„ჰენდიკრაფტი“ - პირველი ქართული საძილე ტომარა ბავშვებისთვის
„ჰენდიკრაფტი“ საბავშვო განმავითარებელი სათამაშოების, ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებელი ერთ-ერთ პიონერი კომპანიაა საქართველოში.
ბრენდის ისტორია 2017 წლიდან იწყება, როცა ახალბედა დედამ გადაწყვიტა, იმპორტირებული პროდუქციის შეძენის ნაცვლად, მივიწყებული ჰობი გაეცოცხლებინა და თავად შეექმნა ტანსაცმელი და აქსესუარები ახალშობილისთვის. პატარა სამკერვალოს გახსნით თამარ კობახიძემ დიდი მიზნების განხორციელება დაიწყო და დღეს „ჰენდიკრაფტის“ პროდუქცია უამრავ ქალს უმარტივებს დედობის პროცესს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ „ჰენდიკრაფტს“ ეკუთვნის საქართველოში შექმნილი პირველი საძილე ტომარა ჩვილებისთვის.
სწორედ ეს იყო პროდუქტი, რომელმაც ბრენდის თავდაპირველი პოპულარობა განაპირობა.
„ჰენდიკრაფტის“ პროდუქციის მთავარი ფუნქცია ცხოვრების გამარტივებასთან ერთად მშობლებისა და ბავშვების ხარისხიანი ინტერაქციის ხელშეწყობაა. ამ მიზნით, კომპანიამ შექმნა განმავითარებელი ხალიჩები, რომელიც, ისევე როგორც „ჰენდიკრაფტის“ სხვა პროდუქტები, ეკოლოგიურად სუფთა 100%-იანი ბამბის ქსოვილისგან მზადდება, არის რეცხვადი და სრულად შეესაბამება სათამაშოების ევროპულ სტანდარტს EN71.
„პროდუქციის დიზაინზე მუშაობა ღრმა ძიების პროცესია, იმის გახსენება, თუ რა გვინდოდა გვქონოდა ბავშვობაში, რა გაგვახარებდა, როგორი თამაში მოგვეწონებოდა და ა.შ. რაც მთავარია, ჩვენი ყველა სათამაშოს შექმნის დროს პირველი მომხმარებლები ჩვენი გუნდის, თანამშრომლების შვილები არიან“ , - ამბობს თამარ კობახიძე, „ჰენდიკრაფტის“ დამფუძნებელი.
„ჰენდიკრაფტის“ პროდუქცია საზღვრების მიღმაც საკმაოდ პოპულარულია.
კომპანია წარმოდგენილია ელექტრონული კომერციის ისეთ ვეგვერდებზე, როგორიცაა Etsy და Amazon.
გუნდი აქტიურად მუშაობს უცხოურ ბაზარზე ფიზიკურ ფორმატში გაყიდვაზე.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, კომპანია წარმოდგენილი იყო უმსხვილეს გამოფენაზე Spielwarenmesse, სადაც ქართულმა საბავშვო პროდუქციამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„სააგენტოს როლი უმნიშვნელოვანესია თითოეული მეწარმისთვის, რადგან საშუალება გვეძლევა ჩვენი პროდუქტები უცხოელ მომხმარებლებსაც ვაჩვენოთ. ვფიქრობ, ექსპორტის წახალისებისთვის სწორედ მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობის მიღებაა აუცილებელი“, - ამბობს თამარ კობახიძე.
„ჰენდიკრაფტი“ სამომავლო გეგმებში საერთაშორისო პლატფორმებზე ბრენდის განვითარება და პოტენციურ მყიდველეთან აქტიური თანამშრომლობაა.
კომპანიას იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ წელში უკვე სრულფასოვნად იქნება რამდენიმე ქვეყანაში წარმოდგენილი. კომპანიის დამფუძნებელი დამწყებ მეწარმეებს ურჩევს, არ შეუშინდნენ სირთულეებს, რადგან ამ გზის გავლის გარეშე წარმატება არ მიიღწევა. ,
,იყო ქალი მეწარმე საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსეა. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, არ შეუშინდეთ სირთულეებს და თუკი იდეა გაქვთ, აუცილებლად სცადეთ თავი მეწარმეობაში“ , - ამბობს „ჰენდიკრაფტის“ დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
სიახლე „პლანტველისგან“ - ბიოსერტიფიცირებული, გამომშრალი მარწყვის ფანტელი
30.03.2026.16:00
მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ „პლანტველმა“ მომხმარებელს სასარგებლო წასახემსებელი - მარწყვის ფანტელი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
„ჩვენს მეურნეობასთან არის გერმანული საშრობი, თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებითა და კარგი ინფრასტრუქტურით. გადავწყვიტეთ, მარწყვი გამოგვეშრო, სატესტოდ პირველად შარშან ვცადეთ. ტესტირების პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: გავიარეთ ყველა კომპონენტი, გამოვავლინეთ ყველა რისკ-ფაქტორი და დავადგინეთ, სად რა იყო საჭირო. ამის შემდეგ შევქმენით სრულფასოვანი პროდუქტი, მოვახდინეთ მისი ბრენდირება და გამოვუშვით ბაზარზე. ეს არის ჩვენი ბიო სერტიფიცირებული, გერმანულ საშრობში გამომშრალი მარწყვი, ყოველგვარი დანამტის გარეშე, ფანტელის ფორმით. იგი არის სასიამოვნო და სასარგებლო წასახემსებელი, ასევე იდეალურად გამოიყენება ფაფებში, იოგურტებში და კონდიტერიაში.
სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ფანტელის მასშტაბური წარმოება “, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა სანერგე, რაც წლის ბოლოდან ნერგის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სანერგე. წლების განმავლობაში თავად ვზრდიდით ბიო ნერგს მარწყვის მისაღებად, იტალიელი კონსულტანტის დახმარებით. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით პრობლემაა ბიო ნერგის მიღება, ამიტომ ჩვენი ნერგი ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებით მზადდებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ნერგი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ფერმერებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს, რაც მეურნეობის გაშენებისთვის მნიშვნელოვანია.
სანერგეს რეგისტრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ნერგის რეალიზაციაც მოვახდინოთ. წლევანდელ ნერგს, რომელსაც გამოვიყვანთ, უკვე იქნება სერტიფიცირებული სანერგედან. ჰექტარზე საჭიროა 50 000 ნერგი, ჩვენ კი 2 ჰექტარი გვაქვს. ნერგის გამოცვლა ხდება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ, და ამ პროცესს აქამდე მხოლოდ ჩვენთვის ვახდენდით. წლის ბოლოდან კი ჩვენი ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგი სხვა მეურნეობებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება “, აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, “პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.