მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. დვალიშვილი დღეს რიყის პარკში გულშემატკივრებს შეხვდება, ასევე მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
„ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ქართველ გულშემატკივარს საქართველოშიც და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ემიგრანტს, ვინც მგულშემატკივრობს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ვიღებ მათგან. ისეთ ენერგიას ვიღებ, რომ არასოდეს მინდა ამ სპორტს თავი დავანებო და გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს ამოვწურავ, სანამ ჯანი და ღონე მაქვს და კიდევ ვვითარდები. მოკლედ, გაჩერებას არ ვაპირებ“, - განუცხადა დვალიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებს
13.03.2026.11:18
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით თბილისში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც UEFA GROW-ის ჩართულობით ტარდება.
ვორქშოფის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ის მიმართულებები, რომლებიც მომდევნო წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს.
ორდღიანი ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori მასპინძლობს. 12 მარტს, სამუშაო სესიის მეორე დღეს, სფფ-ის და უეფას წარმომადგენლები ქართული კლუბების ხელმძღვანელბეს შეხვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინა. უეფასთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5-წლიან ციკლს მოიცავდა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.