გორგოლაჭების ბრენდი „მისკუზი“ გაფართოებას გეგმავს
ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ადგილობრივი ბრენდი მისკუზი (miscusi ) გამოჩნდა.
იდეა სამ მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც ფინანსების მოძიებისა და მატერიების გადარჩევის გრძელი ეტაპების შემდეგ შეძლეს, შეექმნათ პირველი ქართული ეკომეგობრული გორგოლაჭები.
მარიამ ქემოკლიძე „მისკუზის“ თანადამფუძნებელი
როგორ გადაწყვიტეთ ქართული გორგოლაჭების ბრენდის შექმნა და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბიზნესის წამოწყების პროცესში შეგხვდათ?
2015 წელს დისკო თემატიკის ღონისძიება გავმართეთ. მახსოვს, როგორ გვწყდებოდა გული, ქართულ ბაზარზე გორგოლაჭები რომ არ მოიპოვებოდა. თავდაპირველად ვფიქრობდით, უცხოური ბრენდის პროდუქცია შემოგვეტანა საქართველოში. გვსურდა, მრავალფუნქციური სივრცე შეგვექმნა, სადაც მომხმარებლები მოვიდოდნენ, გაერთობოდნენ და დაეუფლებოდნენ სპორტის აღნიშნულ სახეობას.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამის შესახებ შემთხვევით შევიტყვეთ, რამაც ჩვენი გეგმები სრულიად ამოაყირავა და პრიორიტეტებიც განსხვავებულად დალაგდა. მივხვდით, რომ ამ სფეროში უფრო მნიშვნელოვანი როლის მორგება შეგვეძლო - თავად შეგვექმნა პროდუქტი რომელსაც შემდგომ მომხმარებლებს შევთავაზებდით.
მიზნისკენ მიმავალი გზა იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. გამოცდილება არ გვქონდა, ამიტომ ჯერ თავად მოგვიწია საქმის შესწავლა და შემდგომ ჯგუფის სხვა წევრებისთვის გაზიარება. ჩვენი მხრიდან აუცილებელი მოთხოვნა ვეგანური მასალის გამოყენება იყო, რაც საქართველოში საკმაოდ რთული მოსაძიებელი გახდა. საბოლოოდ, ნედლეულის ჩამოტანა სხვა ქვეყნიდან შევძელით.
რომელიმე თქვენგანს თუ ჰქონდა ბიზნესის მართვის გამოცდილება?
პატარა ასაკიდან ყველას გვქონდა პატარ-პატარა სტარტაპები, თუმცა ამ მასშტაბის ბიზნესთან შეხება აქამდე არ გვქონია.
რა იყო თქვენი ტოპ ორი მოტივაცია ბიზნესის დასაწყებად?
მოტივაცია, პირველ რიგში, საკუთარ თავებთან იმის დამტკიცება იყო, რომ მიზანს აუცილებლად განვახორციელებდით.
გარდა ამისა, უდიდესი მოტივაცია საქმისადმი და ზოგადად ამ სპორტისადმი სიყვარულმა მოგვცა. როდესაც იაზრებ, რომ შეგიძლია გახდე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ სფეროს განვითარებაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში, ყველაფერი უფრო მეტ სტიმულს გაძლევს.
ვინ მუშაობს „მისკუზის“ დიზაინზე და ვისთვის არის განკუთვნილი თქვენი პროდუქცია?
მისკუზის დიზაინზე დამფუძნებლებმა თანაბრად ვიმუშავეთ. მთავარი მიზანი იყო, ყოფილიყო კლასიკური საციგურაო ფეხსაცმლის უფრო მარტივი, დახვეწილი, გემოვნებიანი თანამედროვე ვერსია. გარდა ამ სპორტის მოყვარულებისა, „მისკუზი“ არის ყველასთვის, ვისაც სიახლეები უყვარს.
რა იქნება საუკეთესო რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ერიდებიან რისკის გაღებას და ეშინიათ ბიზნეს იდეების განხორციელების?
