მსოფლიოზე გასვლის შანსი უნდა გამოვიყენოთ - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
დიდებული სპორტული უქმე დღეები გამოვიდა: ფეხბურთსა და კალათბურთში, 1 დღეში 2 გამარჯვება მოვიპოვეთ. მოვიგეთ დამაჯერებლად, დამსახურებულად და მოგვეცა ფიქრისა და იმედის საფუძველი. მაგრამ, ჩვენ კიდევ მეტი შეგვიძლია. ეს გამარჯვებისკენ მიმართული ჟინია: პროგრესისკენ მიმართული ენერგია, რომელსაც, ბოლოს, თავისი ყოველთვის გააქვს.
თურქეთთან 2:3 დასანანი მარცხის შემდეგ, ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა და ახალი მატჩისთვის მობილიზება ჩინებულად შეძლეს. სექტემბრის მატჩებში, ყველაზე სასურველ სცენარში, მინიმუმ 4 ქულას ვუმიზნებდით. ამ მიზნამდე, მცირედი დაგვაკლდა, თუმცა წინ კიდევ 4 თამაში გველოდება.
ბულგარეთთან მატჩი
ბულგარეთის ნაკრებს ესპანეთთან ანგარიშით 0:3 ჰქონდა წაგებული და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიან ილიევი, პირველი ქულის აღებას თბილისში გეგმავდა. ჩვენს მეტოქეს გათვლა სწრაფ გოლზე ჰქონდა, მაღალ პრესინგსაც გვეთამაშებოდა და აქტიურად გვიტევდა. გამორჩეული მომენტი იყო მე-4 წუთზე, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე, აუღებელი სეივი შემოგვთავაზა (მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე ნაკრების მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ამ მომენტს ბევრი რამის შეცვლა შეეძლო).
ამის შემდეგ, უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა. კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში, ნახევარდაცვის ხაზი გიორგი ქოჩორაშვილმა, ანრი მექვაბიშვილმა და ნიკა გაგნიძემ დააკომპლექტეს და სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ რამდენად კარგად თამაშობდა ჩვენი ნაკრები როგორც პოზიციურად, ასევე ტრანზიციებში: დამაბნეველი მოძრაობებისა და მეტოქის ზურგსუკან ჩარბენების შედეგად, ბულგარელ ფეხბურთელებს სივრცეების გამოჩენას ვაიძულებდით, რითაც ჩვენი ფლანგელი შემტევები - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი სარგებლობდნენ, რადგან მათთან ბურთის მიტანას ნახევარმცველები მოკლე, იოლად დასამუშავებელი პასით ახერხებდნენ. შესაბამისად, ჩვენი შეტევები უფრო სახიფათო იყო.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ნამდვილი კვარა-შოუ შემოგვთავაზა. ბულგარელმა ფეხბურთელებმა “პარი სენ-ჟერმენის” შემტევის ამოუცნობ მოძრაობებს ვერაფერი გაუგეს და მის შესაჩერებლად სიუხეშეს მიმართავდნენ, რაც ბულგარეთს რამდენიმე ყვითელი ბარათის ფასი დაუჯდა.
თავსხმა წვიმაში, “დინამო არენაზე” შეკრებილმა ქომაგმა 3 უპასუხო გოლი იხილა: მეტოქის შეცდომით ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლა, შემდეგ ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე პასით ნიკა გაგნიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში კი ნაკრებში მორიგი გოლი გიორგი მიქაუტაძემაც შეაგდო (“მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი” - ამღერდა სტადიონი).
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები
სიტყვა “შანსს” როდესაც ვახსენებთ, უკვე შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ. შანსი ჰქონდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საბერძნეთთან ფინალში, შემდეგ პორტუგალიასთან და ა.შ. გავიმარჯვეთ და ეს სიხარული ერთად ვიზეიმეთ. სულ ახლახან, “შანსი” ჰქონდა კალათბურთის ნაკრებს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონთან ევრობასკეტის მერვედფინალში და გამოიყენა კიდეც. მთავარია, შანსი ჟინად გარდაიქმნას: საკუთარი თვალით ვნახეთ კალათბურთელების მოუთოკავი ჟინი, რომელმაც ჯერ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, შემდეგ კი საფრანგეთი 10-ქულიანი სხვაობით (70:80) დაამარცხა და ახლა, ნაკრები უკვე ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრობს.
