საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ეს გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადვაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, სამომავლოდაც დიდი წარმატებები ვუსურვო.
ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას გასულ წელს აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მინდა, წარვადგინოთ ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე.
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამსახურებული ჯილდოა, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.17:55
მეკარე გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებს ემშვიდობება. ფეხბურთელი ჯვაროსნების რიგებში თავის ბოლო მატჩს ფარერის კუნძულების წინააღმდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს. თავის ემოციებზე ლორიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
17 წლის შემდეგ რთულია ნაკრებთან დამშვიდობება. 5 ივნისს, ეროვნული ნაკრების მაისურით უკანასკნელ თამაშს ჩავატარებ. ეს იყო გზა, რომელიც სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით გავიარე.
„საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალოდ ფორმა არ ყოფილა. ეს იყო ყველაზე დიდი პატივი და ჩემი ოცნება. მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი წვლილი შემეტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში. კვლავაც დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, რადგან მინდა, რომ ჩემი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს“, - განაცხადა ლორიამ.
გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრებში დღემდე ყველა ტურნირზე ჯამში 78 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 19-ჯერ შეინახა.