მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

საბერძნეთთან გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა | ახალი ეპოქის დასაწყისი დღევანდელი თვალით

news image
mbc image

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დრო გაჩერებული, სტადიონსა და ეკრანებთან შეკრებილი მაყურებელი კი - სუნთქვაშეკრული იყო. თერთმეტმეტრიანი სერიის გადამწყვეტ დარტყმას ნიკა კვეკვესკირი ასრულებდა. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი მის კარიერაში პირველად დადგა და გამოცდილმა ფეხბურთელმა მთავარი დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. მოკლე გამორბენა და კულმინაცია: ბურთმა ბადე შეარხია, კარისგან ზურგით მდგომები კი სტადიონის რეაქციით მიხვდნენ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გავედით! მოდით, იმ დაუვიწყარ წუთებს დავუბრუნდეთ და დროში ერთად ვიმოგზაუროთ.

 

გავიხსენოთ 2024 წლის 26 მარტი და გავიაზროთ, რომ წლების შემდეგ, ამ ამბავს ისეთივე აღტაცებით გავუზიარებთ მომავალ თაობებს, როგორც 1981 წლის 13 მაისის ღამის ისტორიებს ჰყვებოდნენ უფროსები. თანაც, ახლა ხომ იმ შინაგანი რწმენითა და თავდაჯერებით ვართ სავსეები, რომ ეს მხოლოდ ზღაპრის დასაწყისია - დიდი თავგადასავალი, ჯერ კიდევ, წინ გველოდება.

 

გვჯეროდა, რომ შეგვეძლო და იმ დიდებულ წამს ველოდებოდით, როდესაც საერთო სიხარულით გაერთიანებული ერი ქუჩებს გაავსებდა, უცხო ადამიანები ერთმანეთს მეგობრებივით გადაეხვეოდნენ, როდესაც დროშებს ავაფრიალებდით და ყველანი ისე ერთხმად ვიმღერებდით, როგორც ლადო ასათიანის ლექსშია: “რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს”. ბედნიერება კანში ვერ ეტეოდა - ხმამაღალ ყიჟინად, შეძახილებად, სიხარულის ცრემლებად იყო გადაქცეული.

 

ფეხბურთის მაგიის შესახებ, აქამდე მხოლოდ თუ გვსმენოდა. უფროსი თაობა ვახსენეთ და მათგან გადმოცემით ვიცოდით, რომ ფეხბურთს ადამიანების გაერთიანების უნიკალური ძალა აქვს და რომ მისგან მოგვრილი ბედნიერების ემოცია ელვის სისწრაფით გადამდებია. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, ცნობებს ამის შესახებ, ძველ ჩანაწერებსა და ვიდეოებში დაეძებდა. არსებობდა მხოლოდ ოცნება და მოლოდინი, რომ 80-იანი წლების მსგავს სიხარულს, აღტაცებასა და ეგზალტირებას საქართველო კვლავ განიცდიდა. ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ასეთი რამ წარმოგედგინათ?

 

რამდენი რამ იყო დაუვიწყარი: მთელი ნაკრებისა და ბუდუს ცეკვა, “ნურაფრის ნუ გეშინია”, გადავსებული მოედნები, ემოციების კორიანტელი… რამდენად ფასეული იყო ის მომენტი, როდესაც ჟორჟმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მყისიერად, ქოჩორაშვილისგან დიდსულოვანი გამხნევება მიიღო: ჩვენ გავიზარდეთ, მარცხსა თუ დიდ გამარჯვებაში ვიყავით ისეთი ერთიანები, როგორც ნაკრების მთავარ სათქმელშია დაშიფრული (“მე ვარ საქართველო”). ჩვენ ყველა ვიყავით საქართველო: ფეხბურთელები, გულშემატკივრები, სამწვრთნელო შტაბი და სანაკრებო ფერხულში ჩართული თითოეული ადამიანი - საქართველოს სიყვარულს ყველანი თანაბრად ვგრძნობდით და ვინაწილებდით.

 

ემოციები წამით გვერდზე გადავდოთ და ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა ეს დღე. ვლადიმირ ვაისის მიერ დაწყებული გუნდის შენება ვილი სანიოლმა გააგრძელა და მასში ცვლილებები მრავლად შეიტანა. პარალელურად, ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, მამარდაშვილისა და ნაკრების ბირთვის სხვა შემადგენელი ფეხბურთელების გამოჩენამ მეტი ამბიცია გაგვიჩინა და ევროპის ჩემპიონატი მიზნად დავისახეთ. ჩვენ მივიღეთ გამოცდილი ფეხბურთელებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების სინთეზი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ პლეი-ოფში, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან, 210 წუთის განმავლობაში, გოლი არ გაგვეშვა და საუკეთესო ევროპული გუნდების კრებულში ჩვენი ადგილი გვეპოვა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ რა გველოდებოდა გერმანიაში…

 

