ხის სათამაშოების ოჯახური ბიზნესი „კოკიტო“ ვეროკავშირის ბაზარზე გასვლას ცდილობს
„კოკიტო" ხის სათამაშოების ოჯახური ბიზნესია, რომლის უკანაც ქალი მეწარმეები, მარიკა გრიგოლიშვილი და ლალიკო გოგიბერიძე დგანან.
„კოკიტოს" მიზანი დასაწყისშივე ნათელი იყო — ქართველ ბავშვებს წვდომა ჰქონოდათ უსაფრთხო განმავითარებელ სათამაშოებზე, შემდგომში კი ეწარმოებინათ პროდუქცია საექსპორტო ბაზრისთვის. ასე შექმნა კომპანიამ მრავალფეროვანი სათამაშოები 0 დან 6 წლამდე ბავშვებისთვის, რომელთა შორისაა: ხის ცხენები, ასაწყობი კუბები, ფაზლები, მექანიკური სათამაშოები, უპედლო ველოსიპედები და სხვა.
„,კოკიტოს" თითოეული მოდელი შთაგონებულია მონტესორისა და ვალდორფის მიდგომებით და ბავშვებს ნატიფი მოტორიკის ადრეულ ასაკშივე განვითარებასა და სენსორული არხების სტიმულირებაში ეხმარება.
„სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დახმარებით, ჩვენ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში - Spielwarenmess-ში. გამოფენის ფარგლებში ვითანამშრომლეთ გერმანელ კონსულტანტთან და ურთიერთობა დავამყარეთ გერმანულ ბრენდებთან“, - ამბობს მარიკა გრიგოლიშვილი,
„კოკიტოს" თანადამფუძნებელი. კომპანიას ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები აქვს 10-მდე გერმანულ კომპანიასთან, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებში ეძებენ პარტნიორებს.
„კოკიტომ" უკვე გააგზავნა კომპანიებთან საცდელი ნიმუშები და რამდენიმე ცნობილი ბრენდის წარმომადგენელსაც უმასპინძლა საქართველოში.
„კოკიტოს" საწარმოში ყოველთვიურად 500-600 ერთეული პროდუქტი მზადდება, თუმცა დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ინტერესის გაზრდის შემთხვევაში, პროდუქციის რაოდენობის გაათმაგებას შეძლებენ.
„ჩვენ ყოველდღიურად არ ვიშურებთ რესურსს ბრენდის განვითარებისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და პროფესიულ განვითარებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი კომპანია მზადაა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და გაცილებით უფრო პროფესიონალურად წარმოაჩინოს ბრენდის სახე როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო დონეზე", - ამბობს მარიკა გრიგოლიშვილი.
„კოკიტოს" დამფუძნებლები დამწყებ მეწარმეებს ურჩევენ, რომ ჩაერთონ მეწარმეებისთვის განკუთვნილ ყველა შესაძლო პროექტსა და გამოფენაში და გამოიყენონ ეს შანსი საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობის გასაზრდელად.
სხვა სიახლეები
სიახლე „პლანტველისგან“ - ბიოსერტიფიცირებული, გამომშრალი მარწყვის ფანტელი
30.03.2026.16:00
მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ „პლანტველმა“ მომხმარებელს სასარგებლო წასახემსებელი - მარწყვის ფანტელი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
„ჩვენს მეურნეობასთან არის გერმანული საშრობი, თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებითა და კარგი ინფრასტრუქტურით. გადავწყვიტეთ, მარწყვი გამოგვეშრო, სატესტოდ პირველად შარშან ვცადეთ. ტესტირების პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: გავიარეთ ყველა კომპონენტი, გამოვავლინეთ ყველა რისკ-ფაქტორი და დავადგინეთ, სად რა იყო საჭირო. ამის შემდეგ შევქმენით სრულფასოვანი პროდუქტი, მოვახდინეთ მისი ბრენდირება და გამოვუშვით ბაზარზე. ეს არის ჩვენი ბიო სერტიფიცირებული, გერმანულ საშრობში გამომშრალი მარწყვი, ყოველგვარი დანამტის გარეშე, ფანტელის ფორმით. იგი არის სასიამოვნო და სასარგებლო წასახემსებელი, ასევე იდეალურად გამოიყენება ფაფებში, იოგურტებში და კონდიტერიაში.
სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ფანტელის მასშტაბური წარმოება “, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა სანერგე, რაც წლის ბოლოდან ნერგის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სანერგე. წლების განმავლობაში თავად ვზრდიდით ბიო ნერგს მარწყვის მისაღებად, იტალიელი კონსულტანტის დახმარებით. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით პრობლემაა ბიო ნერგის მიღება, ამიტომ ჩვენი ნერგი ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებით მზადდებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ნერგი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ფერმერებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს, რაც მეურნეობის გაშენებისთვის მნიშვნელოვანია.
სანერგეს რეგისტრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ნერგის რეალიზაციაც მოვახდინოთ. წლევანდელ ნერგს, რომელსაც გამოვიყვანთ, უკვე იქნება სერტიფიცირებული სანერგედან. ჰექტარზე საჭიროა 50 000 ნერგი, ჩვენ კი 2 ჰექტარი გვაქვს. ნერგის გამოცვლა ხდება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ, და ამ პროცესს აქამდე მხოლოდ ჩვენთვის ვახდენდით. წლის ბოლოდან კი ჩვენი ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგი სხვა მეურნეობებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება “, აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, “პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.