მზადება ევრობასკეტისთვის - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის კონტინენტის მთავარ საკალათბურთოტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების დებიუტი 2011 წელს შედგა და პირველივე სეზონში ნაჩვენები შედეგი (მე-11 ადგილი) დღემდე საუკეთესოდ რჩება. 2011 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ხუთჯერ ითამაშა ევრობასკეტზე და ბოლოს თანამასპინძლებიც კი ვიყავით.
წლევანდელი ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება - კონტინენტისპირველობას რამდენიმე მასპინძელი ქალაქი ეყოლება: ტამპერე (ფინეთი), ლიმასოლი (კვიპროსი), კატოვიცე (პოლონეთი) და რიგა (ლატვია). შესაბამისად, ამ ოთხ ქალაქში გადანაწილდებიან ჯგუფები, პლეი ოფის ეტაპს კი სრულად ლატვიის დედაქალაქი, რიგა უმასპინძლებს.
ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი მძიმედ დაიწყო, თუმცა მაშინ, როდესაც თამაშები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო საგზურის ბედი, საქართველოს ნაკრებმა ძალები მოიკრიბა და სწორედ ის კალათბურთი და ხასიათი აჩვენა, რომელმაც მათი ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე გასვლა განაპირობა.
ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფში სერბეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად ასპარეზობდა. ისე გამოვიდა, რომ ჯგუფის ფავორიტმა, სერბეთმა ყველა თამაში მოიგო და ადრევე გაინაღდა ევრობასკეტის საგზური. რადგან ფინეთი ერთ-ერთი თანამასპინძელია, მათთვის საკვალიფიკაციო თამაშები მხოლოდ პირობითი მნიშვნელობის იყო. შესაბამისად, დანიის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს ნაკრებისუშუალო კონკურენტი აღმოჩნდა. გასვლით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ფინეთთან თამაშის დროს დამარცხდა, თუმცა, შემდეგ ორ შეხვედრაში მათი დამარცხება ჩვენმა ნაკრებმა მარტივად მოახერხა. შედეგად, ბოლოსწინა ტურში დანიელებთან ფინალის ტოლფასი მატჩი გაიმართა.
დიდი დანაკლისის მიუხედავად, (ტრავმის გამო გამოგვაკლდა ნაკრების ლეგიონერი, კამარ ბოლდუინი) ამდიდი მნიშვნელობის მქონე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დანია 2-ქულიანი უპირატესობით (62-60) დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩებში გამორჩეულად კარგი იყო საქართველოს ნაკრების უდავო ლიდერი და კაპიტანი - თორნიკე შენგელია, იქვე უნდა ვახსენოთ ქართული კალათბურთის ლეგენდა - გიორგი შერმადინი. გამოსაყოფია დუდა სანაძის კარგი პერფორმანსი უშუალოდ დანიასთან შეხვედრაში. მართალია, ბოლოს ტრავმის გამო ვეღარ დაგვეხმარა ლეგიონერი შემტევი, კამარ ბოლდუინი, თუმცა მან თავის სადებიუტო მატჩებში თავი კარგად დაგვამახსოვრა და გვაჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია მომავალში. დასაფასებელია თითოეული კალათბურთელის შრომაც - კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე,რატი ანდრონიკაშვილი და სხვები, რომლებიც ეფექტურად ეხმარებოდნენ გუნდს მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჯიკიჩმა დროთა განმავლობაში აშკარად ახლოს გაიცნო ჩვენი კალათბურთი, კალათბურთელები და მათი ხასიათი - პროგრესი თამაშიდან თამაშამდე თვალსაჩინოა.
რაც მთავარია, საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, უშუალოდ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის ლეგიონიც დაეხმარება - ორლანდო მეჯიქის ცენტრი, გოგა ბითაძე და სან ანტონიო სპურსის მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი. გოგასთან და სანდროსთან ერთად საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი და მრავალმხრივი გუნდია - მათი დამატება კიდევ უფრო მეტი როტაციისა და ხშირი ტაქტიკური ცვლილების საშუალებას იძლევა, იზრდება სამწამიანში დომინაციის ალბათობაც, ძლიერდება დაცვა და თითქმის ყველა საჭირო და გადამწყვეტი კომპონენტი უფრო მეტად იხვეწება პერსპექტივაში.
ჯერჯერობით ჩვენი ნაკრების ყველა ლიდერი სტაბილურად თამაშობს საკლუბო დონეზე - იღებენ საკუთარშანსებს, ახერხებენ თავის გამოჩენას. საკუთარ კლუბებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკის გარეშე, რთული და გამორიცხულია, შეინარჩუნო ფორმა, მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ ევრობასკეტი ზაფხულის ბოლოს დაიწყება.
