„გოგორა“ - ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია
„გოგორა“ - ასე ჰქვია ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელ ქართულ კომპანიას, რომელიც 4 შვილის დედამ, ნინო რაზმაძემ შექმნა. მას გამოცდილება არც გაყიდვების და არც ბიზნესის მართვის მიმართულებით ჰქონია, თუმცა საქმეში ჩართვის შემდეგ მიხვდა, რომ ეს საქმიანობა მისთვის საკმაოდ ახლობელია;
„გოგორას“ მრავალფეროვანი პროდუქცია ორ მთავარ კატეგორიად იყოფა — ქართული ფოლკლორული ხის სათამაშოები და ავეჯი, რომელიც ინსპირირებული და თავსებადია მონტესორის, პიკლერის, ვალდორფის ბავშვთა აღზრდის ჰუმანისტურ მეთოდებთან. ბრენდის მიზანია ბავშვებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და განმავითარებელი გარემოს შექმნა და ამ პროცესში ძველი, ნაცადი იდეებისა და თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება.
,,ღრმად მწამს, რომ თუ გვსურს ხვალ უკეთესი მსოფლიო გვქონდეს, დღეს მეტად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების მენტალური ჯანმრთელობა. ამიტომ ვფიქრობთ, მეტად საპასუხისმგებლო მისია გვაქვს - მხარი დავუჭიროთ ბავშვების ჯანსაღად აღზრდით დაინტერესებულ უფროსებს ბავშვების ჰუმანურ, გონიერ, თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესში“ — ნინო რაზმაძე, „გოგორას“ დამფუძნებელი.
„გოგორა“ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ბენეფიციარია და ბრენდინგის კომპონენტით სარგებლობს. კომპანიის დამფუძნებელს გავლილი აქვს სააგენტოს ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, „გოგორა“ ცოტა ხნის წინ გერმანიაში, სათამაშოების ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე spielwarenmesse იმყოფებოდა. გამოფენაზე კომპანიის საბავშვო პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
დასასრულს მიუახლოვდა „გოგორას“ მასშტაბური პროექტი მაღალმთიან აჭარაში. ქედის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ გუნდაურში პირველი ენერგოეფექტული და მწვანე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მოეწყო. გარდა წარმოებისა, აქ იქნება ტურისტული ლოკაციაც, სადაც დაინტერესებულ პირებს ადგილობრივი ოსტატების ვორკშოპებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
,,გვჯერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით წარმოება საქართველოს მთაშიც შესაძლებელია“ — ნინო რაზმაძე, „გოგორას“ დამფუძნებელი.
„გოგორა" არ აპირებს შეჩერებას და spielwarenmesse-ზე დაწყებული მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანას და კომპანიის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას გეგმავს.
კომპანიის დამფუძნებელი კი დამწყებ მეწარმეებს ურჩევს:
მთავარია პროექტის განხორციელების ხარისხი, და არა მხოლოდ - მოგება;
სხვა სიახლეები
სიახლე „პლანტველისგან“ - ბიოსერტიფიცირებული, გამომშრალი მარწყვის ფანტელი
30.03.2026.16:00
მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ „პლანტველმა“ მომხმარებელს სასარგებლო წასახემსებელი - მარწყვის ფანტელი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
„ჩვენს მეურნეობასთან არის გერმანული საშრობი, თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებითა და კარგი ინფრასტრუქტურით. გადავწყვიტეთ, მარწყვი გამოგვეშრო, სატესტოდ პირველად შარშან ვცადეთ. ტესტირების პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: გავიარეთ ყველა კომპონენტი, გამოვავლინეთ ყველა რისკ-ფაქტორი და დავადგინეთ, სად რა იყო საჭირო. ამის შემდეგ შევქმენით სრულფასოვანი პროდუქტი, მოვახდინეთ მისი ბრენდირება და გამოვუშვით ბაზარზე. ეს არის ჩვენი ბიო სერტიფიცირებული, გერმანულ საშრობში გამომშრალი მარწყვი, ყოველგვარი დანამტის გარეშე, ფანტელის ფორმით. იგი არის სასიამოვნო და სასარგებლო წასახემსებელი, ასევე იდეალურად გამოიყენება ფაფებში, იოგურტებში და კონდიტერიაში.
სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ფანტელის მასშტაბური წარმოება “, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა სანერგე, რაც წლის ბოლოდან ნერგის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სანერგე. წლების განმავლობაში თავად ვზრდიდით ბიო ნერგს მარწყვის მისაღებად, იტალიელი კონსულტანტის დახმარებით. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით პრობლემაა ბიო ნერგის მიღება, ამიტომ ჩვენი ნერგი ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებით მზადდებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ნერგი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ფერმერებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს, რაც მეურნეობის გაშენებისთვის მნიშვნელოვანია.
სანერგეს რეგისტრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ნერგის რეალიზაციაც მოვახდინოთ. წლევანდელ ნერგს, რომელსაც გამოვიყვანთ, უკვე იქნება სერტიფიცირებული სანერგედან. ჰექტარზე საჭიროა 50 000 ნერგი, ჩვენ კი 2 ჰექტარი გვაქვს. ნერგის გამოცვლა ხდება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ, და ამ პროცესს აქამდე მხოლოდ ჩვენთვის ვახდენდით. წლის ბოლოდან კი ჩვენი ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგი სხვა მეურნეობებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება “, აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, “პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.