ასე, ჩვენს თვალწინ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიბადა: დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოყალიბებული ნაკრები, რომელმაც როგორც შრომისა და თავდადების, ასევე დიდი წარმატების გემო იცის. გუნდი, რომელიც ახალი თაობისთვის შთაგონების წყაროა, მთელი ქვეყნისთვის კი - ყველაზე ბედნიერი და ერთიანი დღის შემოქმედი. გვახსოვდეს, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია”, თუმცა ისიც არ გამოგვრჩეს, რომ საბერძნეთთან გამარჯვება ზღაპრის მხოლოდ ერთი, დაუვიწყარი თავი იყო: წინ ძალიან გრძელი და უფრო დიდი გამარჯვებებით სავსე გზა გველოდება.

 

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

28.09.2026.08:47

საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. 

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილთან ერთად უპასუხა. 

პრესკონფერენციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს ახალი მთავარი მწვრთნელი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინა და წარმატებები უსურვა. ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს კი მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

საქართველო - უკრაინის შეხვედრა 28 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს გაწეული სამუშაოსთვის. ის არის პირველი მწვრთნელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ ევროპის ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ნაკრების განვითარებისა და წინსვლისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება რამაზ სვანაძეს, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით, რომ ოდესმე ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორჯერ ითამაშა ახალგაზრდული ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე. მას ძალიან დიდი როლი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რამაზ სვანაძე სამი თამაშისთვის არ მოსულა. ჩვენ მასთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გვაქვს. დარწმუნებული ვართ მის წარმატებაში, მის შესაძლებლობებში და გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი - ევროპის ჩემპიონატზე თამაში - რეალურია. დარწმუნებული ვართ, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს აქვს რეალური შანსი, ამ რთულ მისიას წარმატებით გაართვას თავი და ყველამ ერთად ვიზეიმოთ".

რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ყოვლისა, მსურს, ვილი სანიოლს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. ასევე იმისთვის, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასევე მინდა ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის იყო და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. ეს ნდობა შემთხვევით არ მოსულა, რადგან ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება — ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად მე, ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით.

უახლოეს მატჩებში ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და სწორი ემოცია იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი მიმართული იქნება ამის გამოსწორებისკენ.

რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ორი მწვრთნელი დღეს ჩემთან ერთად არის — გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი, და ბონდო გოცირიძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე მოახლოებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა იქნება სტაბილურობის მიღწევა — სტაბილურობის, რომელიც აისახება როგორც საფეხბურთო ხარისხში, ისე შედეგებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ამ წუთას სწორედ ეს არის — მივაღწიოთ სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომებისა და სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მიღწევადია.

ასევე მინდა მივმართო მაყურებელს. არაერთხელ, პირადად მიგრძნია მათი მხარდაჭერა. ვიცი, რამდენად რთულია ქართველისთვის იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს არ არის იგივე მდგომარეობა, რაც აქვს, მაგალითად, უცხოელს, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს. მაგრამ ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ ქომაგს, როდესაც ის ერთიანია. ამიტომ, ხვალ იმ ერთიანობასა და მხარდაჭერას ველი. 11 წელია, ქართველი არ ყოფილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მე ამით ამაყი ვარ, თუმცა, ამავე დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა, რომ ამ საქმეში ყველანი ერთიანები ვიყოთ.

ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც სადღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავახარებთ ქომაგებს, როგორც მაშინ გავახარეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით".

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "პირველ რიგში, ვისარგებლებ შესაძლებლობით და დიდ მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს იმისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ. ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით — ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და თამაშით დაგვირგვინდა. უბრალოდ, გარკვეული შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ დაფიქსირდა, არ იყო შესაბამისი. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთში გუნდი იგებს და გუნდი აგებს. ჩვენც, ფეხბურთელებს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს და ამას ვაცნობიერებთ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრებში, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ყველაფერი დადებითად შეიცვლება. 

გულშემატკივარს ერთადერთ რამეს ვპირდები - პირადად მე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე გავა, ყოველთვის ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ამას მე და ეს ნაკრები ყოველთვის ვცდილობთ. უბრალოდ, შეიძლება, ეს მოედანზე გარკვეულ მომენტებში სხვანაირად გამოიხატოს. ხვალინდელ შეხვედრაში კი დარწმუნებული იყავით, რომ იგრძნობთ იმ მუხტს, რომელიც გვაქვს, იმ სიყვარულს, რომელიც ამ გუნდსა და ნაკრებს ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს.

პირადად მე რაც მახსოვს, უკრაინის ნაკრებთან ორი თამაში მაქვს ჩატარებული. იმ ფორმაციის უკრაინის ნაკრებს დღევანდელ გუნდს თუ შევადარებთ, საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ამიტომ, ახლა განსხვავებულ გუნდს ვეთამაშებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ". 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა