პირველად საქართველოს ისტორიაში ზამთრის სპორტის სახეობებში მოპოვებულია ოლიმპიური მედალი
ლუკა ბრულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიური ოქროს მედლები რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ (იაპონია) მოიპოვეს, ბრინჯაო კი ფაბიანე ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (გერმანია).
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
06.04.2026.12:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.