მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ოქროს მედლების მოლოდინში - ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

news image

2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულებულია, თუმცა წინ არანაკლებ ცხელი სპორტული ასპარეზი გველოდება: 13-20 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა - ლაშა გუჯეჯიანმა და გიორგი თენაძემ, უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად 13 ძიუდოისტი შეარჩიეს:

მამაკაცები

  • 60 კგ - გიორგი სარდალაშვილი;
  • 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი;
  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი;
  • 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი;
  • 90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;
  • 100 კგ - ილია სულამანიძე;
  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი.

ქალები

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;
  • 63 კგ - ეთერ ასკილაშვილი;
  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

რა უნდა ვიცოდეთ

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მაგალითად: ლაშა ბექაური ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და მორიგი ტრიუმფის შემთხვევაში, მას ყველა დიდ ტურნირზე ექნება ოქროს მედალი მოპოვებული (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ოლიმპიადა). შედეგად, ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ, ბექაური გახდება პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ამ უდიდეს მიღწევას გაიმეორებს.

ასევე საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ტიტულის დაცვას. ისიც ვიცოდეთ, რომ გრიგალაშვილი მსოფლიოს ზედიზედ 3-გზის ჩემპიონია და მისი ფორმიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ კვარცხლბეკზე კვლავ ოქროს მედლით ვიხილავთ.

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაასმაგებული მოტივაციით ემზადება გურამ თუშიშვილი, რომელმაც გასულ წელს, ფინალურ შეხვედრაში, სამხრეთ კორეელ მინჯონგ ჯიმთან დასანანი მარცხი იწვნია. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეტოქე, ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა, ფრანგი ტედი რინერი, ტურნირზე მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ შეძლებს, რაც თუშიშვილის შანსებს ერთიორად ზრდის.

ოქროს მედლის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს 2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენს, ეთერ ლიპარტელიანს. 2023 წლის ფინალისტები, კანადელი კრისტიან დეგუჩი და სამხრეთ კორეელი ჰარუკა ფუნაკუბო, ტურნირზე მონაწილეობას არ იღებენ და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლიპარტელიანისთვის ეს გარემოება ხელსაყრელია.

ასევე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ საქართველოს ნაკრები მონაწილეობას შერეულ გუნდურ პირველობაზეც მიიღებს, სადაც გუჯეჯიანის შემადგენლობას მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია დაემატებიან.

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დამატებით ინტრიგასა და ინტერესს ისიც სძენს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, იაპონიისა და რუსეთის ნაკრებები სრული, ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილები. შესაბამისად, ძიუდოს მოყვარულები, უფრო მეტ კონკურენციასა და დაძაბულ, მაღალი კლასის ბრძოლებს მიადევნებენ თვალს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების მონაგარი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი გახლდათ: 

  • 2 ოქრო (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი);
  • 1 ვერცხლი (გურამ თუშიშვილი);
  • 2 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი).

 

განრიგი

13 ივნისი – დღე 1: კ -60 კგ / ქ -48 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:30
  • ფინალური ბლოკი – 18:00

14 ივნისი – დღე 2: კ -66 კგ / ქ -52 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:00
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

15 ივნისი – დღე 3: კ -73 კგ / ქ -57 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:30
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

16 ივნისი – დღე 4: კ -81 კგ / ქ -63 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:00
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

17 ივნისი – დღე 5: კ -90 კგ / ქ -70 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:00
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

18 ივნისი – დღე 6: კ -100 კგ / ქ -78 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:30
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

19 ივნისი – დღე 7: კ +100 კგ / ქ +78 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 12:00
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

20 ივნისი – დღე 8: შერეული გუნდი

  • წინასწარი შეხვედრები – ჯერჯერობით უცნობია
  • ფინალური ბლოკი – 18:00

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საკრებულოში ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს

09.03.2026.18:46

თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიღება გაიმართა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით მოეწყო.

საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა, ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„დიდი პატივია, რომ დღეს გმასპინძლობთ საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. გილოცავთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ბოლო პერიოდში მიაღწიეთ. მსოფლიო რეიტინგში 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციამდე დაწინაურება კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი შრომის, მონდომებისა და გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის მხარდაჭერა და განვითარება. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, როგორ ძლიერდება ქალთა რაგბი და როგორ იზრდება ინტერესი ამ სპორტის მიმართ. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში სპორტის სიყვარულის გაძლიერებას.

მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ სპორტში და ქვეყნის სახელის წარმოჩენაში. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. გისურვებთ ახალ წარმატებებსა და კიდევ მრავალ გამარჯვებას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა მიმართა.

„დიდი პატივია ქალთა რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს გიმასპინძლოთ თბილისის საკრებულოში. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა თქვენი შრომისა და მიღწევების მიმართ. თქვენი გუნდი არ არის მხოლოდ სპორტული მიღწევების მაგალითი, თქვენ წარმოადგენთ სიმტკიცეს, მიზანდასახულობას და იმ ძალას, რომელიც ქალებს შეგვიძლია გამოვავლინოთ ნებისმიერ სფეროში.

თბილისის საკრებულოსთვის მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის მხარდაჭერა, რადგან სპორტი არ არის მხოლოდ თამაში, ეს არის ძლიერი საზოგადოება, რომელიც ახალ თაობებს აძლევს მაგალითს და ქმნის გამარჯვებების კულტურას”, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა სუთიაშვილის, თქმით, ეროვნული ნაკრების გამარჯვებისკენ სწრაფვა არა მხოლოდ სპორტული წარმატებაა, არამედ დიდი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელსაც გუნდმა 2026 წელს მიაღწია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ქალთა რაგბი განვითარებისა და წარმატების სწორ გზაზე დგას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქალთა რაგბის პოპულარიზაციას.

გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ შრომისა და ძალისხმევისთვის, რომელიც სპორტის განვითარებაში შეგაქვთ. გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიღწევები მომავალშიც გაახარებს საქართველოს“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა, რაგბის განვითარების დირექტორი ჯაბა მალაღურაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეონა ჩიტაიშვილი.

დედაქალაქის საკრებულოში გამართული ღონისძიების მიზანი ქალთა რაგბის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.

საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - მსოფლიო რეიტინგში გუნდმა 7 ქვეყანას გაუსწრო და 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენებს ქალთა რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის „ისი პარი“-ს საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა