ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის - კახა კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.
კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს - ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც - ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები
საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა
10.12.2025.17:40
თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროებს შორის ახალგაზრდობის სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, აღნიშნა, შეხვედრის მიზანს ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალგაზრდებზე გათვლილი პრიორიტეტები. დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარემ აქტუალური საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში დაგვეხმარება. ეს კი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ერთობლივი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ამავე კომისიის წევრები: ალექსანდრე მუკათარიძე, შალვა პერანიძე, ვაჟა კოკაია, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარე ვახტანგ ბააკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.