სომხეთი-საქართველოს მატჩის საჯარო ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში გასვლით შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან გამართავს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 20 მარტს, 21:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანი, სადაც საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.
„უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ტრადიციულად, მთელი შემართებით, დიდი ენერგიითa და გამარჯვების მოლოდინით უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ, ვინც მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მატჩის ღია ჩვენება დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის, ჩვენს ბიჭებს კი წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.