სომხეთი VS საქართველო | რატომ არის მარტის შეხვედრები ასეთი მნიშვნელოვანი?
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.
ახლოვდება მორიგი უმნიშვნელოვანესი მატჩი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიის მორიგი ფურცლის დასაწერად ემზადება. კიდევ ერთი პლეი-ოფი, აჩქარებული გულისცემა, სტადიონის ხმაური და გამარჯვების მოლოდინი, რომელიც ქართველი ქომაგისთვის ნაცნობი შეგრძნება გახდა.
20 მარტს, გასვლით შეხვედრაში, ვილი სანიოლის გუნდი სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, საპასუხო შეხვედრას კი ქართველი ქომაგი 23-ში, “დინამო არენაზე” ელოდება. ორმატჩიანი დუელი, ე.წ. “კავკასიური დერბი” გამოავლენს, თუ რომელი ნაკრები გააგრძელებს ერთა ლიგის B ან C დივიზიონში ასპარეზობას.
სასიხარულოა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, მარტის შეხვედრებს შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან. თუკი მეტოქის ბანაკში არსებულ არეულობას, ახლადდანიშნულ მწვრთნელსა და სხვა მცირე, თუმცა მნიშვნელოვან ფაქტორებს გავითვალისწინებთ, ჩვენი იმედი გაცილებით უფრო რეალური ხდება.
ამ ორი მატჩის შედეგის მნიშვნელობა იმაზე გაცილებით წონიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: სომხეთის დამარცხებით და B დივიზიონში დარჩენით, საქართველოს ნაკრები ინარჩუნებს მეტ შანსს, რომ ზედიზედ მეორედ იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე. იმისთვის, რომ მეტად ინფორმირებულები ვიყოთ, ერთი შეხედვით, რთულ სქემას მაქსიმალურად მარტივი გზით აგიხსნით.
ევრო 2028
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული (1960), მასპინძელი ტურნირზე ავტომატურად იღებს მონაწილეობას. პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატს, 2028 წელს, 4 ქვეყანა - ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი უმასპინძლებს. ტურნირის წესდებით კი, მასპინძელ ქვეყნებზე მაქსიმუმ 2 გარანტირებული ადგილია გამოყოფილი. შესაბამისად, ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ტურნირის მასპინძელი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩეს?
ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს და პრეცედენტის თავიდან ასაცილებლად, უეფა-ს აქვს გეგმა, რომელიც, ყველაზე მეტად, დაბალი დივიზიონების ქვეყნებს დააზარალებს. საქართველოს სამომავლო შანსებს სწორედ ამ კუთხიდან განვიხილავთ.
2 გარანტირებული ადგილი 4 ნაკრებისთვის
ტურნირზე მონაწილე გუნდების გამოსავლენად, ტრადიციულად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, სადაც აღნიშნული ოთხეულიც (ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი)მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე სცენარი განვიხილოთ:
რა კავშირშია საქართველოს ნაკრები ამ ყველაფერთან?
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სრული წესდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სცენარის ლოგიკური თანმიმდევრობით, თავისუფალი ადგილების გადაცემა ყველაზე ნაკლებად A და B დივიზიონის გუნდებს დააზარალებს, რადგან ევროპის საუკეთესო გუნდები სწორედ აქ არიან თავმოყრილები. სამომავლო გამარჯვება, რომელსაც ქართველი ქომაგი სომხეთის ნაკრებთან ელოდება, ამ გზით, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს: ჩვენ შევინარჩუნებთ ადგილს ევროპულ საფეხბურთო ელიტაში და ერთა ლიგის გავლით, დაველოდებით ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ დამატებით შანსს, რომელიც იმ დაუჯერებელ ზღაპარსა და თავბრუდამხვევ ემოციებს მოგვაგონებს, რომლითაც ვილი სანიოლის ნაკრებმა ჩვენს მოგონებებში სამუდამოდ დაიდო ბინა.
წინ “კავკასიური დერბი” გველოდება:
სომხეთი VS საქართველო | 20 მარტი, 21:00 საათი;
საქართველო VS სომხეთ | 23 მარტი, 18:00 საათი.
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.