ღია იქნება ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს, შეიმეცნოს, გაერთოს და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ითამაშოს.
სათამაშოების სექტორი საქართველოში დღითი დღე ვითარდება და იზრდება. განსაკუთრებით კი იზრდება მეწარმე ქალების რიცხვი, რომლებიც ქართული კომპანიების სახელებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ამკვიდრებენ.
,,ქალბატონებს ვურჩევდი რომ არასდროს დაკარგონ საკუთარი თავისა და იდეის რწმენა. იყვნენ უფრო მეტად გამბედავები, რადგან არ არსებობს უშეცდომო გზა და ყოველთვის დაიტოვონ დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის“ - ნაუ სონღულაშვილი, ,,თამაშობანას“ დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
სიახლე „პლანტველისგან“ - ბიოსერტიფიცირებული, გამომშრალი მარწყვის ფანტელი
30.03.2026.16:00
მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ „პლანტველმა“ მომხმარებელს სასარგებლო წასახემსებელი - მარწყვის ფანტელი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
„ჩვენს მეურნეობასთან არის გერმანული საშრობი, თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებითა და კარგი ინფრასტრუქტურით. გადავწყვიტეთ, მარწყვი გამოგვეშრო, სატესტოდ პირველად შარშან ვცადეთ. ტესტირების პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: გავიარეთ ყველა კომპონენტი, გამოვავლინეთ ყველა რისკ-ფაქტორი და დავადგინეთ, სად რა იყო საჭირო. ამის შემდეგ შევქმენით სრულფასოვანი პროდუქტი, მოვახდინეთ მისი ბრენდირება და გამოვუშვით ბაზარზე. ეს არის ჩვენი ბიო სერტიფიცირებული, გერმანულ საშრობში გამომშრალი მარწყვი, ყოველგვარი დანამტის გარეშე, ფანტელის ფორმით. იგი არის სასიამოვნო და სასარგებლო წასახემსებელი, ასევე იდეალურად გამოიყენება ფაფებში, იოგურტებში და კონდიტერიაში.
სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ფანტელის მასშტაბური წარმოება “, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა სანერგე, რაც წლის ბოლოდან ნერგის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სანერგე. წლების განმავლობაში თავად ვზრდიდით ბიო ნერგს მარწყვის მისაღებად, იტალიელი კონსულტანტის დახმარებით. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით პრობლემაა ბიო ნერგის მიღება, ამიტომ ჩვენი ნერგი ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებით მზადდებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ნერგი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ფერმერებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს, რაც მეურნეობის გაშენებისთვის მნიშვნელოვანია.
სანერგეს რეგისტრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ნერგის რეალიზაციაც მოვახდინოთ. წლევანდელ ნერგს, რომელსაც გამოვიყვანთ, უკვე იქნება სერტიფიცირებული სანერგედან. ჰექტარზე საჭიროა 50 000 ნერგი, ჩვენ კი 2 ჰექტარი გვაქვს. ნერგის გამოცვლა ხდება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ, და ამ პროცესს აქამდე მხოლოდ ჩვენთვის ვახდენდით. წლის ბოლოდან კი ჩვენი ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგი სხვა მეურნეობებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება “, აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, “პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.