გამარჯვებამდე იყო დიდი გზა, დიდი მოგზაურობა, ჩავარდნები და აღმასვლები, კარგი და ცუდი ფაზები, მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა - ვილი სანიოლი
ჩვენ ერთნი ვართ იმიტომ, რომ ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ, ვიცით, რას უნდა მოვაღწიოთ. გამარჯვებამდე იყო დიდი გზა, დიდი მოგზაურობა, ჩავარდნები და აღმასვლები, კარგი და ცუდი ფაზები, მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა, - განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
მან აღნიშნა, რომ ნაკრების წარმატება ბევრი დეტალის ერთობლიობის შედეგია.
„ეს ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის პოზიტიური მიღწევების, თავიანთ კლუბებში ცალკეული ფეხბურთელების პოზიტიური მიღწევების, ნაკრებში კარგი და სწორი დამოკიდებულების შედეგია. ადრე ადამიანები ოცნებობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე, ისინი მხოლოდ ოცნებობდნენ. რაღაც დროს უნდა შეწყვიტო ოცნება და გააკეთო მაქსიმალური. მგონი, რომ ფეხბურთელები მიხვდნენ ამას, იგრძნეს, რომ ეს შესაძლებელი იყო და იმუშავეს თავდაუზოგავად. ჩვენ წარმატების ფორმულა არ გვაქვს. ეს არ არის ჯადოსნური რამ, ეს იყო ბევრი პატარა დეტალის ცვლილება, რამაც ეს წარმატება შესაძლებელი გახადა“, - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.