შესარჩევის დასასრული და ახალი ეტაპისთვის მზადება | ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2 მატჩს გამართავს საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 2 მატჩს გამართავს: 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს ვუმასპინძლებთ, 18-ში კი ბულგარეთს ვესტუმრებით.
4 მატჩში მოპოვებული 3 ქულით, საქართველო ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. საშინაო არენაზე, ვილი სანიოლის გუნდმა ბულგარეთი უშანსოდ დაამარცხა (3:0), თუმცა თურქეთთან (2:3, 1:4) და ესპანეთთან (0:2) დამარცხდა და ჯგუფიდან პლეი-ოფში გადასვლის მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნა.
2026 წლის მუნდიალზე მოსახვედრად, საქართველომ ორივე მატჩში უნდა გაიმარჯვოს, თუმცა ამავე დროს, თურქეთმა 0 ქულა უნდა დააგროვოს. თეორიული გათვლები და მცირე ალბათობა გვერდით რომ გადავდოთ, ეს ორი შეხვედრა მაინც არაერთი ინტრიგის მატარებელია: საინტერესოა, როგორ მოახერხებს დროებითი ჩავარდნის შემდეგ ძალების მობილიზებას ჩვენი გუნდი, რამდენად იმედიანად დავასრულებთ შესარჩევ ციკლს, ექნებათ თუ არა ახალწვეულებს თავის გამოჩენის საშუალება, უფრო მეტად ორგანული გახდება თუ არა ახალი სათამაშო სქემა ჩვენი ნაკრებისთვის და სხვ.
15 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველო “დინამო არენაზე” ესპანეთს, იგივე “ფურია როხას” დაუპირისპირდება. ბოლო წლების გათვალისწინებით, ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებთან პაექრობა ჩვენთვის სიახლე არ გახლავთ - მის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ძალიან კარგად ვიცნობთ. ესპანეთს მიმდინარე შესარჩევში 4 მატჩი აქვს გამართული, სადაც არამარტო 4-ვე მატჩში გაიმარჯვა, არამედ გოლიც არ გაუშვია (ბურთების შეფარდება: 15-0).
დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრები თანამედროვე სანაკრებო ფეხბურთის მწვერვალია. თუმცა ნავსი სადღაც ყოველთვის ტყდება. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის განაცხადში მოხვდნენ, ნოემბრის მატჩებისთვის სრული კონცენტრაციით ემზადებიან. ოთარ კიტეიშვილის შეფასებით, ეს იქნება გამოცდა: ფეხბურთელებმა საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცონ, რომ გუნდური სულისკვეთება კვლავ შენარჩუნებული აქვს ნაკრებს და რომ ბოლოდროინდელი ჩავარდნა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.
უზომოდ მოტივირებული ჩანს ჩინებულ ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ოქტომბრის თამაშებს, ასევე ტრავმის გამო, 100%-იანი მზადყოფნით ვერ შეხვდა. ხვიჩას თქმით, ამჟამად იგი გაცილებით კარგ ფორმაში იმყოფება და საშინაო არენაზე თამაშის ფონზე, გულშემატკივართან მიმართებაში მთელი ნაკრები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. “მომავალი წლისთვის მზადებას ახლა ვიწყებთ”, - აღნიშნა პარი სენ-ჟერმენის შემტევმა.
მეორე მხრივ, ამ შემართების ფონზე, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: ტრავმების გამო, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე გამოაკლდნენ. ასევე ხანგრძლივი მკურნალობისა და აღდგენის პროცესში იმყოფება გიორგი ჩაკვეტაძე. დისკვალიფიკაციის გამო, ესპანეთთან ვერ ითამაშებს გიორგი ქოჩორაშვილიც და შესაბამისად, ჩაკვეტაძე-ქოჩორაშვილი-კიტეიშვილის ტრიოში 2 ფეხბურთელის არყოფნა ჩვენს შუა ხაზს მნიშვნელოვნად დაასუსტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სანიოლს ნახევარდაცვის ხაზში გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძეც გამოაკლდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანიოლი რთული ამოცანის წინაშე დგას.
ამ ფონზე, მოედანზე შესაძლოა ახალი ფეხბურთელებიც ვიხილოთ. ჩვენს ნაკრებში ორი დებიუტანტია - ალექსანდრე ნარიმანიძე და იური ტაბატაძე. ორივე მათგანს აქვს პოტენციალი, რომ ჩვენი ნაკრები მნიშვნელოვნად გააძლიერონ. ნარიმანიძე 20 წლისაა - ტანმაღალი (191 სმ.) ცენტრალური მცველი, რომელიც საჰაერო ორთაბრძოლებითა და ბურთის მოკლე პასით ამოტანით გამოირჩევა. რაც შეეხება იური ტაბატაძეს, მას "კადისში” შთამბეჭდავი სეზონი აქვს (12 მატჩი, 4 გოლი, 2 ასისტი) და გუნდთან ერთად ესპანეთის ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.
შესარჩევ ციკლს საქართველო ბულგარეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს. მატჩი სოფიაში, 18 ნოემბერს, 22:45-ზე გაიმართება. ბულგარეთი ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია (4 მატჩი, 4 მარცხი, ბურთების შეფარდება: 1-16) და ცხადია, ამ ეტაპის დასრულებას დადებითი განწყობით ველოდებით.
ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ვილი სანილი ნაკრებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი, რასაც ამ ორი მატჩის განმავლობაში ვნახავთ, შემდეგი შესარჩევი ციკლის სამზადისი იქნება. თუ დავძლევთ არსებულს, სრულად გამოვიყენებთ პოტენციალს და ერთიანობის წერტილს დავიბრუნებთ, ზედიზედ მეორედ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლმა შეკრებაზე იხმო:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი, საქართველო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი).
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
რა რეალური შანსები აქვს კვარას „ოქროს ბურთზე“ | კვირას მაგია
30.04.2026.18:07
საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” და „ბაიერნმა“ ფეხბურთის გულშემატკივარს დაუვიწყარი სპექტაკლი უსახსოვრეს. 9-გოლიანი თრილერის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი და კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ორჯერ, აუღებელი დარტყმებით დალაშქრა.
განსაკუთრებით ეფექტური პირველი გოლი გამოდგა: მოხდენილი მოძრაობით ქართველმა შემტევმა იოსიპ სტანიშიჩს თავბრუ დაახვია, შემდეგ კი გამოცდილი გერმანელი მეკარის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.
მატჩამდე, ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სტანიშიჩს მოედანზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“.
როგორც აღმოჩნდა, წინასწარი მოლოდინი სრულად გამართლდა. სეზონის მეორე ნახევარში ხვიჩა კვარაცხელია ისეთ სათამაშო კონდიციებში შევიდა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია - ნებისმიერი კლუბის დაცვის ზღუდეს ქართველი ვარსკვლავი მარტივად ლახავს.
ფეხბურთში, გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობა ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობს, ხვიჩა კი პიკში სწორედ მაშინ შევიდა, როდესაც ტიტულებისთვის ბრძოლაში თითოეულ მოქმედებას გადამწყვეტი როლი აქვს.
გაგახსენებთ: ლონდონის "ჩელსისთან" სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შემდეგ ლონდონელებს გოლი საპასუხო შეხვედრაშიც გაუტანა. ითამაშა ნაკრებში და ისრაელს 2 გოლი გაუტანა, შემდეგ კი მორიგი დაუვიწყარი გოლი "ლივერპულთან" შემოგვთავაზა, სადაც მის თანამემამულეს, გიორგი მამარდაშვილს გვერდი ოსტატურად აუარა და ბურთი ცარიელ კარებში გადაგზავნა. საერთო ჯამში, ბოლო 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და იქნებ, ეს არცაა პიკი და ყველაფერი წინ გველოდება?
ოქროს ბურთის პრეტენდენტი?
სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Goal.com, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებად სიას გამოაქვეყნა, სადაც 16 აპრილის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია მე-11 პოზიციაზე იმყოფება. სტატიაში აღნიშნულია: “თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის საუკეთესო მოთამაშე დღეის მდგომარეობით უნდა დავასახელოთ, ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. თუმცა, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა, სავარაუდოდ, ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოზიციასთან, რომლის დაკავებაც მას „ოქროს ბურთის“ საბოლოო რეიტინგში შეუძლია.“
გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენა „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამ კონტექსტში, მიუნხენის „ბაიერნთან“ ნაჩვენები პერფორმანსი კვარაცხელიას ამ ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში კიდევ უფრო მაღლა წევს. ყოველ შემთხვევაში, Goal.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ “ოქროს ბურთი” უტოპია აღარაა”.
ხვიჩას ინდივიდუალური ოსტატობა, საგოლე ალღო და დაცვით ფაზაში აქტიური ჩართულობა, რასაც მისი ლიდერული ხასიათი ემატება, დღეს საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო ექსპერტების განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს.
უეინ რუნი კვარაცხელიას სათამაშო სტილს ასე აფასებს: „კვარაცხელია არაპროგნოზირებადია. მას აქვს ჯანსაღი სითავხედე, რომელიც მხოლოდ მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს ახასიათებთ. მან ზუსტად იცის, რომ მინდორზე საუკეთესოა”.
საქებარი სიტყვები ლეგენდებისგან
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქამდე არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. ქართველის თამაშით აღტაცებას ვერ მალავს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და CBS-ის ანალიტიკოსი ტიერი ანრი:
„ის შიშის გარეშე თამაშობს და ბურთს რთულ მომენტებშიც აქტიურად ითხოვს. მას სურს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ასეთი მენტალიტეტი იშვიათია. ხალხი მის ფინტებზე საუბრობს, თუმცა დააკვირდით, რამდენად სწორად არჩევს მომენტს, როგორ მოძრაობს, როგორ უქმნის სივრცეებს თანაგუნდელებს, როგორ აპრესინგებს მეტოქეს და როგორ გადაადგილდება მოედანზე უბურთოდ. მას ფეხბურთი ესმის.“
„ბაიერნთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, “პსჟ-ს” მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მის „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდს და დიეგო მარადონასთან პარალელებს შეეხო. ხვიჩამ საკითხს მოკრძალებულად უპასუხა, თუმცა Sky Sports-ის გუშინდელ ეთერში საფეხბურთო ექსპერტთა შეფასებები გაცილებით თამამი იყო.
„მარადონას შემდეგ, „ნაპოლიში“ მსგავსი დონის ფეხბურთელს არ უთამაშია“, - განაცხადა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ. „ნაპოლიში კარგი მოთამაშეები ნამდვილად იყვნენ, თუმცა, კი, გეთანხმები“, - დაუდასტურა მას ალესანდრო დელ პიერომ. ფაბიო კაპელომ კი აქცენტი ლუის ენრიკეს როლზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კვარაცხელიამ ყველა საჭირო თვისება სრულყოფილად გამოავლინა.
შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ხვიჩა კვარაცხელია იმ საფეხბურთო ზღაპარსა და უამრავი ბავშვის ოცნებებში ცხოვრობს, რომლებიც მისთვის უკვე რეალობად იქცა.
ის ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯითაა დაშორებული და ამ უზომოდ წარმატებული საკლუბო კარიერის ფონზე, უფრო და უფრო მეტად უახლოვდება იმას, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა.
იქნება „ოქროს ბურთი“ ამ სეზონში? მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორის გამო, ეს ურთულესი ამოცანაა, თუმცა, ხვიჩა „ოქროს ბურთით“ ხელში უკვე აღარ არის მხოლოდ ეროვნული მოტივებით ნაკარნახევი სურვილი ან ილუზია - ეს რეალური შესაძლებლობაა, რომელიც სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.