საკალათბურთო ნაკრების წარმატებული თამაში ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე- ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა - ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართულ მატჩში სერბი სპეციალისტის, ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინეთის ნაკრები 7-ქულიანი უპირატესობით 83-90 დაამარცხა!
პარკეტზე უდავოდ გამორჩეული იყო ჩვენი ნაკრების ლიდერი და კაპიტანი - თორნიკე შენგელია, რომელმაც 21-საათიან მონაკვეთში 2 შეხვედრაში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა. ჯერ ბოლონიას მაისურით ევროლიგაზე თურქეთში ჩავიდა და 23 ქულა გააკეთა ფენერბახჩეს წინააღმდეგ, მერე კი 2.5 ათასი კილომეტრი იფრინა ფინეთამდე და 24 ქულით [პლუს 6 მოხსნა, 5 პასი] საქართველოს ულიდერა.
გამოსარჩევია ჩვენი გუნდის ახალი ამერიკელი ლეგიონერი, კამარ ბოლდუინი, რომელმაც საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა და 23 ქულის [პლუს 4 მოხსნა, 5 პასი] მოპოვებაც შეძლო. კამარი თოკოს მერე ჩვენს რიგებში საუკეთესო იყო.
ჯიკიჩმა შენგელიასა და ბოლდუინის გარდა, ძირითად ხუთეულში ათამაშა დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი და ალექსანდრე ფევაძე - გამოსარჩევია შერმოს 10 ქულა, 5 მოხსნა და დუდა სანაძის 9 ქულა. ჯამში ჯიკიჩმა პარკეტზე მთელი შეხვედრა 8 კალათბურთელით ითამაშა. მოწინააღმდეგეთა შორის კი გამორჩეული იყო ოლივიე ნკამუა, რომელმაც 22 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მიმდინარეობას, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა და იყო რამდენიმე საკვანძო ეპიზოდი და ქულათა სხვაობებს შორის გაქცევა, როცა თითქოს ეს უპირატესობა რომელიმე მხარეს უნდა გადაძალულიყო. გადამწყვეტი აღმოჩნდა თოკომოტივის ამუშავება, როცა მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგდო, გაქცეულ მეტოქეს დავეწიეთ, თამაში დაიქაჩა და ბოლო წამამდე ქულა-ქულაში მატჩად გადაიქცა. ბოლო წუთ-ნახევრამდე სანერვიულოდ გვქონდა საქმე, თუმცა მერე დებიუტანტმა კამარ ბოლდუინმაც დაგვანახა საკუთარი შესაძლებლობები და ალბათ გადამწყვეტი, სამქულიანი ჩააგდო მეტოქის ხელიდან. ამ სამქულიანით მოპოვებული მცირე უპირატესობა თამაშის ბოლომდე მივიყვანეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
G ჯუფში ეს მოგება საქართველოსთვის პირველი იყო, იქამდე ორი მარცხი გვქონდა და ბოლო ადგილზე ვიმყოფებოდით, თუმცა ამ გამარჯვებით ბრძოლაში ჩავებით და წინ თბილისური შეხვედრაა კვლავ ფინეთის წინააღმდეგ. რადგანაც ფინეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, ჩვენს უშუალო კონკურენტად ჯგუფში დანიის ნაკრები ითვლება, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში ერთპიროვნულ ლიდერ სერბეთთან უშანსო მარცხი იწვნია [52-72]. გამოდის, თითო-თითო მოგებით დანიას, ფინეთსა და საქართველოს ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ. კიდევ ერთი გამარჯვება სასიცოცხლოდ გვჭირდება და გარანტია, რომ ჯგუფში დანიას გავასწრებთ.
საქართველო VS ფინეთი - 24 ნოემბერი, 19:00 საათი, თბილისი არენაზე გაიმართება
ისღა დაგვრჩენია, ვუქომაგოთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს გადამწყვეტ შეხვედრაში, გავავსოთ არენა და შევქმნათ საუკეთესო საკალათბურთო ატმოსფერო.
აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ჩვენთვის ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე!
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.