ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია
23 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა ჯუდოს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობისთვის კი ჯამში 15 ქართველი ჯუდოკა იასპარეზებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.
ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ:
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.)
21 წლის მსოფლიო ჩემპიონს მოგებული აქვს ევროპის ახალგაზრდული თასი და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი.
ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ.)
31 წლის ასაკში მის ანგარიშზე უკვე არის ორი ოქრო ევროპის ჩემპიონატებზე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი და, რაც მთავარია, ოლიმპიური ვერცხლი ტოკიოში; წელს ვაჟა თავისი წონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.
თემურ ნოზაძე (60 კგ.)
მან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გრან პრიზე 2019 წელს ბაქოში ოქროს მედალი მოიპოვა. წელს ვაჟას მსგავსად, თემურიც მედლისთვის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოლებს.
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)
ქართული ჯუდოს ლეგენდა, რომელსაც ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, ევროპის ჩემპიონი ადრეც გამხდარა და აქამდეც ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ მისთვის ყველა ტურნირი ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)
ბოლო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს სამჯერ აქვს მოგებული როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონატები. ტატო თავისი წონის მთავარი ფავორიტი იქნება მონტენეგროშიც.
ლუკა მაისურაძე (90 კგ.)
ლაშას მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონ ლუკა მაისურაძესაც აქვს ევროპის ჩემპიონატი მოგებული (სოფია 2022) - ის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროსმედალოსანიცაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც დიდი შანსია, ქართულმა ფინალმა გადაწყვიტოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ვინაობა.
გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.)
მას შემდეგ, რაც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატს ჩაეხსნა, ნიჭიერ ახალგაზრდა ჯუდოკას, წელს თბილისში გამართული გრან პრის ბრინჯაოს მედალოსანს, გიორგი ჯაბნიაშვილს შანსი მიეცა - მისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დიდი გამოცდილება იქნება.
ილია სულამანიძე (100 კგ.)
პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანსა და 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს ევროპის ჩემპიონატებზე ორი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული (2023 და 2024 წლებში).
გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)
ოლიმპიურ თამაშებზე ტედი რინერთან ცნობილი ინციდენტის შემდეგ დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებულმა გურამ თუშიშვილმა თბილისის გრან პრიზე უკვე დაამტკიცა, რომ მზად არის ასპარეზობისთვის. წინ მას ევროპის ჩემპიონატი ელოდება, რომელიც მსგავსი გამოწვევებისთვის გამორჩეულად კარგი საასპარეზო ტურნირია.
საქართველოს სახელით იასპარეზებენ:
ჯულიეტა როდონაია (48 კგ.); ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (57 კგ.); ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.); მარიამ ჭანტურია (70 კგ.); სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
რაც შეეხება შერეულ გუნდურ პირველობას, ჩვენს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ.), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან.
შარშან ხორვატიის დედაქალაქ ზარგებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 8 მედალი მოიპოვა - ინდივიდუალურ ასპარეზობაში 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო; შერეულ გუნდურ პირველობაში კი ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც მიიღო. მედლების ამ რაოდენობით საქართველომ გუნდურ ჩათვლაში დამაჯერებელი პირველი ადგილიც დაიკავა. დიდია მოლოდინები პოდგორიცაშიც.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი უკვე ოფიციალურად თბილისში გაიმართება, რაც დამატებით მოტივაციას აჩენს, მასპინძლის როლი ჩემპიონებმა მოვირგოთ და ისე გავაგრძელოთ უკეთესი შედეგებისათვის ბრძოლა უკვე ჩვენს დედაქალაქში.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის ჩემპიონატზე.
სხვა სიახლეები
საკრებულოში ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს
09.03.2026.18:46
თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიღება გაიმართა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით მოეწყო.
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა, ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
„დიდი პატივია, რომ დღეს გმასპინძლობთ საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. გილოცავთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ბოლო პერიოდში მიაღწიეთ. მსოფლიო რეიტინგში 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციამდე დაწინაურება კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი შრომის, მონდომებისა და გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის მხარდაჭერა და განვითარება. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, როგორ ძლიერდება ქალთა რაგბი და როგორ იზრდება ინტერესი ამ სპორტის მიმართ. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში სპორტის სიყვარულის გაძლიერებას.
მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ სპორტში და ქვეყნის სახელის წარმოჩენაში. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. გისურვებთ ახალ წარმატებებსა და კიდევ მრავალ გამარჯვებას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა მიმართა.
„დიდი პატივია ქალთა რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს გიმასპინძლოთ თბილისის საკრებულოში. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა თქვენი შრომისა და მიღწევების მიმართ. თქვენი გუნდი არ არის მხოლოდ სპორტული მიღწევების მაგალითი, თქვენ წარმოადგენთ სიმტკიცეს, მიზანდასახულობას და იმ ძალას, რომელიც ქალებს შეგვიძლია გამოვავლინოთ ნებისმიერ სფეროში.
თბილისის საკრებულოსთვის მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის მხარდაჭერა, რადგან სპორტი არ არის მხოლოდ თამაში, ეს არის ძლიერი საზოგადოება, რომელიც ახალ თაობებს აძლევს მაგალითს და ქმნის გამარჯვებების კულტურას”, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა სუთიაშვილის, თქმით, ეროვნული ნაკრების გამარჯვებისკენ სწრაფვა არა მხოლოდ სპორტული წარმატებაა, არამედ დიდი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელსაც გუნდმა 2026 წელს მიაღწია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ქალთა რაგბი განვითარებისა და წარმატების სწორ გზაზე დგას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქალთა რაგბის პოპულარიზაციას.
გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ შრომისა და ძალისხმევისთვის, რომელიც სპორტის განვითარებაში შეგაქვთ. გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიღწევები მომავალშიც გაახარებს საქართველოს“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა, რაგბის განვითარების დირექტორი ჯაბა მალაღურაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეონა ჩიტაიშვილი.
დედაქალაქის საკრებულოში გამართული ღონისძიების მიზანი ქალთა რაგბის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.
საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - მსოფლიო რეიტინგში გუნდმა 7 ქვეყანას გაუსწრო და 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენებს ქალთა რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის „ისი პარი“-ს საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.