რაც შეეხება ევრობასკეტის ფორმატს - კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში განაწილდება. ჯგუფებში საუკეთესო ოთხეულში შესული გუნდები გავლენ მერვედფინალებში, მერე კი დაიწყება კლასიკური პლეი ოფი და ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება ბრძოლა პირველობისთვის.
საბოლოო კენჭისყრა 27 მარტს, ჩვენი დროით 16:00 საათზე გაიმართა ქალაქ რიგაში, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა. საქართველოს ნაკრების გარდა C ჯგუფში არიან: ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი - კვიპროსი, საბერძნეთი, ბოსნია, იტალია და ესპანეთი.
C ჯგუფის თამაშები ლიმასოლში გაიმართება, თითო ჯგუფიდან კი 1/8 ფინალში 4 ნაკრები გავა, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ევრობასკეტის დაწყებას და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს. საუკეთესო წინ არის.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
28.09.2026.08:47
საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილთან ერთად უპასუხა.
პრესკონფერენციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს ახალი მთავარი მწვრთნელი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინა და წარმატებები უსურვა. ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს კი მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
საქართველო - უკრაინის შეხვედრა 28 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს გაწეული სამუშაოსთვის. ის არის პირველი მწვრთნელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ ევროპის ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ნაკრების განვითარებისა და წინსვლისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ.
რაც შეეხება რამაზ სვანაძეს, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით, რომ ოდესმე ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორჯერ ითამაშა ახალგაზრდული ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე. მას ძალიან დიდი როლი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რამაზ სვანაძე სამი თამაშისთვის არ მოსულა. ჩვენ მასთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გვაქვს. დარწმუნებული ვართ მის წარმატებაში, მის შესაძლებლობებში და გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი - ევროპის ჩემპიონატზე თამაში - რეალურია. დარწმუნებული ვართ, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს აქვს რეალური შანსი, ამ რთულ მისიას წარმატებით გაართვას თავი და ყველამ ერთად ვიზეიმოთ".
რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ყოვლისა, მსურს, ვილი სანიოლს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. ასევე იმისთვის, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასევე მინდა ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის იყო და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. ეს ნდობა შემთხვევით არ მოსულა, რადგან ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება — ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად მე, ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით.
უახლოეს მატჩებში ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და სწორი ემოცია იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი მიმართული იქნება ამის გამოსწორებისკენ.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ორი მწვრთნელი დღეს ჩემთან ერთად არის — გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი, და ბონდო გოცირიძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე მოახლოებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა იქნება სტაბილურობის მიღწევა — სტაბილურობის, რომელიც აისახება როგორც საფეხბურთო ხარისხში, ისე შედეგებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ამ წუთას სწორედ ეს არის — მივაღწიოთ სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომებისა და სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მიღწევადია.
ასევე მინდა მივმართო მაყურებელს. არაერთხელ, პირადად მიგრძნია მათი მხარდაჭერა. ვიცი, რამდენად რთულია ქართველისთვის იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს არ არის იგივე მდგომარეობა, რაც აქვს, მაგალითად, უცხოელს, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს. მაგრამ ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ ქომაგს, როდესაც ის ერთიანია. ამიტომ, ხვალ იმ ერთიანობასა და მხარდაჭერას ველი. 11 წელია, ქართველი არ ყოფილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მე ამით ამაყი ვარ, თუმცა, ამავე დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა, რომ ამ საქმეში ყველანი ერთიანები ვიყოთ.
ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც სადღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავახარებთ ქომაგებს, როგორც მაშინ გავახარეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით".
ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "პირველ რიგში, ვისარგებლებ შესაძლებლობით და დიდ მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს იმისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ. ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით — ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და თამაშით დაგვირგვინდა. უბრალოდ, გარკვეული შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ დაფიქსირდა, არ იყო შესაბამისი. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთში გუნდი იგებს და გუნდი აგებს. ჩვენც, ფეხბურთელებს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს და ამას ვაცნობიერებთ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრებში, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ყველაფერი დადებითად შეიცვლება.
გულშემატკივარს ერთადერთ რამეს ვპირდები - პირადად მე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე გავა, ყოველთვის ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ამას მე და ეს ნაკრები ყოველთვის ვცდილობთ. უბრალოდ, შეიძლება, ეს მოედანზე გარკვეულ მომენტებში სხვანაირად გამოიხატოს. ხვალინდელ შეხვედრაში კი დარწმუნებული იყავით, რომ იგრძნობთ იმ მუხტს, რომელიც გვაქვს, იმ სიყვარულს, რომელიც ამ გუნდსა და ნაკრებს ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს.
პირადად მე რაც მახსოვს, უკრაინის ნაკრებთან ორი თამაში მაქვს ჩატარებული. იმ ფორმაციის უკრაინის ნაკრებს დღევანდელ გუნდს თუ შევადარებთ, საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ამიტომ, ახლა განსხვავებულ გუნდს ვეთამაშებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ".