ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი და ნაკრების მდგომარეობა - საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ნახევარზე მეტი უკვე გაიარა. ტურნირის ყველაზე რთულ ჯგუფში მყოფი საქართველო, 4 დღეში 3 გრანდს - მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, ასევე იტალიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდა.
ესპანეთთან სენსაციურმა გამარჯვებამ (83:69) ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალური გახადა. არადა, პლეი-ოფში თამაშის ყველაზე პროგნოზირებადი გზა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლის, კვიპროსისა და ჩინებულ ფორმაში მყოფი ბოსნია და ჰერცეგოვინას დამარცხება უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩვენმა ნაკრებმა მთელი საკალათბურთო სამყარო გააოცა: ესპანეთს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
შემდეგ იყო 2 დღეში გამართული 2 მატჩი. იტალია გადაულახავი ზღუდე აღმოჩნდა. წინ 3 შეხვედრა იყო სათამაშო. ამ მოცემულობით, საბერძნეთთან ვა-ბანკზე წასვლა და გარისკვა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვჯდომოდა. ამიტომაც, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სიფრთხილე გამოიჩინა: გუნდი არ გადაღალა, აქცენტი სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებზე გააკეთა და გუნდის ბირთვის ძალა მომდევნო მატჩებისთვის შემოინახა. საბერძნეთთან დავმარცხდით, თუმცა უკან დახევა სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯი იყო.
გადატვირთული კალენდრის შემდეგ, ჩვენს კალათბურთელებს პაუზის აღების საშუალება მიეცათ. ამჟამად, ისინი ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან.
2 სექტემბერს, 19:15-ზე, ჯგუფის მთავარ აუტსაიდერს - კვიპროსს დავუპირისპირდებით. ჩვენთან შეხვედრამდე, ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა 3 მატჩი გამართა და სამივეში დამარცხდა. მეტსაც გეტყვით: ტურნირზე მონაწილე გუნდებს შორის, ყველაზე ცოტა ქულა სწორედ კვიპროსს აქვს ჩაგდებული. შესაბამისად, უდიდესი ალბათობით, კვიპროსი იოლი ნადავლი აღმოჩნდება და მთავარ მატჩზე გადავერთვებით.
ბოსნია და ჰერცეგოვინა გაცილებით რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენი ნაკრების შემადგენლობა და ესპანეთთან ნაჩვენები კალათბურთი იმის მანიშნებელია, რომ ამ შეხვედრას 1 ფავორიტი ჰყავს. ჯიკიჩის მთავარი ამოცანა ამ პრინციპულად მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება იქნება (4 სექტემბერი, 16:00).
ევრობასკეტის პლეი-ოფში 6-დან 4 გუნდი გადის და ჯგუფში თანაბრად დაგროვებული ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს მიენიჭება. შესაბამისად, კვიპროსთან, შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით, პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მოვიპოვებთ.
ვის ვხვდებით პლეი-ოფში?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პოზიციას დავიკავებთ ჯგუფში. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც 1-4 პოზიციაზე გასული გუნდები D ჯგუფის საუკეთესო 4 ნაკრებს დაუპირისპირდებიან. პირველ ადგილზე გასული მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე-მესამეს და ა.შ. ამ ფორმატის მიზანია, ევრობასკეტის დასკვნით ნაწილში, მხოლოდ საუკეთესო გუნდებმა მოიყარონ თავი.
მომდევნო შეხვედრები ამ პრინციპით გადანაწილდება:
• C1 v D4
• C2 v D3
• C3 v D2
• C4 v D1
3 მატჩში 3 გამარჯვებით, D ჯგუფს, ერთპიროვნულად, პოლონეთის ნაკრები ლიდერობს. 5-5 ქულა აქვთ ისრაელსა და საფრანგეთს, მათ მოჰყვებიან სლოვენია და ბელგია (4-4 ქულა), ბოლო ადგილს კი, 3 მარცხით, ისლანდია იკავებს (3 ქულა).
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
საკრებულოში ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს
09.03.2026.18:46
თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიღება გაიმართა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით მოეწყო.
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა, ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
„დიდი პატივია, რომ დღეს გმასპინძლობთ საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. გილოცავთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ბოლო პერიოდში მიაღწიეთ. მსოფლიო რეიტინგში 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციამდე დაწინაურება კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი შრომის, მონდომებისა და გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის მხარდაჭერა და განვითარება. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, როგორ ძლიერდება ქალთა რაგბი და როგორ იზრდება ინტერესი ამ სპორტის მიმართ. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში სპორტის სიყვარულის გაძლიერებას.
მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ სპორტში და ქვეყნის სახელის წარმოჩენაში. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. გისურვებთ ახალ წარმატებებსა და კიდევ მრავალ გამარჯვებას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა მიმართა.
„დიდი პატივია ქალთა რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს გიმასპინძლოთ თბილისის საკრებულოში. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა თქვენი შრომისა და მიღწევების მიმართ. თქვენი გუნდი არ არის მხოლოდ სპორტული მიღწევების მაგალითი, თქვენ წარმოადგენთ სიმტკიცეს, მიზანდასახულობას და იმ ძალას, რომელიც ქალებს შეგვიძლია გამოვავლინოთ ნებისმიერ სფეროში.
თბილისის საკრებულოსთვის მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის მხარდაჭერა, რადგან სპორტი არ არის მხოლოდ თამაში, ეს არის ძლიერი საზოგადოება, რომელიც ახალ თაობებს აძლევს მაგალითს და ქმნის გამარჯვებების კულტურას”, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა სუთიაშვილის, თქმით, ეროვნული ნაკრების გამარჯვებისკენ სწრაფვა არა მხოლოდ სპორტული წარმატებაა, არამედ დიდი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელსაც გუნდმა 2026 წელს მიაღწია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ქალთა რაგბი განვითარებისა და წარმატების სწორ გზაზე დგას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქალთა რაგბის პოპულარიზაციას.
გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ შრომისა და ძალისხმევისთვის, რომელიც სპორტის განვითარებაში შეგაქვთ. გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიღწევები მომავალშიც გაახარებს საქართველოს“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა, რაგბის განვითარების დირექტორი ჯაბა მალაღურაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეონა ჩიტაიშვილი.
დედაქალაქის საკრებულოში გამართული ღონისძიების მიზანი ქალთა რაგბის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.
საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - მსოფლიო რეიტინგში გუნდმა 7 ქვეყანას გაუსწრო და 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენებს ქალთა რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის „ისი პარი“-ს საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.