უდავოა, რომ მუნდიალზე გასვლის შანსი ნამდვილად გვაქვს. მომდევნო მატჩში, ოქტომბერში ორი გასვლითი შეხვედრა გველოდება: ჯერ ესპანეთთან, შემდეგ კი თურქეთთან ვითამაშებთ. გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ესპანეთი არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობს (გუშინ თურქეთი ანგარიშით 0:6 დაამარცხა) და შესაძლოა, მასთან ქულის აღება ძალიან გაჭირდეს, თუმცა თურქეთთან გამარჯვება, კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის დაბრუნების შემთხვევაში, აბსოლუტურად რეალისტურია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მე-5 შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოში გვესტუმრება და ამ მომენტისთვის, დიდი შანსია, ესპანელებს გასვლა განაღდებული ჰქონდეთ, ჩვენ კი უფრო მეტისთვის გვქონდეს საბრძოლველი. ასეთ ვითარებაში გრანდის დამარცხება რომ შეგვიძლია, ევრო 2024-იც მოწმობს, როდესაც პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დავამარცხეთ.
მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტი თურქეთია - ნაკრები, რომელსაც შესანიშნავი ახალი თაობა (ილდიზი, გიულერი, სხვ.), კარგი მწვრთნელი (ვინჩენცო მონტელა) და გამართული სისტემა აქვს. რამდენად შეძლებს ამ ფორმაში მყოფი ბულგარეთი ჩვენი მეზობლისთვის ქულების ჩამორთმევას სათუოა, თუმცა ბულგარეთი ამ ამბავში ჩვენი მოკავშირეა. მეორე მხრივ, არც თურქეთის 6 ბურთით მარცხი იყო მოსალოდნელი ესპანეთთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯგუფურ ეტაპზე თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გატანილი-გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსის მქონე ნაკრებს მიენიჭება.
გვაქვს შანსი და რატომაც არა, ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ჩვენ უკვე ვიხილეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თვალებში დანთებული ცეცხლი, ჟინი და თავდაჯერება, რომელიც დამარცხებას არ ცნობს. ჟინი, რომელიც თავისას აუცილებლად გაიტანს.
რატომაც არა? წინ სადებიუტო მუნდიალი გელოდება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ასევე, ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.
არ გაჩერდე, საქართველო!
სხვა სიახლეები
რა რეალური შანსები აქვს კვარას „ოქროს ბურთზე“ | კვირას მაგია
30.04.2026.18:07
საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” და „ბაიერნმა“ ფეხბურთის გულშემატკივარს დაუვიწყარი სპექტაკლი უსახსოვრეს. 9-გოლიანი თრილერის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი და კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ორჯერ, აუღებელი დარტყმებით დალაშქრა.
განსაკუთრებით ეფექტური პირველი გოლი გამოდგა: მოხდენილი მოძრაობით ქართველმა შემტევმა იოსიპ სტანიშიჩს თავბრუ დაახვია, შემდეგ კი გამოცდილი გერმანელი მეკარის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.
მატჩამდე, ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სტანიშიჩს მოედანზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“.
როგორც აღმოჩნდა, წინასწარი მოლოდინი სრულად გამართლდა. სეზონის მეორე ნახევარში ხვიჩა კვარაცხელია ისეთ სათამაშო კონდიციებში შევიდა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია - ნებისმიერი კლუბის დაცვის ზღუდეს ქართველი ვარსკვლავი მარტივად ლახავს.
ფეხბურთში, გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობა ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობს, ხვიჩა კი პიკში სწორედ მაშინ შევიდა, როდესაც ტიტულებისთვის ბრძოლაში თითოეულ მოქმედებას გადამწყვეტი როლი აქვს.
გაგახსენებთ: ლონდონის "ჩელსისთან" სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შემდეგ ლონდონელებს გოლი საპასუხო შეხვედრაშიც გაუტანა. ითამაშა ნაკრებში და ისრაელს 2 გოლი გაუტანა, შემდეგ კი მორიგი დაუვიწყარი გოლი "ლივერპულთან" შემოგვთავაზა, სადაც მის თანამემამულეს, გიორგი მამარდაშვილს გვერდი ოსტატურად აუარა და ბურთი ცარიელ კარებში გადაგზავნა. საერთო ჯამში, ბოლო 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და იქნებ, ეს არცაა პიკი და ყველაფერი წინ გველოდება?
