საბერძნეთთან გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა | ახალი ეპოქის დასაწყისი დღევანდელი თვალით
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დრო გაჩერებული, სტადიონსა და ეკრანებთან შეკრებილი მაყურებელი კი - სუნთქვაშეკრული იყო. თერთმეტმეტრიანი სერიის გადამწყვეტ დარტყმას ნიკა კვეკვესკირი ასრულებდა. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი მის კარიერაში პირველად დადგა და გამოცდილმა ფეხბურთელმა მთავარი დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. მოკლე გამორბენა და კულმინაცია: ბურთმა ბადე შეარხია, კარისგან ზურგით მდგომები კი სტადიონის რეაქციით მიხვდნენ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გავედით! მოდით, იმ დაუვიწყარ წუთებს დავუბრუნდეთ და დროში ერთად ვიმოგზაუროთ.
გავიხსენოთ 2024 წლის 26 მარტი და გავიაზროთ, რომ წლების შემდეგ, ამ ამბავს ისეთივე აღტაცებით გავუზიარებთ მომავალ თაობებს, როგორც 1981 წლის 13 მაისის ღამის ისტორიებს ჰყვებოდნენ უფროსები. თანაც, ახლა ხომ იმ შინაგანი რწმენითა და თავდაჯერებით ვართ სავსეები, რომ ეს მხოლოდ ზღაპრის დასაწყისია - დიდი თავგადასავალი, ჯერ კიდევ, წინ გველოდება.
გვჯეროდა, რომ შეგვეძლო და იმ დიდებულ წამს ველოდებოდით, როდესაც საერთო სიხარულით გაერთიანებული ერი ქუჩებს გაავსებდა, უცხო ადამიანები ერთმანეთს მეგობრებივით გადაეხვეოდნენ, როდესაც დროშებს ავაფრიალებდით და ყველანი ისე ერთხმად ვიმღერებდით, როგორც ლადო ასათიანის ლექსშია: “რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს”. ბედნიერება კანში ვერ ეტეოდა - ხმამაღალ ყიჟინად, შეძახილებად, სიხარულის ცრემლებად იყო გადაქცეული.
ფეხბურთის მაგიის შესახებ, აქამდე მხოლოდ თუ გვსმენოდა. უფროსი თაობა ვახსენეთ და მათგან გადმოცემით ვიცოდით, რომ ფეხბურთს ადამიანების გაერთიანების უნიკალური ძალა აქვს და რომ მისგან მოგვრილი ბედნიერების ემოცია ელვის სისწრაფით გადამდებია. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, ცნობებს ამის შესახებ, ძველ ჩანაწერებსა და ვიდეოებში დაეძებდა. არსებობდა მხოლოდ ოცნება და მოლოდინი, რომ 80-იანი წლების მსგავს სიხარულს, აღტაცებასა და ეგზალტირებას საქართველო კვლავ განიცდიდა. ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ასეთი რამ წარმოგედგინათ?
რამდენი რამ იყო დაუვიწყარი: მთელი ნაკრებისა და ბუდუს ცეკვა, “ნურაფრის ნუ გეშინია”, გადავსებული მოედნები, ემოციების კორიანტელი… რამდენად ფასეული იყო ის მომენტი, როდესაც ჟორჟმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მყისიერად, ქოჩორაშვილისგან დიდსულოვანი გამხნევება მიიღო: ჩვენ გავიზარდეთ, მარცხსა თუ დიდ გამარჯვებაში ვიყავით ისეთი ერთიანები, როგორც ნაკრების მთავარ სათქმელშია დაშიფრული (“მე ვარ საქართველო”). ჩვენ ყველა ვიყავით საქართველო: ფეხბურთელები, გულშემატკივრები, სამწვრთნელო შტაბი და სანაკრებო ფერხულში ჩართული თითოეული ადამიანი - საქართველოს სიყვარულს ყველანი თანაბრად ვგრძნობდით და ვინაწილებდით.