რჩევა, რომელსაც ყველას ყოველთვის ვაძლევთ არის ის, რომ სცადონ ყველაფერი, მიიღონ მონაწილეობა ყველა პროექტში, ნუ შეეშინდებათ, რომ ვინმე მათ იდეას მოიპარავს და ამის გამო არ მოერიდონ იდეის გამჟღავნებას. ყველაზე დიდი შეცდომა არის იდეის დაფარვა და საკუთარი სახსრების ლოდინი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წელი და საბოლოოდ, შესაძლოა ვერც განხორციელდეს. გამოიყენეთ ყველა შანსი და შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.
ამ გადმოსახედიდან, ბიზნესის წამოწყების ეტაპზე დაშვებულ რომელ შეცდომას გამოასწორებდით?
განვითარების საუკეთესო საშუალება ისევ საკუთარ შეცდომებზე სწავლაა. გარდა ამისა, მგონია, რომ რადიკალური შეცდომები არ დაგვიშვია, რაც საქმეში შეფერხებას გამოიწვევდა. ამიტომ, ალბათ ყველაზე სწორი იქნება, ყველაფერს თუ ისე დავტოვებთ, როგორც არის.
როდის იგრძენით, რომ წარმატებისთვის გაღებული შრომა ამ შედეგებად ღირდა?
სანამ პროდუქციას გაყიდვაში ჩავუშვებდით, უამრავი სატესტო მოდელი შევქმენით, რომელსაც ჩვენი მეგობრები და „როლერები“ მუდმივ რეჟიმში ტესტავდნენ.
გაყიდვებში ჩაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ გადაღებაზე მოგვიწია 6 საათი გაუხდელად გვცმოდა გორგოლაჭი. დღის ბოლოს, როდესაც ყველაფერს მოვრჩით და გავიაზრეთ რომ 6 საათის მანძილზე დისკომფორტი ოდნავაც არ გვიგრძვნია, მივხვდით რამხელა გზა გავიარეთ პირველი მოდელის შემდეგ და რა შედეგამდეც მივედით. ეს იყო ის პირველი კმაყოფილების შეგრძნება, რაც ჩვენი შრომით მივიღეთ. შემდეგ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავში გახდა.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ბრენდის სამომავლო განვითარება?
ჩვენი ბრენდის უახლოეს გეგმებში წარმოების გაზრდა და პროდუქციის ექსპორტზე გატანაა. თუმცა, საწარმოს განვითარების პარალელურად არ ვივიწყებთ ჩვენს პირვანდელ იდეას და მუდმივად ვმუშაობთ სივრცის შექმნაზე — ვხვდებით ინვესტორებს და ვეძებთ საუკეთესო ვარიანტს ამ იდეის განსახორციელებლად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
04.11.2023.00:00
საწარმოს საქართველოს საექსპორტო მიმართულების ორგანიზებით, 23 ქართული კომპანია მონაწილეობს საკვები და სასმელების მთავარ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე - Anuga 2023, რომელიც 2023 წლის 7-11 ოქტომბერს ტარდება.
ამ მნიშვნელოვან სავაჭრო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორი პავილიონით. საკვების პავილიონში წარმოდგენილია ქართული კომპანიების პროდუქცია, მათ შორის თხილი, ნუში, კაკალი, ლურჯი მოცვი, მურაბები, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა და მზა პროდუქტები. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩაი.
ღონისძიება ტრადიციულად ტარდება გერმანიის ქალაქ კიოლნში. Anuga ყოველწლიურად დაახლოებით 165,000 დამთვალიერებელს იზიდავს და მასში მონაწილეობს დაახლოებით 7,500 გამომფენი. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობაა საკვებისა და სასმელების სექტორში, რომლის მთავარი მიზანია ბიზნეს ურთიერთობების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა.
საწარმოს საქართველოს ორგანიზებით, ქართული კომპანიები ამ გამოფენაში უკვე მეხუთედ იღებენ მონაწილეობას.