ოქროს ბურთის პრეტენდენტი?
სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Goal.com, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებად სიას გამოაქვეყნა, სადაც 16 აპრილის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია მე-11 პოზიციაზე იმყოფება. სტატიაში აღნიშნულია: “თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის საუკეთესო მოთამაშე დღეის მდგომარეობით უნდა დავასახელოთ, ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. თუმცა, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა, სავარაუდოდ, ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოზიციასთან, რომლის დაკავებაც მას „ოქროს ბურთის“ საბოლოო რეიტინგში შეუძლია.“
გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენა „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამ კონტექსტში, მიუნხენის „ბაიერნთან“ ნაჩვენები პერფორმანსი კვარაცხელიას ამ ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში კიდევ უფრო მაღლა წევს. ყოველ შემთხვევაში, Goal.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ “ოქროს ბურთი” უტოპია აღარაა”.
ხვიჩას ინდივიდუალური ოსტატობა, საგოლე ალღო და დაცვით ფაზაში აქტიური ჩართულობა, რასაც მისი ლიდერული ხასიათი ემატება, დღეს საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო ექსპერტების განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს.
უეინ რუნი კვარაცხელიას სათამაშო სტილს ასე აფასებს: „კვარაცხელია არაპროგნოზირებადია. მას აქვს ჯანსაღი სითავხედე, რომელიც მხოლოდ მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს ახასიათებთ. მან ზუსტად იცის, რომ მინდორზე საუკეთესოა”.
საქებარი სიტყვები ლეგენდებისგან
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქამდე არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. ქართველის თამაშით აღტაცებას ვერ მალავს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და CBS-ის ანალიტიკოსი ტიერი ანრი:
„ის შიშის გარეშე თამაშობს და ბურთს რთულ მომენტებშიც აქტიურად ითხოვს. მას სურს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ასეთი მენტალიტეტი იშვიათია. ხალხი მის ფინტებზე საუბრობს, თუმცა დააკვირდით, რამდენად სწორად არჩევს მომენტს, როგორ მოძრაობს, როგორ უქმნის სივრცეებს თანაგუნდელებს, როგორ აპრესინგებს მეტოქეს და როგორ გადაადგილდება მოედანზე უბურთოდ. მას ფეხბურთი ესმის.“
„ბაიერნთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, “პსჟ-ს” მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მის „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდს და დიეგო მარადონასთან პარალელებს შეეხო. ხვიჩამ საკითხს მოკრძალებულად უპასუხა, თუმცა Sky Sports-ის გუშინდელ ეთერში საფეხბურთო ექსპერტთა შეფასებები გაცილებით თამამი იყო.
„მარადონას შემდეგ, „ნაპოლიში“ მსგავსი დონის ფეხბურთელს არ უთამაშია“, - განაცხადა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ. „ნაპოლიში კარგი მოთამაშეები ნამდვილად იყვნენ, თუმცა, კი, გეთანხმები“, - დაუდასტურა მას ალესანდრო დელ პიერომ. ფაბიო კაპელომ კი აქცენტი ლუის ენრიკეს როლზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კვარაცხელიამ ყველა საჭირო თვისება სრულყოფილად გამოავლინა.
შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ხვიჩა კვარაცხელია იმ საფეხბურთო ზღაპარსა და უამრავი ბავშვის ოცნებებში ცხოვრობს, რომლებიც მისთვის უკვე რეალობად იქცა.
ის ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯითაა დაშორებული და ამ უზომოდ წარმატებული საკლუბო კარიერის ფონზე, უფრო და უფრო მეტად უახლოვდება იმას, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა.
იქნება „ოქროს ბურთი“ ამ სეზონში? მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორის გამო, ეს ურთულესი ამოცანაა, თუმცა, ხვიჩა „ოქროს ბურთით“ ხელში უკვე აღარ არის მხოლოდ ეროვნული მოტივებით ნაკარნახევი სურვილი ან ილუზია - ეს რეალური შესაძლებლობაა, რომელიც სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.