ემოციები წამით გვერდზე გადავდოთ და ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა ეს დღე. ვლადიმირ ვაისის მიერ დაწყებული გუნდის შენება ვილი სანიოლმა გააგრძელა და მასში ცვლილებები მრავლად შეიტანა. პარალელურად, ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, მამარდაშვილისა და ნაკრების ბირთვის სხვა შემადგენელი ფეხბურთელების გამოჩენამ მეტი ამბიცია გაგვიჩინა და ევროპის ჩემპიონატი მიზნად დავისახეთ. ჩვენ მივიღეთ გამოცდილი ფეხბურთელებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების სინთეზი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ პლეი-ოფში, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან, 210 წუთის განმავლობაში, გოლი არ გაგვეშვა და საუკეთესო ევროპული გუნდების კრებულში ჩვენი ადგილი გვეპოვა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ რა გველოდებოდა გერმანიაში…
ასე, ჩვენს თვალწინ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიბადა: დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოყალიბებული ნაკრები, რომელმაც როგორც შრომისა და თავდადების, ასევე დიდი წარმატების გემო იცის. გუნდი, რომელიც ახალი თაობისთვის შთაგონების წყაროა, მთელი ქვეყნისთვის კი - ყველაზე ბედნიერი და ერთიანი დღის შემოქმედი. გვახსოვდეს, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია”, თუმცა ისიც არ გამოგვრჩეს, რომ საბერძნეთთან გამარჯვება ზღაპრის მხოლოდ ერთი, დაუვიწყარი თავი იყო: წინ ძალიან გრძელი და უფრო დიდი გამარჯვებებით სავსე გზა გველოდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
სხვა სიახლეები
19.09.2025.12:42
გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით, ახალი თაობის მხარდასაჭერად, თიბისიმ მორიგი საინტერესო პროექტი დაიწყო.
კარი - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და რომლის მთავარი მიზანიც, საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციაა.
ქუჩებში, პარკებსა თუ ეზოებში - იქ, სადაც ბავშვები სულ თამაშობენ ფეხბურთს, ჩვენი პროექტის ფარგლებში, ჩავიტანთ მეკარისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს; მათ შორის, გასაშლელ კარს და საჩუქრად დავუტოვებთ მათ, ვისაც მეკარეობა უნდა და ვისთვისაც ინსპირაციად, სწორედ, მამარდა იქცა.
მაშინ, როცა პატარა მეკარეები სხვადასხვა ნივთებისგან გაკეთებულ კარს თავდაუზოგავად იცავენ, იმედი გვაქვს, ახალი ეკიპირება მათთვის დამატებით მოტივაციად იქცევა და უფრო მონდომებით დაიცავენ ნამდვილ კარს.
კარის მთავარი გმირები, სწორედ, ის ბავშვები არიან, რომლებიც ყველა შესაძლებლობას იყენებენ ფეხბურთის სათამაშოდ. ახალი თაობისთვის, ვისაც სურს საფეხბურთო კარიერა მათი ცხოვრების მთავარ გზად იქცეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ძალების დაჯერებაა. ჩვენ კი, მათი წარმატების გულშემატკივრები ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ და ყველა ნაბიჯზე ვუთხრათ - წარმატებას აღწევს ის, ვინც მიზანსწრაფულად, ჯიუტად და დაუღალავად მიდის მიზნისკენ.
პროექტის ფარგლებში, გორში, ბორჯომში, ყვარელსა და თბილისში თიბისიმ უკვე დაასაჩუქრა საქართველოს კარის მომავალი მცველები. წინ კიდევ ბევრი ქალაქია, სადაც ეტაპობრივად ჩავალთ.
თიბისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული ახალი თაობის მხარდაჭერა; თაობისა, რომელიც ჯიუტად იცავს თავის კარს. ამიერიდან, ისინი უკვე ნამდვილ კარს დაიცავენ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები თამამად იტყვიან: გადავხტები და ავიღებ!
მთავარია, გჯეროდეს!