ეთერ ლიპარტელიანი | ერთადერთი ქართველი ქალი ჯუდოკა რეიტინგის სათავეში
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
ჯუდო ის სპორტია, ქართველ ქომაგს დიდი გამარჯვებებით რომ ანებივრებს. ყოველი ტურნირის წინ, გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. ასეცაა - ქართველი ჯუდოკები მსოფლიო ასპარეზზე ისტორიული წარმატებებითა და ინდივიდუალური საბრძოლო სტილით გამოირჩევიან და სპორტის ეს სახეობა ქართული კვალის გარეშე წარმოუდგენელია.
ასეთი მრავალფეროვანი და ტიტულოვანი გამოცდილების ფონზე, პირველად ხდება, რომ ჯუდოს მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი ერთადერთი ქართველი მებრძოლი ქალია. ეთერ, იგივე ეთო ლიპარტელიანი - ასევე პირველი ქალი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. დღევანდელი რეიტინგით, მას 5431 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, იაპონელ ტამაოკი მომოს 971 ქულით უსწრებს.
უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლიპარტელიანი (-57კგ.) ერთადერთი ქართველი იყო (როგორც ქალ, ასევე მამაკაც მებრძოლებს შორის), რომელმაც ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. 9-დან 8 მეტოქე იპონით დაამარცხა, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს ტრიუმფში შერეულ პირველობაზეც უდიდესი როლი ითამაშა.
გაგახსენებთ, რომ შერეულ გუნდურ პირველობაზე, ჩვენი ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი პირველად გახდა და იაპონიის ჰეგემონია დაასრულა. მებრძოლები ამომავალი მზის ქვეყნიდან პირველობას ზედიზედ 7 ტურნირის განმავლობაში არ თმობდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, გურამ თუშიშვილი (+100კგ.), რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა წარმოდგენილი, ბრინჯაოს მფლობელები - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (-90კგ.) კი მე-4 ადგილს იკავებენ. ათეულის წევრები ასევე არიან:
• გიორგი სარდალაშვილი (-60კგ.) | მე-6 პოზიცია;
• ილია სულამანიძე (-100კგ.) | მე-10 პოზიცია;
• ლაშა ბექაური (-90კგ.) მე-10 პოზიცია.
ჯუდოს მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლებს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ: ახალ წლამდე, აბუ დაბისა და ტოკიოს გრან სლემები გველოდება, რომლებიც, შესაბამისად, 28-30 ნოემბერს და 6-7 დეკემბერს გაიმართება. უცნობია ჩვენი შემადგენლობა, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მალე, მსოფლიო რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე უფრო მეტ ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ.
საქართველოს ბანკი - ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
06.04.2026.12:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.