მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

შესაძლოა, ახლა საუკეთესო პერიოდი არ გვაქვს, თუმცა გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ - ვილი სანიოლი

news image

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. 

14 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დინამო არენაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ნაკრების დებიუტანტის, იური ტაბატაძის პრესკონფერენცია. 

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბევრად უკეთესი, ვიდრე სექტემბერსა ან ოქტომბერში იყო. თუმცა, მთავარია, რა იქნება მომავალში. ბევრი ვისაუბრეთ და ფეხბურთელებს ავუხსენი, როგორ ვხედავ მომავალს მათთან ერთად. რა იქნება ის რეალური მიზნები, რასაც სამომავლოდ დავისახავთ. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრს ვიშრომებთ. ამ შეკრებაზე გუნდში სრულიად განსხვავებული ენერგიაა და კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მუშაობით.

იური ტაბატაძე ამ შეკრებაზე ერთ-ერთი დებიუტანტია. მასთან ბევრი არ მისაუბრია, რადგან ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს დრო უნდა მივცე ადაპტაციისთვის. აქ ყოფნა დაიმსახურა. იბერიაში ყოფნის დროსაც ვაკვირდებოდით, კადისში კი შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა. ოქტომბერში ვფიქრობდით მის გამოძახებას, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბედნიერი ვარ მისი ნაკრებში ყოფნით და ვფიქრობ, გულშემატკივრები, რომლებმაც ჯერ არ იციან მისი თამაშის შესახებ, უახლოეს მატჩებში უკეთ გაიცნობენ.

ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ უკეთესი გუნდი ვართ. თუმცა, გვაქვს ამბიცია, რომ ესპანეთთან ბოლო მატჩთან შედარებით უფრო ემოციურები ვიყოთ. სტუმრად 2:0 წავაგეთ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო, თუმცა ყველაზე მეტად გული ემოციის და ამბიციის ნაკლებობამ დამწყვიტა. ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ნაკლები შიშით და მეტი ამბიციით ითამაშონ, რათა ძალიან კარგი გუნდური თამაში ჩავატაროთ.

არ გვყავს ღრმა შემადგენლობა. ბოლო პერიოდში კვარაცხელიას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, ყვითელი ბარათის გამო ესპანეთთან ქოჩორაშვილი ვერ დაგვეხმარება, ტრავმის გამო გვაკლდა კიტეიშვილი, ხოლო ჩაკვეტაძე უკვე რვა თვეა ვერ თამაშობს. 2-3 ფეხბურთელის არყოფნა ძალიან ეტყობა გუნდს. ასევე გვყავს ახალი მოთამაშეები, რომლებმაც მეტი კონკურენცია უნდა შემოიტანონ გუნდში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის - მეტი კონკურენცია და ხარისხი გვჭირდება, რადგან ყველა წამყვანი ფეხბურთელი ყოველთვის კარგ ფორმაში ვერ იქნება. მოახლოებული მატჩები, მარტის და ივნისის სანაკრებო პაუზები ახალი ეტაპი და შესაძლებლობაა ავაშენოთ რაღაც ახალი და კარგად ვიასპარეზოთ ერთა ლიგაზე.

შესაძლოა, ახლა საუკეთესო პერიოდი არ გვაქვს, თუმცა გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ასევე, გულშემატკივრებმა მოედანზე უნდა იხილონ უფრო ამბიციური, ენერგიული და ემოციური გუნდი". 

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image რა რეალური შანსები აქვს კვარას „ოქროს ბურთზე“ | კვირას მაგია

30.04.2026.18:07

საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” და „ბაიერნმა“ ფეხბურთის გულშემატკივარს დაუვიწყარი სპექტაკლი უსახსოვრეს. 9-გოლიანი თრილერის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი და კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ორჯერ, აუღებელი დარტყმებით დალაშქრა. 

განსაკუთრებით ეფექტური პირველი გოლი გამოდგა: მოხდენილი მოძრაობით ქართველმა შემტევმა იოსიპ სტანიშიჩს თავბრუ დაახვია, შემდეგ კი გამოცდილი გერმანელი მეკარის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.

მატჩამდე, ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სტანიშიჩს მოედანზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“. 

როგორც აღმოჩნდა, წინასწარი მოლოდინი სრულად გამართლდა. სეზონის მეორე ნახევარში ხვიჩა კვარაცხელია ისეთ სათამაშო კონდიციებში შევიდა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია - ნებისმიერი კლუბის დაცვის ზღუდეს ქართველი ვარსკვლავი მარტივად ლახავს.

ფეხბურთში, გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობა ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობს, ხვიჩა კი პიკში სწორედ მაშინ შევიდა, როდესაც ტიტულებისთვის ბრძოლაში თითოეულ მოქმედებას გადამწყვეტი როლი აქვს.

