ვიცი, რომ ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში პირველი ადგილი ჩვენი იქნება, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია კარგად ვითამაშოთ - ვილი სანიოლი
ვიცი, რომ ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში პირველი ადგილი ჩვენი იქნება, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია კარგად ვითამაშოთ, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
„ოქტომბერში სათანადო აგრესიულობა არ გამოგვიჩენია და უკრაინელებთან საშინაო შეხვედრაში ამის გამოსწორება მოგვიწევს. დვალის და გოგლიჩიძის არ ყოფნა უდიდესი დანაკლისია. ვინ მოხვდება მათ მაგივრად ძირითადში ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.
ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ვილი სანიოლის მომზადებული გუნდი უკრაინელებს უმასპინძლებს.
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.