საქართველო მუნდიალის გზაზე | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
მონატრებული სანაკრებო ფეხბურთი დაგვიბრუნდა: ევროპის ზონაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება, რომელიც 2026 წლის მუნდიალის მონაწილე ევროპულ ნაკრებებს გამოავლენს. საქართველო E ჯგუფში, თურქეთთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან ერთად არის წარმოდგენილი და მუნდიალის სადებიუტო საგზურისთვის იბრძოლებს.
4 სექტემბრის მატჩი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ფავორიტის სტატუსს ატარებს და დიდი ალბათობით, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს. საქართველოსთვის, პროგრამა მინიმუმი მეორე ადგილისთვის იქნება და ამ პროცესში, მთავარ კონკურენტად თურქეთი უნდა მივიჩნიოთ - ვინჩენცო მონტელას მიერ გაწვრთნილი, ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ნაკრები, რომელსაც დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ვიხილავთ.
ესპანეთის ნაკრები დღეს მსოფლიო მწვერვალზე დგას. ბულგარეთს რაც შეეხება, ის ჯგუფის მთავარი აუტსაიდერია. შესაბამისად, პირველ ორ მატჩში (სექტემბრის თამაშები თურქეთთან და ბულგარეთთან) მინიმუმ 4 ქულის მოპოვება ჩვენი მხრიდან ხმამაღალი განაცხადი იქნება. თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი მატჩი, ამას ჩვენი კაპიტნის სიტყვებიც ადასტურებს: ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსი თურქეთთან გამარჯვების მოპოვებაა და მჯერა, მიზანს მივაღწევთო.
თურქეთთან მატჩის წინ, უნდა გავიხსენოთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი სადებიუტო მატჩი დორტმუნდში (თურქეთი 3:1 საქართველო), სადაც, ერთი მხრივ, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა მთელ საფეხბურთო სამყაროს ვაჩვენეთ, რომ ტურნირზე ყოფნას ვიმსახურებდით. ვნახეთ ქოჩორაშვილის შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა, მიქაუტაძის დაფარული, ძალიან გონივრული დარტყმა, კიდევ იყო ძელი, რამდენიმე ურეალურესი საგოლე ეპიზოდი, მამარდაშვილის ჩასვლა მეტოქის საჯარიმოში და კიდევ ბევრი სხვა… ეს იყო თვითგამორკვევისა და საკუთარ ძალებში თავდაჯერების პერიოდი - როდესაც გავიაზრეთ, რომ საბერძნეთთან გამარჯვება შემთხვევითობა კი არა, შედეგი იყო - ის, რასაც ახალმა საფეხბურთო თაობამ თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.
დღეს თურქეთი უფრო ძლიერი, საქართველო კი უფრო გამოცდილია, ვიდრე 2024-ში. ამიტომაც, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება. ჩვენთვის, სავარაუდოდ, ყველაზე რთული ამოცანა მოედნის ცენტრში ბურთის დაკავება და თამაშის საკუთარი კარნახით წაყვანა იქნება, რადგან, სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებენ - ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის კონტროლი და დაცვიდან შეტევაში ტრანზიცია შესანიშნავად გამოსდით. სავარაუდოდ, ძირითადში ვიხილავთ ანრი მექვაბიშვილს, რომელმაც სეზონი ჩინებულად დაიწყო (12 მატჩში 6 საგოლე გადაცემა). შესაძლოა, კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის არყოფნა გახდეს იმის მიზეზი, რომ ბურთი დავთმოთ, თუმცა ჩვენი კოზირი - სწრაფი კონტრშეტევა, ასეთ მოცემულობაში კიდევ უფრო სახიფათო ხდება.
ყველაზე კომფორტულად წინა ხაზში უნდა ვიგრძნოთ თავი - ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გამტანი კვარაცხელია ამ მატჩის მთავარი ვარსკვლავია. კარგ ფორმაშია ზურიკო დავითაშვილი, მიქაუტაძე კი, ახლა უკვე, “ლა ლიგის” გუნდებს დაატერორებს - “ვილიარეალმა” მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. შედარებით, უთამაშებელია ბუდუ ზივზივაძე, მაგრამ შესაძლოა, მოედანზე იგი მეორე ნახევარში მაინც ვიხილოთ.
ბოლო მატჩებში, 5-მცველიან ტაქტიკაზე უარი ვთქვით. ამხანაგური შეხვედრების შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა დაადასტურა, 4 მცველით თამაში გუნდის პრიორიტეტი იყო, თუმცა ვილი სანიოლმა კვლავ ნაცად გზას მიმართა (3 ცენტრალური მცველი და 2 ფლანგზე მყოფი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც ვხედავთ), რაც, ნაწილობრივ, შეიძლება მოედნის ცენტრში საკვანძო ფეხბურთელების არყოფნით აიხსნას.
ჩვენი ძირითადი შემადგენლობა ასეთია:
ნუ დავივიწყებთ, რომ მატჩის დაწყებამდე, 19:45 საათზე, ნიკა კვეკვესკირის გაცილების ცერემონია გაიმართება და სასურველია, რომ მოედანზე მალე შევიკრიბოთ, რათა კვეკვეს დიდი მადლობა გადავუხადოთ - ფეხბურთელს, რომლის გადამწყვეტმა, ზუსტმა 11-მეტრიანმა, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოგვიპოვა.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
06.04.2026.12:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.