ბორჯღალოსნების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ დასახელდა - ნაკრებს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 16 თებერვალს მადრიდში, „ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე“ ესპანელ „ლომებთან“ გასამართ მატჩში ბორჯღალოსნებს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს.
22 წლის ნინიაშვილი ბორჯღალოსნების თითქმის 36-წლიან ისტორიაში 36-ე კაპიტანია. ასაკის მიუხედავად, მისი სანაკრები დებიუტი ჯერ კიდევ 2020 წელს ირლანდიასთან (10:23) შედგა და მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. დღემდე ნინიაშვილის ანგარიშზე 37 კეპი და 88 ქულაა (11 ლელო, 12 გარდასახვა, 3 ჯარიმა).
ნინიაშვილს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია ელის. უნივერსალური მოთამაშე შეხვედრას მგეზავის პოზიციაზე იწყებს.
„2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ, რიჩარდ ქოქრილს საკადრო პრობლემები შეექმნა. ნიდერლანდებთან 40:7 გამარჯვების შემდეგ მცირე ტრავმები აქვთ და ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელები ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. ნიდერლანდებთან წითელი ბარათი მიიღო ბექა გორგაძემ, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე დაშავდა.
სწორედ ამითაა განპირობებული მგეზავად ნინიაშვილის მოვლინება, ფულბეკის პოზიციაზე კი ახალგაზრდა დაჩი პაპუნაშვილი ბრუნდება, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შვეიცარიასთან ჰქონდა. ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა და ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად შალვა აფციაურს ვიხილავთ. სხვა მხრივ ნიდერლანდებთან მატჩის მსგავსად მეორე ფრთა ლელოების-მანქანა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, 9 ნომრად კი ვასილ ლობჟანიძეს ვიხილავთ.
ხუთი ცვლილებაა შერკინებაში. ესპანელებს „მონპელიეს პირველი ხაზი მიაწვება“. კვაჭმა ვანო კარკაძემ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა და ამჯერად მას ბურჯებად თანაკლუბელები - ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე ეყოლება. გიორგი მამაიაშვილმა და ირაკლი აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს, კვაჭის პოზიციაზე კი შეცვლაზე კვლავ ირაკლი ქვათაძეს ვიხილავთ.
უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი. მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე წელს ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ, ხოლო მარქაფაში გიორგი ჯავახია ყავთ.
ტრავმების გამო სრულად შეიცვალა მესამე ხაზი. ამჯერად თამაშს ილია სპანდერაშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი იწყებენ, მარქაფაში კი ბექა შვანგირაძეა.
ლობჟანიძის შემცვლელი გელა აფრასიძე იქნება, ხაზს კი დემურ თაფლაძე და ლუკა ცირეკიძე გააძლიერებენ. ცირეკიძესთვის ეს მეორე თამაში იქნება. მას დებიუტი შარშან გერმანიასთან ჰქონდა.
ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)
ა ჯგუფი. III რაუნდი. 16 თებერვალი (კვირა)
მადრიდი. ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე
ესპანეთი - საქართველო 15:45 (საქ. დრო)
საქართველო
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, კაპ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.