გაგახსენებთ: ლონდონის "ჩელსისთან" სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შემდეგ ლონდონელებს გოლი საპასუხო შეხვედრაშიც გაუტანა. ითამაშა ნაკრებში და ისრაელს 2 გოლი გაუტანა, შემდეგ კი მორიგი დაუვიწყარი გოლი "ლივერპულთან" შემოგვთავაზა, სადაც მის თანამემამულეს, გიორგი მამარდაშვილს გვერდი ოსტატურად აუარა და ბურთი ცარიელ კარებში გადაგზავნა. საერთო ჯამში, ბოლო 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და იქნებ, ეს არცაა პიკი და ყველაფერი წინ გველოდება?

ოქროს ბურთის პრეტენდენტი?

სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Goal.com, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებად სიას გამოაქვეყნა, სადაც 16 აპრილის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია მე-11 პოზიციაზე იმყოფება. სტატიაში აღნიშნულია: “თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის საუკეთესო მოთამაშე დღეის მდგომარეობით უნდა დავასახელოთ, ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. თუმცა, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა, სავარაუდოდ, ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოზიციასთან, რომლის დაკავებაც მას „ოქროს ბურთის“ საბოლოო რეიტინგში შეუძლია.“

გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენა „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამ კონტექსტში, მიუნხენის „ბაიერნთან“ ნაჩვენები პერფორმანსი კვარაცხელიას ამ ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში კიდევ უფრო მაღლა წევს. ყოველ შემთხვევაში, Goal.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ “ოქროს ბურთი” უტოპია აღარაა”.

ხვიჩას ინდივიდუალური ოსტატობა, საგოლე ალღო და დაცვით ფაზაში აქტიური ჩართულობა, რასაც მისი ლიდერული ხასიათი ემატება, დღეს საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო ექსპერტების განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს. 

უეინ რუნი კვარაცხელიას სათამაშო სტილს ასე აფასებს: „კვარაცხელია არაპროგნოზირებადია. მას აქვს ჯანსაღი სითავხედე, რომელიც მხოლოდ მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს ახასიათებთ. მან ზუსტად იცის, რომ მინდორზე საუკეთესოა”.

საქებარი სიტყვები ლეგენდებისგან

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქამდე არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. ქართველის თამაშით აღტაცებას ვერ მალავს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და CBS-ის ანალიტიკოსი ტიერი ანრი:

„ის შიშის გარეშე თამაშობს და ბურთს რთულ მომენტებშიც აქტიურად ითხოვს. მას სურს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ასეთი მენტალიტეტი იშვიათია. ხალხი მის ფინტებზე საუბრობს, თუმცა დააკვირდით, რამდენად სწორად არჩევს მომენტს, როგორ მოძრაობს, როგორ უქმნის სივრცეებს თანაგუნდელებს, როგორ აპრესინგებს მეტოქეს და როგორ გადაადგილდება მოედანზე უბურთოდ. მას ფეხბურთი ესმის.“

„ბაიერნთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, “პსჟ-ს” მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მის „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდს და დიეგო მარადონასთან პარალელებს შეეხო. ხვიჩამ საკითხს მოკრძალებულად უპასუხა, თუმცა Sky Sports-ის გუშინდელ ეთერში საფეხბურთო ექსპერტთა შეფასებები გაცილებით თამამი იყო.

„მარადონას შემდეგ, „ნაპოლიში“ მსგავსი დონის ფეხბურთელს არ უთამაშია“, - განაცხადა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ. „ნაპოლიში კარგი მოთამაშეები ნამდვილად იყვნენ, თუმცა, კი, გეთანხმები“, - დაუდასტურა მას ალესანდრო დელ პიერომ. ფაბიო კაპელომ კი აქცენტი ლუის ენრიკეს როლზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კვარაცხელიამ ყველა საჭირო თვისება სრულყოფილად გამოავლინა.

შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ხვიჩა კვარაცხელია იმ საფეხბურთო ზღაპარსა და უამრავი ბავშვის ოცნებებში ცხოვრობს, რომლებიც მისთვის უკვე რეალობად იქცა.

ის ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯითაა დაშორებული და ამ უზომოდ წარმატებული საკლუბო კარიერის ფონზე, უფრო და უფრო მეტად უახლოვდება იმას, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა. 

იქნება „ოქროს ბურთი“ ამ სეზონში? მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორის გამო, ეს ურთულესი ამოცანაა, თუმცა, ხვიჩა „ოქროს ბურთით“ ხელში უკვე აღარ არის მხოლოდ ეროვნული მოტივებით ნაკარნახევი სურვილი ან ილუზია - ეს რეალური შესაძლებლობაა, რომელიც სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა