საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. ამხანაგური შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 26 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
06.04.2026.12:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.