ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა
ესპანეთის ქალაქ ტოლედოში UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ილია თოფურიას სახელობის ქუჩა ოფიციალურად გაიხსნა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ ტოლედოს მერმა კარლოს ველასკესმა 24 მარტს ილია თოფურიასთან ერთად გამოაცხადა.
„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, როცა ქალაქი ტოლედო ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ოქტომბერში კი წარმატებით დაიცვა. 2025 წლის დასაწყისში თოფურიამ განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს.
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.
სხვა სიახლეები
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
14.09.2026.08:20
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, ქართველი გულშემატკივრის წინ ითამაშებს. ტურნირის მეორე, წლის დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები შეხვედრებს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ.
საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი შეერთებული შტატებია, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.
ნოემბრის კამპანიას ბორჯღალოსნები 7 ნოემბერს გახსნიან და “ავჭალაზე” კანადას დაუხვდებიან; 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგას შეერკინებიან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს “მიხეილ მესხზე” სატიტულო მატჩში შეხვდებიან.
შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; ბ ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.
თითოეული გუნდი ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.