ფინტექის როლი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის - სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს უმასპინძლებს
საქართველოს ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. 6 აპრილს, რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს, ლევან შალამბერიძეს სტარტაპ გრაინდი უმასპინძლებს.
ქართველი ინვესტორი ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გლობალური ინვესტიციების შესახებ საკუთარ ცოდნას გაუზიარებს, რომელიც მან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით მიიღო.
ლევან შალამბერიძეს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში განხორციელებული აქვს 1 000 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები. ის ძირითად აქცენტს ფინტექზე აკეთებს, თუმცა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მან სადაზღვევო ტექნოლოგიების მიმართულებასაც გაუხსნა გზა.
ღონისძიებაზე განიხილავენ შემდეგ თემებს: გაკვეთილები, რაც ვისწავლეთ მილიარდიანი ფინტექ მოლაპარაკებებიდან განვითარებადი ქვეყნების ჭრილში; ფინტექის როლი ქართულ ეკონომიკაში; ბაზრის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
„საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ხელს უწყობს ფინტექ სფეროში ჩართული საზოგადოების ცოდნის განვითარებას და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს საინტერესო ღონისძიებებს. ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფინტექ მიმართულების კიდევ უფრო განვითარება და ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის მიცემა - შექმნან ახალი კომპანიები და აკეთონ საკუთარი საქმე კიდევ უფრო კარგად. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მომავალ დამფუძნებლებსა და ინვესტორობით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა მიეცემათ, გაიგონ მეტი, როგორც ინვესტიციის მოზიდვის ეტაპებსა და გამოწვევებზე, ასევე ინვესტორების ხედვებსა და ღირებულებებზე“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი.
ცნობისთვის, Startup Grind-ის ინიციატივით წლების განმავლობაში თბილისმა ისეთ გამოცდილ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებს უმასპინძლა, როგორებიც არიან ბილ რეიჩერტი, მარვინ ლიაო, შილ მოჰტონი და სხვები. ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. რეგისტრაციის გავლას კი, მითითებულ ბმულზეშეძლებთ: https://go.bog.ge/3U5O1ld
საქართველოს ბანკთან ერთად ღონისძიების პარტნიორები არიან: Nexia TA, Entrepreneur.com, MediaLab, Dev.ge.
სხვა სიახლეები
სიახლე „პლანტველისგან“ - ბიოსერტიფიცირებული, გამომშრალი მარწყვის ფანტელი
30.03.2026.16:00
მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ „პლანტველმა“ მომხმარებელს სასარგებლო წასახემსებელი - მარწყვის ფანტელი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
„ჩვენს მეურნეობასთან არის გერმანული საშრობი, თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებითა და კარგი ინფრასტრუქტურით. გადავწყვიტეთ, მარწყვი გამოგვეშრო, სატესტოდ პირველად შარშან ვცადეთ. ტესტირების პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: გავიარეთ ყველა კომპონენტი, გამოვავლინეთ ყველა რისკ-ფაქტორი და დავადგინეთ, სად რა იყო საჭირო. ამის შემდეგ შევქმენით სრულფასოვანი პროდუქტი, მოვახდინეთ მისი ბრენდირება და გამოვუშვით ბაზარზე. ეს არის ჩვენი ბიო სერტიფიცირებული, გერმანულ საშრობში გამომშრალი მარწყვი, ყოველგვარი დანამტის გარეშე, ფანტელის ფორმით. იგი არის სასიამოვნო და სასარგებლო წასახემსებელი, ასევე იდეალურად გამოიყენება ფაფებში, იოგურტებში და კონდიტერიაში.
სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ფანტელის მასშტაბური წარმოება “, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა სანერგე, რაც წლის ბოლოდან ნერგის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სანერგე. წლების განმავლობაში თავად ვზრდიდით ბიო ნერგს მარწყვის მისაღებად, იტალიელი კონსულტანტის დახმარებით. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით პრობლემაა ბიო ნერგის მიღება, ამიტომ ჩვენი ნერგი ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებით მზადდებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ნერგი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ფერმერებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს, რაც მეურნეობის გაშენებისთვის მნიშვნელოვანია.
სანერგეს რეგისტრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ნერგის რეალიზაციაც მოვახდინოთ. წლევანდელ ნერგს, რომელსაც გამოვიყვანთ, უკვე იქნება სერტიფიცირებული სანერგედან. ჰექტარზე საჭიროა 50 000 ნერგი, ჩვენ კი 2 ჰექტარი გვაქვს. ნერგის გამოცვლა ხდება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ, და ამ პროცესს აქამდე მხოლოდ ჩვენთვის ვახდენდით. წლის ბოლოდან კი ჩვენი ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგი სხვა მეურნეობებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება “, აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, “პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.